მარქსიზმი და ქალთა ჩაგვრა - ლის ვოგელი

1
სამუშაო ძალის კვლავწარმოება
მთარგმნელი - მარიკა ტყეშელაშვილი
მარქსმა, ენგელსმა და მათმა მიმდევრებმა უფრო მეტი წვლილი შეიტანეს ქალთა ჩაგვრის გაანალიზებაში, ვიდრე ამას თანამედროვე ქალთა მოძრაობის მონაწილენი აღიარებენ. ამავდრულად, სოციალისტური ტრადიციის მიდგომა ამ პრობლემებთან არამხოლოდ არასრული, არამედ მეტად ნაკლოვანია. სტაბილური ანალიტიკური ჩარჩოს უქონლობის პირობებში სოციალისტები თეორიულ წინამძღვრად იყენებდნენ სხვადასხვა წყაროდან უსისტემოდ შეკრებილ ცნებებს. ბუნდოვანების ასწლოვანი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ აფერხებს ქალთა საკითხზე მუშაობას, თუმცა მოვლენათა ბოლო დროინდელი განვითარება გვაფიქრებინებს, რომ საკითხის თეორიული და პრაქტიკული გადაჭრის პირობები იქმნება. დღეს ქალები სულ უფრო მეტად არიან ჩართული მსოფლიოს გარშემო მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებაში, და აიძულებენ სოციალისტურ მოძრაობებს სცნონ და გააიოლონ მათი მონაწილეობა. მიუხედავად წინაპირობებისა, სოციალისტ-ფემინისტების ბოლოდროინდელი მიღწევები კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. ისინი ასახავს ახალ ბიძგს საიმისოდ, რომ შესაფერისი თეორიული საფუძველი განვითარდეს სოციალისტური მუშაობისთვის ქალთა პრობლემის მიმართულებით. ბოლო დროინდელი მიღწევები ავსებს სოციალისტური ტრადიციით ნამემკვიდრებ სისუსტეებს.
ობიექტურად რომ ვთქვათ, თანამედროვე ქალთა მოძრაობაში სოციალისტების მიერ დასმული საკითხები და სოციალისტურ მოძრაობაში რევოლუციონერთა მიერ წამოწეული თემები ერთმანეთს ერთვის. საზოგადოების გარდაქმნასთან ქალთა ბრძოლის მიმართება, ერთდროულად თეორიული და პრაქტიკული საკითხი, რევოლუციურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ იჩენს თავს.
მომავალი წინსვლისთვის უპირველესად საჭიროა დავივიწყოთ ის აზრი, რომ ე.წ. ქალთა საკითხი ანალიზისთვის გამოსადეგი კატეგორიაა. მიუხედავად გრძელი ისტორიისა, ცნებას არ აქვს გარკვეული მნიშვნელობა და გამოუსადეგარია, როგორც თეორიული კონცეპტი. მასთან ასოცირებული მრავალი საკითხი, როგორც სოციალისტმა ფემინისტებმა მიუთითეს, მალავს ფუნდამენტური მნიშვნელობის თეორიულ პრობლემას: სამუშაო ძალის კვლავწარმოება საერთო საზოგადოებრივი კვლავწარმოების კონტექსტში.  სოციალისტ თეორეტიკოსებს არასდროს განუხილავთ საკმარისად ამომწურავად ეს პრობლემა, თუმცა კი საჭირო საფუძვლები შეგვიძლია მოვნახოთ საზოგადოებრივი კვლავწარმოების მარქსისეულ ანალიზში, რომელიც მან „კაპიტალში“ მოგვცა.
ამ თავში მოცემული მსჯელობით გთავაზობთ ქალთა ჩაგვრის ფენომენის საზოგადოებრივი კვლავწარმოების ფარგლებში მოთავსებისთვის საჭირო თეორიულ ჩარჩოს. ქალთა საკითხზე შექმნილი თეორიული შრომის სუსტი ტრადიციიდან გამომდინარე გარკვეული განმარტებების გაკეთებაა საჭირო. რა თქმა უნდა, თეორია ქალთა მდგომარეობის სპეციფიკური ანალიზის განვითარებისადმი კრიტიკულია. ნებსით თუ უნებლიეთ, თეორიული კონსტრუქციის ფარგლებში ექცევა ნებისმიერი ემპირიული ფენომენი იმისათვის, რომ მისი ანალიზი გახდეს შესაძლებელი. ამავდროულად, თეორია თავისი არსით მეტად შეზღუდულია. ის წარმოადგენს ცნებათა სტრუქტურას, რომელსაც რეალური საზოგადოების, მისი წარსულისა და მომავლის გაგებისთვის მხოლოდ გზის გაკვალვა ძალუძს. რაც არ უნდა სასიცოცოხლო მნიშვნელობას ჰქონდეს გზის ჩვენებას, თეორიიდან მაინც შეუძლებელია კონკრეტული სტრატეგიის, პროგრამისა და ტაქტიკის მიღება. მისით ვერც  დროისა და საზოგადოებების მიხედვით ქალთა მდგომარეობის ცვალებადობას ვერ გადავჭრით. ამისთვის საჭიროა კონკრეტული ანალიზი და კონკრეტული ისტორიული მდგომარეობის შესწავლა. ამ თავში მოცემული მსჯელობა კი მეტწილად თეორიულია და გამომდინარე აქედან, აბსტრაქტული. აქ არ ვცილოთ ქალთა ჩაგვრის დეტალურ ანალიზს თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების ფარგლებში. ასეთ კვლევას და მისგან გამომდინარე პოლიტიკურ დასკვნებს სხვაგან მოვუნახავთ ადგილს.
ქალთა ჩაგვრის ფენომენი მეტად ინდივიდუალური და სუბიექტური გამოცდილებაა, რომელსაც ხშირად მეტად დახვეწილი ტერმინებით აღწერენ ხოლმე და ხაზს უსვამენ სექსუალობის, პირადი ურთიერთობებისა და იდეოლოგიის პრობლემებს. როგორც მიშელ ბარეტი შენიშნავს, „ქალთა განთავისუფლების მოძრაობამ დიდი აქცენტი დასვა ჩაგვრაზე ქორწინებაში, სექსუალურ ურთიერთობებში, ფემინურობისა და მამაკაცის ბატონობის იდეოლოგიაში. „სექსუალური პოლიტიკის“ ბრძოლის ფრონტად განსაზღვრით ფარდა ახადა პრივატიზებულ ურთიერთობებს. პირადი ცხოვრების პოლიტიზაცია ფემინისტური მოქმედებების მთავარი მიღწევაა, საიდანაც მარქსიზმმაც ბევრი ისწავლა“. მაგრამ ბარეტი აცხადებს, რომ ასეთი ანალიზი არ კმარა, რადგან „უგულებელყოფს პირადი ჩაგვრის კავშირს წარმოებითი ურთიერთობებისა და კლასობრივი სტრუქტურის უფრო ფართო საკითხებთან“. მომდევნო გვერდებს სწორედ ამ უკანასკნელ საკითხს დავუთმობთ, კერძოდ, ქალთა მდგომარეობის ეკონომიკურ ან მატერიალურ მხარეებს. რაც არ უნდა შეზღუდულად ჩანდეს ეს მიდგომა ქალთა ჩაგვრის სრული სურათის დახატვის მსურველის თვალთახედვიდან, აუცილებელია მატერიალური მიზეზების გამორკვევა. ამ მიზეზთა შესწავლა აუცილებელ სათავედ დაედება მომავალ კვლევა-ძიებას. მოკლედ, ამ თავის ათვლის წერტილია საზოგადოებრივი კვლავწარმოების თეორიული პერსპექტივა, საბოლოო მიზანი კი ქალთა ჩაგვრისა და ქალთა გათავისუფლების პირობების ორმაგი პრობლემის გადაჭრაა.
იმისათვის, რომ ქალთა ჩაგვრა საზოგადოებრივი კვლავწარმოებისა და სამუშაო ძალის კვლავწარმოების ფარგლებში მოვათავსოთ, რამდენიმე ცნების განმარტებაა საჭირო, მათ შორის კი უპირველესად თავად სამუშაო ძალის ცნებისა. მარქსის განმარტებით, სამუშაო ძალა ყველა ადამიანში თვლემს: „სამუშაო ძალად, ანუ შრომის უნარად, ჩვენ ვგულისხმობთ იმ ფიზიკურ და სულიერ უნართა ერთობლიობას, რაც ადამიანის სხეულში, მის ცოცხალ პიროვნებაში არსებობს, და რაც ადამიანს მოძრაობაში მოჰყავს ყოველთვის, როცა რაიმე სახეობის სახმარ ღირებულებას აწარმოებს[1]“. სახმარი ღირებულება არის ის ნივთი, „რომელიც თავისი თვისებით ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს[2]“. სახმარი ღირებულება და შრომა, რომელიც მის წარმოებას შეიძლება მოხმარდეს, ყველა საზოგადოებაში არსებობს, თუმცა ის სხვადასხვა სოციალურ ფორმას იღებს. „შრომა, როგორც სახმარი ღირებულების შემქმნელი, როგორც სასარგებლო შრომა, ადამიანის არსებობის პირობას შეადგენს ყოველგვარი საზოგადოებრივი ფორმისაგან დამოუკიდებლად[3]“. სამუშაო ძალა, რომელიც უბრალოდ სასარგებლო შრომის უნარია, შესაბამისად, ასევე „დამოუკიდებელია ამ ცხოვრების ამა თუ იმ ფორმისგან, პირიქით, საერთოა მისი ყველა საზოგადოებრივი ფორმისთვის[4]“.
სამუშაო ძალა ადამიანის მთვლემარე უნარია. მისი შესაძლებლობები მაშინ რეალიზდება, როცა სამუშაო ძალა გამოიყენება — იხარჯება — შრომის პროცესში. როცა სამუშაო პროცესში შედის, სამუშაო ძალის მატარებელი შრომობს, რადგან „სამუშაო ძალის მოხმარება თვით შრომაა[5]“. სამუშაო ძალა, მაშასადამე, უნდა გაიმიჯნოს მისი მატარებლის ფიზიკური და სოციალური არსებობისგან.
სამუშაო პროცესი არ არსებობს განცალკევებულად. ის წარმოების განსაზღვრული წესის ნაწილია. გარდა ამისა, ნებისმიერი წარმოება, ამავდროულად, კვლავწარმოებაცაა. „როგორც მოხმარების შეწყვეტა არ შეუძლია საზოგადოებას, ასევე არ შეუძლია მას წარმოების შეწყვეტა. ამიტომ ყოველი საზოგადოებრივი წარმოების პროცესი, განხილული მუდმივ კავშირში და მისი განახლების განუწყვეტელ დინებაში, არის იმავე დროს კვლავწარმოების პროცესი[6]“. საზოგადოებრივი კვლავწარმოება, მოიცავს წარმოების პირობების კვლავწარმოებას. მაგალითად, ფეოდალურ საზოგადოებაში, „მობეგრე-გლეხის პროდუქტი საკმარისი უნდა იყოს გარდა მისი არსებობის უზრუნველყოფისა მისი შრომის პირობების ასანაზღაურებლად“. ეს „ისეთი გარემოებაა, რომელიც წარმოების ყველა წესისათვის საერთო რჩება, რადგან ეს არაა შედეგი არ უკანასკნელთა სპეციფიკური ფორმისა, არამედ ბუნებრივი პირობაა ყოველი განუწყვეტელი და კვლავმწარმოებელი შრომისა საერთოდ, პირობა ყოველი ხანგრძლივი წარმოებისა, რომელიც მუდამ იმავდროულად კვლავწარმოებაცაა, მაშასადამე, კვლავწარმოება თავისივე საკუთარი მოქმედების პირობებისაც[7]“. საზოგადოებრივი კვლავწარმოება მოითხოვს, რომ სამუშაო ძალის მარაგი ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი, რათა აამოქმედოს სამუშაო პროცესი.
თუმცა სამუშაო ძალის მატარებლები მოკვდავნი არიან. მშრომელების ძალა იშრიტება. ზოგი ზედმეტად ახალგაზრდაა სამუშაოში ჩასართველად, ზოგიც კი ზედმეტად ასაკოვანი. საბოლოოდ ყველა ინდივიდი კვდება. სამუშაო ძალის მატარებლის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის დაუსრულებელი საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესი, მაშასადამე, საზოგადოებრივი კვლავწარმოების პირობაა ისევე, როგორც გარდაცვლილი ან აქტიურ სამუშაო პროცესს ჩამოშორეული მშრომელის ჩანაცვლება. შენარჩუნებისა და ჩანაცვლების ეს პროცესები, არც თუ პედანტურად რომ ითქვას, ერთიანდება ხოლმე სამუშაო ძალის კვლავწარმოების ცნების ქვეშ[8].
მიუხედავად ტერმინებს  — წარმოება და კვლავწარმოება — შორის არსებული ლინგვისტური მსგავსებებისა, თეორიული თვალთახედვით ერთმანეთს არ ჰგავს, ერთი მხრივ, სამუშაო ძალის კვლავწარმოების შემადგენელი, და, მეორე მხრივ, საზოგადოების წარმოების შემადგენელი პროცესები. სამუშაო ძალის კვლავწარმოება წარმოების პირობაა, რადგან მისით ხდება წარმოებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის განახლება ან ჩანაცვლება. თუმცა სამუშაო ძალის კვლავწარმოება თავისთავად წარმოების ფორმა არ გახლავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად არ გულისხმობს ნედლი მასალისა და წარმოების საშუალებათა განსაზღვრულ კომბინაციას სამუშაო პროცესში, რომლის შედეგიც სამუშაო ძალა, როგორც ნაწარმი, იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სამუშაო ძალის კვლავწარმოება ოჯახური მეურნეობის ფარგლებში მიმდინარე წარმოებაა, სინამდვილეში ეს უკანასკნელი სამუშაო ძალის მატარებელთა განახლების მხოლოდ ერთი შესაძლო ფორმათაგანია. შრომითი ბანაკები ან საერთო საცხოვრებლებიც ისევე გამოდგება მშრომელთა შენარჩუნებისთვის, ხოლო სამუშაო ძალა შეიძლება შეივსოს მიგრანტებით ან მონებით, ისევე როგორც მომდევნო თაობის მშრომელებით.
სამუშაო ძალის კვლავწარმოების განსამარტად მარქსმა ინდივიდუალური მოხმარების  ცნება შემოიტანა. ინდივიდუალური მოხმარება გულისხმობს საარსებო საშუალების მოხმარებას მისი მწარმოებელი ინდივიდის მიერ. მარქსი ხაზს უსვამს განსხვავებას ინდივიდუალურ მოხმარებასა და საზოგადოებრივი შრომის პროცესში არსებულ მწარმოებლურ მოხმარებას შორის.  „ეს მწარმოებლური მოხმარება იმით განსხვავდება ინდივიდუალური მოხმარებისგან, რომ უკანასკნელის დროს პროდუქტები მოიხმარება, როგორც ცოცხალი ინდივიდის საარსებო საშუალებანი, ხოლო პირველის დროს, — როგორც საარსებო საშუალებანი შრომისა, ინდივიდის მოქმედი სამუშაო ძალისა. ამიტომ ინდივიდუალური მოხმარების პროდუქტი თვით მომხმარებელია, ხოლო მწარმოებლური მოხმარების შედეგი — მომხმარებლისგან განსხვავებული პროდუქტი“.
როგორც აქ არის ნაჩვენები, ინდივიდუალური მოხმარების ცნება არსებითად გულისხმობს იმ ყოველდღიურ პროცესებს, რომლებიც მწარმოებლის ძალების აღდგენას ემსახურება იმ მიზნით, რომ მან შეძლოს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. ე.ი ის არ გულისხმობს არსებულ მშრომელთა ჩანაცვლებას, არც არამშრომელ ინდივიდთა შენარჩუნებას, ისეთების როგორებიც არიან ასაკოვნები და ავადმყოფები. ინდივიდუალური მოხმარება ასევე არ მიემართება სამუშაო ძალაში ახალი მშრომელების  — მაგალითად მიგრანტების ან მონების — რეკრუტირებას. ინდივიდუალური მოხმარება მხოლოდ და მხოლოდ წარმოების პროცესში უკვე ჩართული უშუალო მწარმოებლის შენარჩუნებას გულისხმობს. ის აძლევს მშრომელს საშუალებას, რომ კვლავ და კვლავ ჩაერთოს წარმოების პროცესში[9].
ამრიგად, ინდივიდუალური მოხმარების ცნება ნიშნავს სამუშაო ძალის კვლავწარმოებას უშუალოდ წარმოების პროცესის დონეზე. მთლიანი საზოგადოებრივი კვლავწარმოების დონეზე კი არა ინდივიდუალური პირდაპირი მწარმოებელი, არამედ მშრომელთა მთლიანობის შენარჩუნება და ჩანაცვლება იგულისხმება[10]. ცხადია სამუშაო ძალის ასეთი განახლება სხვადასხვა გზით ხდება ხოლმე. მაგალითად, უტრირებულად რომ ითქვას, არსებული მშრომელების მთელი წყება იმუშავებს მანამ, სანამ არ დაიხოცება და შემდეგ ჩანაცვლდება სრულიად ახალი წყებით. ან უფრო რეალური სურათის მიხედვით, არსებული სამუშო ძალა ახლდება როგორც ახალი თაობის მშრომელთა სამუშაო ძალით, ისე უბრალოდ სხვა მშრომელებით. მშრომელთა შვილები იზრდებიან და სამუშაო ძალის სფეროში შეაბიჯებენ. საზოგადოების ფარგლებს გარედან კი მიგრანტები და მონები ავსებენ სამუშაო ძალას. მარქსმა ამ საკითხების მოკლედ განხილვისას მოსახლეობის კანონებზე ისაუბრა. „ყოველ განსაკუთრებულ ისტორიულ წესს სინამდვილეში აქვს თავისი განსაკუთრებული, ისტორიული ხასიათის კანონი მოსახლეობისა. მოსახლეობის აბსტრაქტული კანონი მხოლოდ მცენარეთა და ცხოველთათვის არსებობს, ვიდრე ამ სფეროში ადამიანი ისტორიულად არ ჩაერევა“[11]. გარდა ამისა, ამჟამინდელი მშრომელებისგან ყველა არ იმუშავებს წარმოების მომდევნო პერიოდში. ზოგი ავად გახდება, ზოგი უნარიანობას დაკარგავს, ზოგი კი მოხუცდება. მშრომელთა ნაწილი უბრალოდ გამოირიცხება სამუშაოდან, როგორც იმ შემთხვევებში, მაგალითად, როცა ძალაში შედის დამცავი კანონმდებლობა და იკრძალება ბავშვთა შრომა ან ღამით ქალთა მუშაობა. რომ შევაჯამოთ, მთელი საზოგადოების კვლავწარმოების დონეზე სამუშაო ძალის კვლავწარმოება საერთოდ არ გულისხმობს მოსახლეობის მცირე ერთეულის კვლავწარმოებას.
ამ დრომდე ჩვენი მსჯელობა არ მოითხოვდა უშუალო მწარმოებლის გენდერის განსაზღვრას. თეორიულად ჯერ არ აქვს მნიშვნელობა, ის ქალია თუ კაცი, მთავარია შეეძლოს სამუშაო ძალის შემადგენლობაში ყოფნა. გენდერის საკითხი დგება მაშინ, როცა ვსაუბრობთ სამუშაო ძალის მატარებელთა ჩანაცვლებაზე მომდევნო თაობით. აქ შემოდის ბიოლოგიური კვლავწარმოების საკითხი და უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანები პართენოგენეზისით არ იკვლავწარმობიან. ქალი და კაცი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ქალსა და კაცს შორის ბიოლოგიური განსხვავების თეორიული მნიშვნელობა მთელი საზოგადოებრივი კვლავწარმოების დონეზე დგება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის კვლავწარმოება მთელი საზოგადოებრივი კვლავწარმოების დონეზე აუცილებლობით თაობების მონაცვლეობას არ ნიშნავს, თეორიულად სწორედ აქ უნდა მივუჩინოთ ამ საკითხს ადგილი.
სანამ მსჯელობას გავაგრძელებთ, უნდა მივუთითოთ ერთ არასწორ პოპულარულ ანალიტიკურ შეხედულებაზე. ხალხი ჩვეულებრივ თაობათა შორის ცვლას ინდივიდუალიზებულ ნათესაობაზე დაფუძნებულ კონტექსტში გამოსცდის ხოლმე და სამუშაო ძალის კვლავწარმოების თეორიის განვითარების მცდელობები ხშირად ოჯახურ ერთობას, ოჯახურ მეურნეობას იღებს ათვლის წერტილად. ეს კი, თუმცა გასაგებია, თეორიულად საკმაოდ დიდ გაუგებრობებს უდებს სათავეს. როგორც საზოგადოდ მიღებულია, ოჯახი არის ნათესაობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მშრომელის ყოველდღიური შენარჩუნებისთვის საჭირო პროცესები — მისი ინდივიდუალური მოხმარება. ოჯახია ასევე ის ადგილი, სადაც ბავშვი იბადება და იზრდება, და ოჯახი იმ ინდივიდებსაც მოიცავს, რომლებიც არ არის ჩართულნი სამუშაო ძალაში. უმრავლეს საზოგადოებაში ოჯახი მოქმედი და პოტენციური მშრომელის შენარჩუნებისა და ახალი თაობის მშრომელით ჩანაცვლების სივრცეა[12].  თუმცაღა ოჯახი არაა ის ერთადერთი სივრცე, სადაც მშრომელი ყოველდღიურად აახლებს საკუთარ თავს. სამხრეთ აფრიკაში, მაგალითად, ბევრი მშრომელი ცხოვრობს სამუშაოსთან ახლოს მდებარე ბარაკებში და მოშორებით მცხოვრები ოჯახის მონახულების უფლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ ეძლევა. გარდა ამისა, არც ბავშვები წარმოადგენენ ოჯახების ერთადერთ კონტრიბუციას საზოგადოებრივი სამუშაო ძალის ჩანაცვლების საქმეში. ოჯახის სხვა წევრებიც ერთვებიან ხოლმე სამუშაო ძალაში, მაგალითად, მოსავლის აღების ან ეკონომიკური კრიზისების დროს. დაბოლოს, ასეთი განახლების ერთადერთ წყაროს არ წარმოადგენს ოჯახები. სამუშაო ძალის განახლების სხვა გზები, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს უცხო ქვეყნის მოსახლეობის მიგრაციას ან დამონებას. ეს დაკვირვებები აჩვენებს, რომ სამუშაო ძალის შენარჩუნების საშუალებად მხოლოდ ოჯახის წარმოჩენა უშუალო მოხმარების დონეზე მისი როლის გადაჭარბებულად შეფასებას ნიშნავს. ამავდროულად ეს პრაქტიკა მთელი საზოგადოებრივი კვლავწარმოების ფეტიშიზაციას ახდენს საზოგადოების სამუშაო ძალის განახლების ერთადერთ წყაროდ ახალი თაობით ძველის ჩანაცვლების წარმოჩენით.
ნებისმიერ შემთხვევაში, თეორიული თვალსაზრისით, ჯერ ნაადრევია სამუშაო ძალის კვლავწარმოების რომელიმე კონკრეტული საზოგადოებრივი სივრცე, მაგალითად, ოჯახი, შემოვიტანოთ მსჯელობის ამ საფეხურზე. მაგრამ ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით ქალსა და კაცს შორის არსებული ბიოლოგიური განსხვავების თაობაზე ორი რამ მაინც უნდა შევნიშნოთ. ბიოლოგიური განსხვავება გენდერული განსხვავებების სოციალური კონსტრუქტის მატერიალურ წინაპირობას შეადგენს ისევე, როგორც საზოგადოებაში სქესების განსხვავებული პოზიციის მატერიალურ მიზეზს[13]. მეორე, სქესობრივი განსხვავებები არ უნდა იყოს განხილული განსაზღვრული საზოგადოებრივი წყობისგან დამოუკიდებლად. ამ ეტაპზე სამუშაო ძალის კვლავწარმოების პროცესისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ სხვა არაფრის თქმა არ არის საჭირო. აქამდე სამუშაო ძალის კვლავწარმოების საკითხთან დაკავშირებულ ცნებებზე წარმოების კონკრეტულ წესთან მიმართების გარეშე ვმსჯელობდით. შესაბამისად, მსჯელობას ჰქონდა აბსტრაქციის მაღალი ხარისხი — ან, როგორც მარქსი იტყოდა, შრომის პროცესი განვიხილეთ „ყოველივე საზოგადოებრივი ფორმისაგან დამოუკიდებლად“[14]. ახლა კი განვიხილოთ სამუშაო ძალის კვლავწარმოება კლასობრივ საზოგადოებაში.
ზედმეტი შრომის მითვისება, ანუ ექსპლუატაცია, კლასობრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. კლასობრივ საზოგადოებაში მმართველი კლასი ითვისებს უშუალო მწარმოებელთაგან შემდგარი ექსპლუატირებული კლასის ზედმეტ შრომას. მარქსი ასე აჯამებს კლასობრივი საზოგადოების არსს:
„ის სპეციფიკური ეკონომიური ფორმა, რომლითაც უშუალო მწარმოებელთაგან გადაუხდელი ზედმეტი შრომის გამოწოვა ხდება, განსაზღვრავს ბატონობისა და დამონების ურთიერთობას, როგორადაც ეს უკანასკნელი უშუალოდ თვით წარმოებიდან აღმოცენდება და თავის მხრივ ამ წარმოებაზე განმსაზღვრელ უკუგავლენას ახდენს. მაგრამ ამაზეა დაფუძნებული მთელი სტრუქტურა ეკონომიური საზოგადოებისა, რომელიც თვით წარმოებითი ურთიერთობიდან წარმოიშვება; ამაზევეა დამყარებული მისი სპეციფიკური პოლიტიკური წყობა. წარმოების პირობების მესაკუთრეთა უშუალო დამოკიდებულება უშუალო მწარმოებლებთან — დამოკიდებულება, რომლის ყოველი მოცემული ფორმა ყოველთვის ბუნებივად შრომის წესის განვითარების განსაზღვრულ საფეხურს და, მაშასადამე, მის საზოგადოებრივ მწარმოებლურ ძალას შეესაბამება, — აი ის, რაშიაც ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ მთელი საზოგადოებრივი წყობილების და, მაშასადამე, სუვერენიტეტისა და დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმის, მოკლედ, ყოველი მოცემული სპეციფიკური სახელმწიფოებრივი ფორმის შინაგან საიდუმლოებას, მის ფარულ საფუძველს[15]“.
 კლასობრივ საზოგადოებაში, სამუშაო ძალის ცნება კონკრეტულ კლასობრივ მნიშვნელობას იძენს. სამუშაო ძალა ნიშნავს უშუალო მწარმოებელთა კლასის წევრის უნარს, შეასრულოს ზედმეტი შრომა, რომელსაც ისაკუთრებს მმართველი კლასი. სხვა სიტყვებით, სამუშაო ძალის მატარებლები შეადგენენ ექსპლუატირებულ კლასს. კლასობრივ საზოგადოებაში სამუშაო ძალის კვლავწარმოება, მკაცრი განსაზღვრებით, გულისხმობს ექსპლუატაციას დაქვემდებარებული, სამუშაო ძალის მატარებელთა კლასის შენარჩუნებასა და განახლებას. მართალია, კლასობრივ საზოგადოებაში ისეთი პროცესებიც ვითარდება, რომლებიც მმართველი კლასის ინდივიდთა შენარჩუნებასა და ჩანაცვლებას ემსახურება, მაგრამ ეს არ უნდა იქნას განხილული როგორც საზოგადოებაში სამუშაო ძალის კვლავწარმოების პროცესი. კლასობრივ საზოგადოებაში სამუშაო ძალის მატარებელნი მხოლოდ უშუალო მწარმოებელთა კლასის წევრები არიან.
 მარქსი ერთმანეთს უპირისპირებს კლასობრივ საზოგადოებაში უშუალო მწარმოებელთა მიერ შესრულებულ ზედმეტ შრომას მათ აუცილებელ შრომას და ორივე სახის შრომას განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რა დროს ხარჯავს მასზე ერთი მწარმოებელი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. აუცილებელი შრომა სამუშაო დღის იმ ნაწილს შეადგენს, რომლითაც მწარმოებელი საკუთარი თავის კვლავწარმოებას ახდენს. დღიური სამუშაოს დანარჩენი ნაწილი კი არის ზედმეტი შრომა, რომელსაც ექსპლუატატორი კლასი ითვისებს. სინამდვილეში, უშუალო მწარმოებლის შრომის ერთი ნაწილი ეძღვნება ექსპლუატირებული კლასის სხვა წევრების კვლავწარმოების უზრუნველყოფასაც. სადაც,   მაგალითად, ბავშვები, მოხუცები, ან ცოლი არ წარმოადგენს ზედმეტი შრომის უშუალო მწარმოებელს, სამუშაო დროის გარკვეული ნაწილი მათი შენარჩუნებისთვისაც იხარჯება. მარქსს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას გულისხმობს ინდივიდუალური მოხმარებისა და აუცილებელი შრომის ცნებები. როგორც ზემოთ ითქვა, ინდივიდუალური მოხმარება უშუალო მწარმოებლის უშუალო შენარჩუნებით შემოიფარგლება. მაგრამ რეალურად აუცილებელი შრომა გულისხმობს იმ შრომას, რომელიც არა მხოლოდ უშუალო მწარმოებლის, არამედ დაქვემდებარებული კლასის სხვა წევრების შენარჩუნებასა და განახლებასაც ემსახურება.
აუცილებელი შრომა შედგება რამდენიმე ელემენტისგან. უპირველესად, ის უშუალო მწარმოებელს ინდივიდუალური მოხმარებისთვის გარკვეული საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფს. ფეოდალურ საზოგადოებაში, მაგალითად, სრული პროდუქტის გარკვეულ ნაწილს თავისთვის ინახავდნენ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში ხელფასი იძლევა ბაზარზე საქონლის შეძენის საშუალებას. უმრავლეს შემთხვევაში, ასე შეძენილი არსებობის ნედლი საშუალებები მშრომელის შენარჩუნებისთვის არ არის საკმარისი. გარკვეული სამუშაო უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ეს ნედლი საარსებო საშუალებები მოხმარებისთვის გამოსადეგი შეიქნას: შეშა უნდა დაიჩეხოს, საჭმელი უნდა მომზადდეს, ბაღს უნდა მოევლოს, ტანსაცმელი დაიკემსოს და ა.შ. ამ სამუშაოებთან ერთად კიდევ ორი სახის სამუშაო პროცესი შეგვიძლია გამოვყოთ. აუცილებელი სამუშაოს გარკვეული ნაწილი საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფს ექსპლუატირებული კლასის იმ წევრებს, რომლებიც მოცემულ დროს თავად არ არიან უშუალო მწარმოებელნი — მოხუცები, ავადმყოფები, ცოლი. სამუშაო ძალის ახალი თაობით ჩანაცვლებასთან დაკავშირებული შრომითი პროცესის მნიშვნელოვანი წყებაც უნდა აღინიშნოს — დაქვემდებარებული კლასის ბავშვთა გაჩენა და აღზრდა. როგორც ზემოთ ითქვა, აუცილებელი შრომის ამ სხვადასხვა მხარეს, თეორიული თვალსაზრისით, გააჩნია გარკვეული ავტონომიურობა. ერთად ისინი სამუშაო ძალის კვლავწარმოების, და მაშასადამე, საერთო საზოგადოებრივი კვლავწარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ აუცილებელი შრომის ცნება მხოლოდ ექსპლუატირებული კლასის სამუშაო ძალის კვლავწარმოებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს მიემართება. მმართველი კლასის წევრებიც საჭიროებენ ყოველდღიურ შენარჩუნებას და ახალი თაობით ჩანაცვლებას. მაგრამ ამასთან დაკავშირებული მოქმედებები მარქსის გაგებით არ წარმოადგენს აუცილებელ შრომას, რადგან ისინი არ ემსახურება ექსპლუატირებადი სამუშაო ძალის განახლებას.
მოცემულ კლასობრივ საზოგადოებაში სამუშაო ძალის კვლავწარმოების პროცესების პირობები და შედეგები არსებითად განუსაზღვრელი და შემთხვევითია. საკითხის სხვაგვარი გაგება ფუნქციონალისტურ არგუმენტთან დაგვაახლოვებს, რომლის მიხედვითაც, სამუშაო ძალისადმი სისტემის მოთხოვნილება გარდაუვლად უნდა დაკმაყოფილდეს სისტემის მუშაობით. ის სოციალური ურთიერთობები, რომლებითაც აუცილებელი შრომა ხორციელდება, შეუძლებელია კონკრეტული ისტორიული მოცემულობისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს. კონკრეტულად ოჯახი, როგორც არ უნდა განვმარტოთ იგი, არ არის ადამიანთა საზოგადოებაში დაუსაბამოდ არსებული უნივერსალური ფენომენი. როგორც ყოველი საზოგადოებრივი სტრუქტურის შემთხვევაში, ასევე ნათესაობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმაც დამოკიდებულია საზოგადოებრივ განვითარებაზე და პოტენციურად ბრძოლის ველს წარმოადგენს[16].
მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკურად ერთმანეთისგან განსხვავდებიან, აუცილებელი შრომასა და ზედმეტ შრომას შორის გავლებული საზღვრები შეიძლება წაიშალოს რეალურ ცხოვრებაში კონკრეტული შრომის პროცესში. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი. ფეოდალურ საზოგადოებაში, სადაც მობეგრე გლეხი ბატონს უნაწილებს პროდუქტს, აუცილებელი შრომა და ზედმეტი შრომა ურთიერთგანურჩეველია. შრომამიგებითი რენტის შემთხვევაში, სადაც მობეგრე გლეხი ბატონის მიწაზე ცალკე მუშაობს და თავისაზე ცალკე, ცხადად ივლება სივრცითი და დროითი სადემარკაციო ხაზები ზედმეტ შრომასა და აუცილებელ შრომას შორის. კაპიტალისტურ საზოგადოებებში კი აუცილებელი შრომის ორ კომპონენტს განვასხვავებთ, ერთი, რომელიც ზედმეტ შრომასთან ერთად ხორციელდება, მეორე კი განცალკევებით, იმ სივრცეში, სადაც არ ხდება ზედმეტი შრომის მითვისება.
[1] მარქსი, კაპიტალი, ტომი I, გვ. 214, 1954, საქართველოს სსრ გამომცემლობა
[2] იქვე, გვ. 49.
[3] იქვე, გვ. 59.
[4] იქვე, გვ. 236.
[5] იქვე, გვ. 227.
[6] იქვე, გვ. 713.
[7] კაპიტალი, ტომი III, ნაწ. II, 409-10. 1959, საქართველოს სსრ გამომცემლობა
[8] სამუშაო ძალის კვლავწარმოების ცნებას კიდევ მრავალი სხვადასხვა გზით იყენებენ. ზოგჯერ მისით აღინიშნება უნარების განვითარებასა და იდეოლოგიური ჰეგემონიის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პროცესები. მაგალითად, საგანმანათლებლო სისტემა კაპიტალისტურ საზოგადოებაში უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ კვლავწარმოებაში და სამუშაო ძალის კვლავწარმოებაში მისი როლი ბევრჯერ ყოფილა გაანალიზებული. ტერმინის კიდევ ერთი გაგება მიემართება საარსებო საშუალებების წარმოებასა და განაწილებაში ჩართულ შრომას. მაგალითად, მიუთითებენ ხოლმე იმას, რომ რესტორნისა და ტექსტილის ფაბრიკის მშრომელები მონაწილეობას იღებენ სამუშაო ძალის კვლავწარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის კვლავწრმოების ასეთი გაგებები მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, ისინი უგულებელყოფს ეკონომიკაში საზოგადოებრივად ორგანიზებული შრომის სპეციფიკურ ხასიათს სხვა სახის შრომისგან განსხვავებით.
[9] მარქსი ინდივიდუალური მოხმარების ცნების განხილვისას არ იჩენს თანმიმდევრულობას. ცნებას ზოგჯერ პირდაპირი მწარმოებლის ყოველდღიური შენარჩუნებით შემოფარგლავს, ზოგან კი ისეთ ფორმულირებას იძლევს, რომელიც მშრომელისა და მისი ოჯახის შენარჩუნებასა და განახლებასაც მოიცავს. სოციალისტმა ფემინისტებმა მიუთითეს ამ არათანმიმდევრულობაზე. პრობლემის სირთულეს მხოლოდ ფორმულირებები კი არ ქმნის, არამედ სახელფასო შრომის სიღრმისეული ანალიზის არქონა, რომელიც საზოგადოებრივ კვლავწარმოებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს. მარქსს რომ შეძლებოდა თავისი თავდაპირველი გეგმის შესწრულება, რომლის მიხედვითაც სახელფასო შრომას „კაპიტალის“ ცალკე ტომი უნდა მიძღვნოდა, ზოგიერთი საკითხი მაინც დაზუსტდებოდა.
[11] მარქსი, კაპიტალი, ტომი III, ნაწ. II, 796.
[12] ტერმინ ოჯახის აღიარებული მნიშვნელობის შესახებ მსჯელობისთვის იხ. Rapp 1978.
[13] სქესობრივი განსხვავებების სოციალური კონსტრუირების შესახებ იხ: Barrett 1980, გვ. 74-7; Benería
1979; Brown 1978; Edholm, Harris and Young 1977; Molyneux 1977. ამ ლიტერატურის კრიტიკისთვის იხ.
Sayers 1982
[14] მარქსი, კაპიტალი, ტომი I, გვ. 227
[15] მარქსი, კაპიტალი, ტომი III, ნაწილი II, გვ. 411
[16] O’Laughlin 1977, გვ. 6–7; Rapp 1979, გვ. 319, 321–2; Vogel 1978. სოციალისტური ფემინიზმის თეორიაში ფუნქციონალიზმის შესახებ დისკუსიისთვის იხ.  Barrett 1980, გვ. 93–6, და Sayers 1982, გვ. 202.
1