თბილისში და თბილისის ირგვლივაც საკმაოდ ბევრი კარგი სალაშქრო თუ სასეირნო ბილიკია. ერთ-ერთი მათგანია კუს ტბიდან მთაწმინდის პარკში გადასასვლელი ბილიკი, რომლის სიგრძეც, თუ ნიშნულებს დავუჯერებთ, 5.5 კმ შეადგენს. ბილიკი საკმაოდ მარტივად გავლადია, შეიძლება ვინმესთვის ძალიან მარტივიც არ იყოს, ბილიკის დასაწყისი აღმართზეა სასიარულო :) კუს ტბიდან ადიხართ ქედზე, გადმოხედავთ ზევიდან ტბას და შემდეგ უკვე შედიხართ ტყეში, სადაც უხვადაა სხვადასხვა საინფორმაციო დაფები, ტყის ბინადრებზე, ეკოლოგიაზე, მცენარეებზე რომელიც გვხვდება ამ მიდამოებში და სხვა. ეს ბილიკი ერთ ადგილას იყოფა ორგან, რა თქმა უნდა ნიშნული დგას, ბილიკიდან მარცხნივ გადახვევით მთაწმინდის პარკისკენ წახვალთ, თუ პირდაპირ გააგრძელებთ გზას უძოს მთაზე ამოყოფთ თავს, ასევე შესაძლებელია ბულბულების ჭალაშიც მისვლა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქალაქის ხმაურს მოსაწყვეტად და პიკნიკისთვის (თუ ფეხით სიარული არ გეზარებათ :) )
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი ბილიკი ძირითადად ტყეში მიდის და ადგილ ადგილ პანორამული ხედები იშლება, ასეთ ადგილებში დასასვენებელი ადგილებია მოწყობილი. თან ისვენებთ და თან ქალაქზე და ხევზე ხედებით ტკბებით. ეს ბილიკი მშვენიერია სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად და სავარჯიშოდ.
თუ წახვალთ გაითვალისწინეთ რომ ფეხზე უნდა გეცვათ კომფორტული სპორტული ან მსუბუქი ლაშქრობისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი, თან იქონიეთ მცირეოდენი წყალი, რადგან მთელ მანძილზე წყარო არ შეგხვდებათ არსად.
თუ ჯერ არ ყოფილხართ, აუცილებლად ესტუმრეთ ამ ბილიკს და კმაყოფილები დარჩებით. ჩემდა სამწუხაროდ პირველად ვიყავი ამ ბილიკზე და ძალიან მომეწონა. ბილიკი მარკირებულია, კარგადაა გაკეთებული და დაკარგვის საშიშროება ფაქტიურად ნულის ტოლია, თუ ბილიკიდან არ გადაუხვევთ :)
რამდენიმე ფოტო ბილიკიდან