მარქსიზმი და ქალთა ჩაგვრა - ლის ვოგელი

1
სამუშაო ძალის კვლავწარმოება - ნაწილი 2
მთარგმნელი - მარიკა ტყეშელაშვილი
ბოლოს განვიხილოთ მონობის სისტემის ისეთი ჰიპოთეტური მაგალითი, რომლის დროსაც მშრომელები საზოგადოების ფარგლებს გარედან შემოჰყავთ და ამუშავებენ სიკვდილამდე. ასეთ შემთხვევაში, თაობით სამუშაო ძალის განახლება შეუძლებელია და აუცილებელი შრომაც თითქმის ნულამდე დადის.
აუცილებელი შრომის სამი ასპექტიდან — უშუალო მწარმოებლის შენარჩუნება, დაქვემდებარებული კლასის არამშრომელი წევრების შენარჩუნება და თაობათა ცვლის პროცესი — მხოლოდ ბოლო მოითხოვს, აბსოლუტური გაგებით, შრომის სქესობრივ დანაწილებას, თუნდაც მინიმალურად. ბავშვს ქალი ატარებს მუცლით და ქალი აჩენს. შესაბამისად, დაქვემდებარებული კლასის ქალებს აქვთ განსაკუთრებული როლი სამუშაო ძალის ახალი თაობით განახლებაში. ისინი შეიძლება იყვნენ უშუალო მწარმოებლებიც, მაგრამ სამუშაო ძალის კვლავწარმოებაში მათი განსაკუთრებული როლი არის კლასობრივ საზოგადოებაში მათი ჩაგვრის საფუძველი. ეს განმასხვავებელი როლი თეორიული ცნებებით შეგვიძლია განვმარტოთ. ქვემოთ გთავაზობთ ქალთა ჩაგვრის ანალიზის ასეთ თეორიულ ჩარჩოს, რომელიც პირველად პადი კვიკმა დაამუშავა[1].
კლასობრივ საზოგადოებაში ქალის ჩაგვრის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ბავშვის გაჩენასა და ზედმეტი შრომის მითვისებას შორის ურთიერთმიმართება. ორსულობა და შობა დაქვემდებარებული კლასის ქალის, როგორც უშუალო მწარმოებლისა და როგორც აუცილებელი შრომის მონაწილის როლს უქმნის საფრთხეს. ორსულობა და ლაქტაცია, ერთად აღებული, შრომისუნარიანობის მინიმუმ რამდენიმე თვით შემცირებას გულისხმობს. მაშინაც კი, როცა ქალი მაინც აგრძელებს ზედმეტ შრომაში მონაწილეობას, ბავშვის გაჩენა მაინც აფერხებს მისი ზედმეტი შრომის მითვისებას. გარდა ამისა, მისი შრომა როგორც წესი სამუშაო ძალის შენარჩუნებას ემსახურება ხოლმე, ხოლო ორსულობა და ლაქტაცია ამ მიმართულებითაც ამცირებს ქალის კონტრიბუციას. მმართველი კლასის ვიწრო თვალთახედვით, ბავშვის გაჩენა პოტენციურად გულისხმობს დედის შრომისუნარიანობის დაქვეითებას და დაქვეითებული შრომისუნარიანობის დროს მისი არსებობის შენარჩუნებას საარსებო საშუალებებით, რაც გარკვეული ფასი ჯდება. აუცილებელი შრომის ნაწილი, რომელიც მას უზრუნველყოფს შრომისუუნარობის დროს, სხვა შემთხვევაში მმართველი კლასის მიერ მითვისებული ზედმეტი შრომის ნაწილის ფორმას მიიღებდა. ე.ი აუცილებელი შრომა უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ ბავშვის ტარების პერიოდში ქალი შეინარჩუნოს, რაც შესაბამისად ამცირებს ზედმეტ შრომას. ამავდროულად ბავშვის გაჩენა მმართველ კლასს სარგებელს აძლევს სამუშაო ძალის ახალი თაობით ჩანაცვლების გაგებით. გაბატონებული კლასის თვალთახედვით პოტენციური წინააღმდეგობა არსებობს ზედმეტი შრომის მითვისების მოთხოვნილებასა და მშრომელთა კლასის განახლების გრძელვადიან სარგებელს შორის.
წინა აბზაცში მოცემული მსჯელობა აანალიზებს ზედმეტი შრომის მითვისების პროცესებში ემპირიული ფენომენის — ქალების უნარი, გააჩინონ ბავშვები — პოტენციურ შედეგებს. მსჯელობა თეორიულია და ავლენს წინააღმდეგობას. წინააღმდეგობის შემცირებისთვის რეალურ საზოგადოებაში დომინანტური კლასი ირჩევს ისეთ სტრატეგიებს, რომლებსაც აუცილებელი შრომა დაჰყავს მინიმუმამდე გრძელვადიან პერიოდში და ამავდროულად უზრუნველყოფს სამუშაო ძალის კვლავწარმოებას. რამდენად ახერხებს თავისი სტრატეგიებისთვის ხორცის შესხმას, ეს ცხადია, კლასობრივ ბრძოლაზეა დამოკიდებული.
ამ წინააღმდეგობის ისტორიული გადაჭრის ერთი ელემენტის სახით, სამუშაო ძალის კვლავწარმოების საკითხი, როგორც წესი, ქალსა და კაცს შორის სექსუალობასა და ნათესაობაზე დაფუძნებული ურთიერთობიდან იღებს სარგებელს. ისტორიულად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქალი ბავშვის გაჩენიდან გამომდინარე შრომისუნარიანობის შეზღუდვის პერიოდში უზრუნველყოფილი ყოფილიყო საარსებო საშუალებებით, იღებდნენ სხვები, ბიოლოგიური მამა ან მისი რომელიმე ნათესავი, ან თავად ქალის მამაკაცი ნათესავი. შესაბამისად, დაქვემდებარებული კლასის კაცს განსაკუთრებული ისტორიული როლი ეკისრებოდა სამუშაო ძალის ახალი თაობით განახლების საქმეში.
სამუშაო ძალის კვლავწარმოებაში ქალისა და კაცის განსხვავებული როლები თავისი არსით დროში შეზღუდულია. ეს განსხვავება აქტუალური ხდება მხოლოდ ქალის ფეხმძიმობის და ჩვილზე ზრუნვის დროს. ეს როლები ისტორიულად კონკრეტულ ფორმას იძენს იმ სხვადასხვა სოციალურ სტრუქტურაში, რომელსაც ოჯახს ვუწოდებთ. თეორიულად, დაქვემდებარებულ კლასებში ოჯახები შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც ნათესაობაზე დაფუძნებული სოციალური ერთეულები, რომელშიც კაცებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საარსებო საშუალებებით მოამარაგონ  ფეხმძიმე ქალი მისი შეზღუდული შრომისუნარიანობის დროს. ოჯახები, როგორც კონკრეტული კლასობრივი საზოგადოებების ინსტიტუციური სტრუქტურები, ჩვეულებრივ, აუცილებელი შრომის შენარჩუნებასა და ახალი თაობით ჩანაცვლებასთან დაკავშირებული პროცესების მთავარი ასპარეზია. აქ იჩენს თავს სქესების მიხედვით შრომის ისტორიული დანაწილების ერთი წყარო, რომელიც ქალებსა და კაცებს სხვადასხვა როლს მიაწერს აუცილებელ და ზედმეტ შრომასთან მიმართებით. ჩვეულებრივ, ქალებს მიეწერებათ პასუხისმგებლობა აუცილებელ შრომასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმეების, განსაკუთრებით ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული საქმეების, შესასრულებლად. კაცებს კი, შესაბამისად, ეკისრებათ პასუხისგებლობა, რომ მატერიალური საარსებო საშუალებები მოიმარაგონ, რასაც თან ერთვის მათი არაპროპორციულად მაღალი ხარისხით ჩართულობა ზედმეტ შრომაში.
თუმცა ქალებს ისტორიულად დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ კლასობრივ საზოგადოებებში აუცილებელი შრომის შესრულებისათვის, არ იქნება მართებული იმის თქმა, რომ არსებობს უნივერსალური საშინაო სივრცე, რომელიც საზოგადოებრივი წარმოების სამყაროსგან განცალკევებულად დგას. მიწათმოქმედებაზე დაფუძნებულ კლასობრივ საზოგადოებებში, — მაგალითად, ფეოდალიზმში — აუცილებელი შრომის პროცესი ზედმეტი წარმოების პროცესთან ინტეგრირებულია. კაპიტალიზმის განვითარება ავლებს სადემარკაციო ხაზს იმ სფეროებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ზედმეტ შრომას ეთმობა, მეორე კი საშინაო სივრცედ ითვლება. ის ანალიტიკოსები, რომლებიც აბსტრაქტული საშინაო სივრცის უნივერსალურობაზე საუბრობენ, ფაქტობრივად  არაკაპიტალისტურ კლასობრივ საზოგადოებებს არგებენ კაპიტალისტურ წარმოებით ურთიერთობებში ჩასახულ განსხვავებას.
საზოგადოებების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან ის ფორმები, რომლებითაც კაცები იმაზე მეტ საარსებო საშუალებას მოიპოვებენ, ვიდრე მათ ინდივიდუალურ მოხმარებას სჭირდება, მაგრამ, როგორც წესი, ეს წესრიგი ქალებზე მათი ბატონობით და ქალთა ჩაგვრის ინსტიტუციური სტრუქტურების გამოყენებით არის უზრუნველყოფილი. მმართველი კლასი, იმისთვის, რომ სამუშაო ძალის კვლავწარმოების სტაბილიზაცია მოახდინოს და აუცილებელი შრომა მისაღებ დონეზე შეინარჩუნოს, ხელს უწყობს კაცთა ბატონობას ექსპლუატირებულ კლასში. კვიკი ამის შესახებ წერს:
ნებისმიერი მცდელობა ქალებისა, რომ მიიღონ იმაზე მეტი, რაც მათი არსებობისთვისაა საჭირო, ირიბი პრეტენზიის გაცხადებაა გაბატონებულ კლასების მიერ მისათვისებელ ზედმეტ ღირებულებაზე. ამიტომაცაა ქალებზე კაცების ძალაუფლება მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი მმართველი კლასის მიერ. მეორე მხრივ, კაცების ნებისმიერი მცდელობა, რომ ქალებზე „პასუხისმგებლობას“ თავი აარიდონ, ასევე იზღუდება კაცების ბატონობაზე დაფუძნებული სისტემის ფარგლებით. კაცებს მხოლოდ იმიტომ აძლევენ იმაზე მეტ საარსებო საშუალებზე კონტროლს, ვიდრე ეს მათი პირადი შენარჩუნებისთვისაა საჭირო, რომ მათ უზრუნველყოს თავიანთი კლასის კვლავწარმოება[2]“.
ასეთი სტრატეგიები მხოლოდ გაბატონებული კლასის სასარგებლოდ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რა უშუალო და მოკლევადიანი უპირატესობებიც არ უნდა უწყალობონ მათ კაცების ბატონობას.
კლასობრივ საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარების მატერიალურ საფუძველს ქმნის სწორედ ის, რომ კაცები ამარაგებენ ორსულ თუ ნამშობიარევ ქალებს საარსებო საშუალებებით და არა თავად შრომის სქესობრივი დანაწილება. ის ფაქტი, რომ ქალები და კაცები სხვადასხვაგვარად არიან ჩართულნი სამუშაო ძალის კვლავწარმოების პროცესში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, და ხშირად უფრო ხანგრძლივად, აუცილებლობით არ წარმოადგენს ჩაგვრის საფუძველს. შრომის დანაწილება ყველა საზოგადოებაში არსებობს. ყველაზე ეგალიტარულ მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოებებშიც კი, უამრავი საქმე ყოველდღიურად შრომის დანაწილებით კეთდება. ბიოლოგიური და სოციალური განვითარებისგან განპირობებული განსხვავებებიც ადამიანებს შორის ყველა საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ზოგი შეიძლება გონებრივად იყოს შეზღუდული და ფიზიკურად უუნარო. ზოგი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, ზოგი — ჰომოსექსუალი. ზოგი დაქორწინებულია, ზოგიც — არა. ერთი ნაწილი კაცია, მეორე ნაწილი კი ბავშვის შობის უნარის მქონე ქალი. შრომის დანაწილებისა და ინდივიდუალური განსხვავებების საზოგადოებრივი მნიშვნელობა კონკრეტული საზოგადოების კონტექსტზეა დამოკიდებული. კლასობრივ საზოგადოებებში ქალის უნარი, გააჩინოს შვილი, ზედმეტი შრომის მითვისებისადმი გაბატონებული კლასის მოთხოვნილების პოზიციიდან წინააღმდეგობებს წარმოშობს. ქალთა ჩაგვრა ექსპლუატირებულ კლასში ამ წინააღმდეგობების გადაჭრისთვის კლასობრივი ბრძოლის პროცესში ვითარდება.
მმართველი კლასის ქალებიც შეიძლება იყვნენ თავიანთი კლასის კაცებს დაქვემდებარებულნი. ეს სუბორდინაციაც, საბოლოო ჯამში, ემყარება მათ განსაკუთრებულ როლს, მმართველი კლასის ინდივიდები ახალი თაობით ჩაანაცვლონ. სოციალისტური ტრადიციის თანახმად, პრობლემა აქ საკუთრებაა. თუ საკუთრება კაცების ხელშია და შვილებს გადაეცემა, ქალთა ჩაგვრა საჭიროა იმისთვის, რომ კაცი დარწმუნებული იყოს ბავშვის მამობაში. კონკრეტულ საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრის საზიარო გამოცდილებამ შეიძლება სხვადასხვა კლასს შორის ქალების სოლიდარობის გარკვეული დონე გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოლიდარობას აქვს რეალური საფუძველი და შეიძლება სერიოზული პოლიტიკური შედეგიც მოჰყვეს, გაბატონებული და ექსპლუატირებული კლასების ქალთა მდგომარეობა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან თეორიული თვალსაზრისით. მხოლოდ დაქვემდებარებული კლასის ქალები მონაწილეობენ იმ სასიცოცხლო ძალის შენარჩუნებასა და ჩანაცვლებაში, რომელიც კლასობრივი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს — რასაც ექსპლუატირებადი სამუშაო ძალა ჰქვია.
კლასობრივ საზოგადოებებში ქალთა ჩაგვრის არსებობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ისტორიული ფენომენია. ქალთა ჩაგვრა შეიძლება გაანალიზდეს თეორიის დახმარებით, მაგრამ თეორიამდე არ დაიყვანება. ქალთა ჩაგვრის ხასიათის შესახებ გაურკვევლობამ სათავე დაუდო უნაყოფო კვლევა-ძიებას, რომ ქალების ჩაგვრის თეორიული მიზეზი და პირობა ეპოვათ. პირობა არსებობს, მაგრამ ის ისტორიულია და არა — თეორიული[3].
ზემოთ მოყვანილი მსჯელობა შემდეგნაირად შეიძლება შევაჯამოთ: ადამიანებს აქვთ უნარი, აწარმოონ იმაზე მეტი სახმარი ღირებულება, ვიდრე მათი არსებობისთვის არის საჭირო. კლასობრივ საზოგადოებაში ეს პოტენციალი მმართველი კლასის სასარგებლოდაა ორგანიზებული, კლასისა, რომელიც დაქვემდებარებული კლასის ზედმეტ შრომას ითვისებს განსაზღვრული საზოგადოებრივი ურთიერთობების შესაბამისად. ამ კლასობრივი საზოგადოების გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ ექსპლუატირებადი სამუშაო ძალა მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი და მზადმყოფი ზედმეტი შრომის შესასრულებლად. თუმცა მშრომელები უკვდავნი არ არიან. მათი ძალები ცვდება, იშრიტება და კვდება, ამიტომ საჭიროა მათი მუდმივი ჩანაცვლება, სულ მცირე იგივე რაოდენობის ახალი სამუშაო ძალით. სადაც ეს ჩანაცვლება ახალი თაობით ხდება, იქ ადამიანების ორ ბიოლოგიურ ჯგუფად, ქალებად და კაცებად დაყოფის საკითხი გამოდის სცენაზე. ქალების შემცირებული შრომისუნარიანობა ბავშვის შობის პერიოდში მმართველ კლასს გარკვეულ წინააღმდეგობას უჩენს. ამ წინააღმდეგობის გადასაწყვეტად მიმდინარე კლასობრივ ბრძოლაში ისტორიის განმავლობაში სამუშაო ძალის კვლავწარმოების სხვადასხვა სქემა შემუშავდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ეს სქემები გულისხმობს მამაკაცების დიდ პასუხისმგებლობას მატერიალური საარსებო საშუალებების მომარაგებაზე, ქალების პასუხისმგებლობას აუცილებელ შრომაზე, და ქალებზე კაცების ბატონობის ინსტიტუციურ ფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გამონაკლისები,  და ისინი შეიძლება კლასობრივ საზოგადოებაში სამუშაო ძალის კვლავწარმოებაზე მნიშვნელოვან თვალთახედვას გვთავაზობდეს, ისტორიული მემკვიდრეობა მაინც ისეთია, რომელსაც ავად თუ კარგად, პატრიარქალური ეწოდა. ამ გაგებით ჯოან კელი მართებულად მიუთითებს, რომ „პატრიარქატი სახლის სახლშია. მისი სფერო კერძო ოჯახია[4]“.
კლასობრივი საზოგადოებების უმრავლესობაში ექსპლუატირებული კლასის ქალები გარკვეულწილად მონაწილეობენ როგორც აუცილებელ შრომაში, ისე ზედმეტი ღირებულების წარმოებაში. მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებსა და დაქვემდებარებულ მდგომარეობას აუცილებელ შრომაში შეიძლება ჰქონდეს შედეგები ზედმეტი ღირებულების წარმოების სფეროში. მაგალითად, ბავშვზე ზრუნვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კაპიტალისტურ საზოგადოებაში ქალს სახლის სამუშაო მჩაგვრელი პირობებისადმი განსაკუთრებულად დაუცველს ხდის. საპირისპიროდ კი, ზედმეტი ღირებულების წარმოებაში მონაწილეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქალის მიერ შესრულებულ აუცილებელ შრომაზე. ამერიკულ პლანტაციებში, მაგალითად, მონა-ქალების უმრავლესობა თავიანთი ბატონის მინდვრებში მუშაობდა, ხოლო საჭმლის მომზადება და ბავშვზე ზრუნვა მოხუცი ქალების ან მცირეწლოვანი ბავშვების კოლექტიური პასუხისმგებლობა იყო[5]. მოცემული კლასობრივი საზოგადოების განვითარების კონკრეტულ წყობაში ექსპლუატირებული კლასის ქალთა ჩაგვრა არა მხოლოდ სამუშაო ძალის შენარჩუნებისა და განახლების პროცესებთან მათი მიმართებითაა განპირობებული, არამედ ზედმეტ შრომაში მათი მონაწილეობით.
კონკრეტულ კლასობრივ საზოგადოებაში  სამუშაო ძალის კვლავწარმოების ფორმების მუშაობა ისტორიული კვლევის საგანია — თანამედროვეობაში კი პოლიტიკური ინტერვენციისაც. თუმცა შეიძლება რომ კონკრეტული ტენდენციები გამოვყოთ აქ წარმოდგენილი თეორიიდან. იმ შემთხვევებში, სადაც სამუშაო ძალის კვლავწარმოებაში თაობათა ცვლის როლი შემცირებულია, ექსპლუატირებულ კლასში შრომის სქესობრივი დანაწილება ან ოჯახური ინსტიტუტი შედარებით სუსტი შეიძლება იყოს. თუ მმართველი კლასი საზოგადოების ფარგლებს გარედან მიგრირებულთა შრომას ეყრდნობა, მშრომელებს შეიძლება ბარაკებში მოუყაროს თავი, ქალები და კაცები ერთ სამუშაოზე ამუშაოს, კონტრაცეფცია ან სტერილიზაცია წაახალისოს და უგულებელყოს ფეხმძიმობის ბოლო თვეებში მძიმე შრომის გავლენა ქალებზე. ჩვეულებრივ კი სამუშაო ძალის კვლავწარმოების ძირითადი წილი თაობით ცვლაზე მოდის. ამ შემთხვევებში სამუშაო ძალის შემცირება ომით, შიმშილით, ან ბუნებრივი კატასტროფით ქალ მშრომელებზე აძლიერებს წინააღმდეგობრივ ზეწოლას. ისტორიული მდგომარეობის მიხედვით შეიძლება განსაკუთრებით საყურადღებო გახდეს ოჯახის, როგორც თაობითი კვლავწარმოების სფეროს როლი ან ზედმეტ შრომაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა. ისეთ პერიოდებში, როცა ზედმეტი შრომისადმი მმართველი ძალის მოთხოვნილება აჭარბებს გრძელვადიან სარგებელზე ზრუნვას, ექსპლუატირებული კლასის ყველა ინდივიდის მობილიზება ხდება ხოლმე ზედმეტი ღირებულების წარმოებაში, რაც ოჯახური ცხოვრების ინსტიტუციისა და კაცების ბატონობის სტატუს ქვოს სერიოზულ გამოწვევებს უქმნის. ასეთი შემთხვევა იყო მე-19 საუკუნის ინგლისში და შეიძლება ითქვას, იგივე ხდება განვითარებული ინდუსტრიების ქვეყნებში დღესაც.
ეს ტენდენციები წინააღმდეგობის გარეშე ვერ გავა ფონს. მიგრანტმა მშრომელებმა შეიძლება იბრძოლონ თავიანთი ნათესავებისგან მოწყვეტის წინააღმდეგ. ადგილობრივი მშრომელები შეიძლება წინ აღუდგნენ სამუშაო ძალის მიგრირებას. ქალებმა შეიძლება უარი თქვან შინ დარჩენასა და ბავშვების აღზრდაზე. კაცებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიონ ქალების ჩართვას სამუშაო ძალაში. მშრომელებმა შეიძლება მხარი დაუჭირონ ბავშვთა შრომის აკრძალვის კანონმდებლობის შემოღებას. ქალები და კაცები შეიძლება ერთად ორგანიზდნენ ოჯახის ინსტიტუტის არსებული ფორმის შესანარჩუნებლად. მოკლედ, სამუშაო ძალის კვლავწარმოების პროცესები კლასობრივ საზოგადოებაში ბრძოლის მნიშვნელოვან ველს ქმნის.
[1] Quick 1977. გარდა იმისა, რომ კლასობრივ საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრაზე მსჯელობს, კვიკი აგრეთვე მიუთითებს იმ განსხვავებაზე, რაც არსებობს კლასობრივ და არაკლასობრივ საზოგადოებებს შორის: „მხოლოდ კლასობრივ საზოგადოებაში ხდება ქალის მიერ ბავშვის შობა მისი ჩაგვრის საფუძველი“. ამასთან მეტად რადიკალურ განცხადებას აკეთებს, რომ „ოჯახი ... არის მხოლოდ კლასობრივი საზოგადოებებისთვის შესაფერისი ცნება, სადაც წარმოება (და კვლავწარმოება) არ ნიშნავს წარმოების ორგანიზებას  საზოგადოების, როგორც მთელის ინტერესების შესაბამისად (როგორც ეს არის კომუნისტურ საზოგადოებებში, როგორც მის პრიმიტიულ, ისე განვითარებულ ფორმებში)“ (გვ. 47).
[2] Quick 1977, გვ. 47.
[3] ქალთა ჩაგვრის ისტორიულ წარმოშობაზე დისკუსიისათვის იხ.: Alexander 1976;
Benería 1979; Caulfield 1981; Ciancanelli 1980; Deere and León de Leal 1981; Godelier 1981;
Middleton 1979; Young 1981.
[4] Kelly-Gadol 1975–6, გვ. 821.
[5] Alexander 1976; Davis 1971.
1