მარსისთვის განკუთვნილ ამ რაკეტას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს კოსმოსურ მოგზაურობაში

3
NASA-მ 725 000 დოლარით დააფინანსა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალი სარაკეტო სისტემა შეიქმნება 🚀
✦ ახალ რაკეტას შეეძლება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლების გადალახვა, რომელიც მარსისკენ მიმავალ გზაზე დგას: მოგზაურობის ხანგრძლივობა.
Business Insider-ის თანახმად, ამჟამინდელი ტექნოლოგიით, წითელ პლანეტაზე მისვლას და უკან დაბრუნებას თითქმის ორი წელი სჭირდება, ხოლო კოსმოსში ასეთი დიდი დროის გატარება ასტრონავტების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ამ შემთხვევში, მათ მოუწევთ მზისა და კოსმოსური რადიაციის მაღალი დონის ატანა, უწონადობის მავნე ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და ხანგრძლივი იზოლირება.
კოსმოსური რადიაცია კი ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანებისთვის.
NASA-ს ცნობით, ასტრონავტები, რომლებიც სულ რაღაც 6 თვეს ატარებენ კოსმოსში, იღებენ დაახლოებით იგივე რაოდენობის რადიაციას, რასაც მიიღებდნენ რენტგენით გულმკერდის არის 1000-ჯერ გადაღებისას.
ეს კი ზრდის სიმსივნის, ნერვული სისტემის დაზიანების, ძვლების დაშლისა და გულის დაავადების განვითარების შანსებს.
როგორც კომპანია Howe Industries-ის (ახალი სარაკეტო სისტემის შემქმნელი) პრეზიდენტმა, ტროი ჰოვიმ "ბიზნეს ინსაიდერს" განუცხადა, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ან შემცირების საუკეთესო გზა მოგზაურობის ხანგრძლივობის შემცირებაა.
სწორედ ამიტომ, კომპანია შეიმუშავებს რაკეტას, რომელიც მარსზე მხოლოდ 2 თვეში მიგვიყვანს.
⬆️ (JPL/NASA)
✦ PPR (Pulsed Plasma Rocket) გახლავთ მამოძრავებელი სისტემა, რომელიც იყენებს ძალიან გახურებული პლაზმის იმპულსებს მაღალი ბიძგის ძალიან ეფექტურად წარმოქმნის მიზნით.
ამჟამად, პროექტი განვითარების მეორე ფაზაშია და უკვე დააფინანსა NASA-მ.
PPR-ის დიდი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია კოსმოსური ხომალდის ძალიან, ძალიან სწრაფად გადაადგილება.
მას აქვს როგორც მძლავრი ბიძგი, ასევე სპეციფიკური იმპულსი.
სპეციფიკური იმპულსი კი გახლავთ ის, თუ რამდენად სწრაფად წარმოქმნის რაკეტის ძრავა ბიძგს, ხოლო ბიძგი არის ძალა, რომელიც ამოძრავებს კოსმოსურ ხომალდს.
PPR წარმოქმნის 10 000 ნიუტონ ბიძგს 5000 წამის სპეციფიკურ იმპულსზე.
ეს ნიშნავს, რომ PPR-ით აღჭურვილ კოსმოსურ ხომალდს, რომელსაც 4-6 მგზავრი გადაჰყავს, შეუძლია საათში დაახლოებით 160 934 კმ სიჩქარით გადაადგილება.
ტროის თქმით, კომპანიამ ასევე გაითვალისწინა დამატებითი ენერგიისა და საწვავის საჭიროება, რომელიც წითელ პლანეტაზე დასაშვებად იქნება აუცილებელი.
მეორე ფაზის დასრულების შემდეგაც კი, დაახლოებით რამდენიმე ათეული წელი იქნება საჭირო, სანამ PPR მზად იქნება წითელ პლანეტაზე ასტრონავტების მისაყვანად.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალი სარაკეტო სისტემა მზად იქნება კოსმოსური ფრენისთვის, ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გააფართოვებს კოსმოსის შესწავლის დიაპაზონს და შესაძლოა ერთ დღესაც ხელი შეუწყოს მისიას პლუტონზე.
3