24 თებერვალს, ლიტერატურის მუზეუმში ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენა გაიხსნა, რომელიც 30 მარტამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, პირადი მიმოწერა, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები, სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები და ნაწარმოებების ილუსტრაციები.
გაზ. "კომუნისტი", 1954 წელი
ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ლეო ქიაჩელის ლიტერატურული მოღვაწეობა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთსა და საქართველოში ფეხს იკიდებს ევროპული დეკადანტურ-მოდერნისტული ესთეტიკა და განწყობები, რაც ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებაში სკეპტიციზმის ელემენტების სიუხვით გამოიხატება და შემდგომ წლებშიც თან სდევს მის ნაწარმოებებს. 1907 წლის 7 მაისს სოციალდემოკრატიულ გაზეთ "ჩვენ აზრში" ლეონ შენგელია, ფსევდენიმით ლ.მიხაძე აქვეყნებს მოთხრობას "წარსული აწმყოში", რომელშიც შენგელიების ოჯახში მიხა შენგელიას საპატიმროდან განთავისუფლების აღსანიშნავი წვეულებაა აღწერილი. მწერლის შემოქმედებითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შვეიცარიაში გატარებული წლები. აქ ლეო ქიაჩელს საშუალება ეძლევა საფუძვლიანად გაეცნოს იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურას. სწორედ შვეიცარიაში ცხოვრებისას ქმნის მწერალი თავის პირველ რეალისტურ რომანს, "ტარიელ გოლუა", რომელიც გაზეთ "სახალხო ფურცელში" 1916 წელს იბეჭდება. 1922 წელს იბეჭდება მოთხრობა "ისკანდერი", 1923 წელს "მე და ჩემი ორი მე" 1925 წელს გამოდის „ალმასგირ კუბულან“. 1927 წელს „თავადის ქალი მაია". 1933 წელს "ჰაკი აძბა" და "დახურული წარმოდგენა", ხოლო 1936-1937 წლებში იბეჭდება „გვადი ბიგვა“, რომელიც 1941 წელს სახელმწიფო პრემიით ჯილდოვდება. 1948 წელს გამოდის მწერლის უკანასკნელი რომანი "მთის კაცი", რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ეხება. მწერალი მეორე მსოფლიო ომის ამბებს მამისა და შვილის ურთიერთობის ფონზე აღწერს. ლეო ქიაჩელი მწერლობის გარდა აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრი ცხოვრებაშიც, იგი იყო გაზეთ ლომისის რედაქტორი და მრავალი ჟურნალ-გაზეთის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.