ბოტანიკური აღწერა. მარწყვი (ლათ. Fragaria X Ananasa) მიეკუთვნება ვარდყვავილოვანთა ოჯახს. ღეროები მრავალწლიანია, 12-15 სმ სიგრძის, ყლორტები მოკლეა, წვერის კვირტი გენერატიული. შემდეგ წელს მისგან ვითარდება ყვავილსაჯდომი, რომელიც მსხმოიარობის შემდეგ ხმება. ღეროს ღერძის ზრდა ხდება ზედა გვერდითი ვეგეტაციური კვირტებიდან. გასული წლის ნაზარდზე იღვიძებს ერთიდან სამამდე კვირტი.მარწყვი თვითგამანაყოფიერებელი მცენარეა. ჯიშების უმრავლესობას აქვს ორსქესიანი ყვავილი, თუმცა არიან ჯიშები ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილებით, რომლებიც საჭიროებენ დამამტვერიანებლებს.
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. მარწყვი ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. ის ყვავილობას იწყებს ვეგეტაციის დაწყებიდან 25-30 დღის შემდეგ. ყვავილობა გრძელდება 15-35 დღე. ყვავილობის დაწყებიდან სიმწიფემდე საჭიროა 25-35 დღე. ერთი ჯიშის სიმწიფე გრძელდება 15-30 დღე. სიმწიფის პერიოდისაგან დამოკიდებულებით მსხვილნაყოფა მარწყვის ყველა ჯიში იყოფა საადრეოდ, საშუალოდ და საგვიანოდ.
ქიმიური შემადგენლობა. მარწყვი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით. მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და შაქრებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. ოფლმდენი, შარდმდენი, შემომგარსავი, ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი, ჭრილობისშემახორცებელი, ანთების და ჭიის საწინააღმდეგო, სისხლდენისშემაჩერებელი.
გამოყენება მედიცინაში. პოდაგრის, თირკმელ-კენჭოვანი და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, გასტრიტის, შეკრულობის, ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროის, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, მრგვალი და თასმა ჭიების, ეგზემის, კანის სხვადახსვა დაავადებების დროს.
მარწყვი ანელებს დაბერების პროცესს. მარწყვი დაგვეხმარება ამ პროცესის შეჩერებაში. ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს - დაბერების პროცესის მთავარ დამნაშავეებს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური მოქმედებისათვის საკმარისია ყოველდღიურად ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ მივირთვათ რამოდენიმე ცალი მარწყვი.
100 გრამი კენკრა ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს. საზოგადოდ, მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მინერალები - რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი - ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადმომამაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა აგრეთვე ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს. მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც - სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.
მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
წინააღმდეგჩვენება. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია მარწყვის ნაყოფის მიმართ.
დამზადების წესი. ნაყენი (ფოთლის): 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2 საათს. წურავენ.
მიღება - 1/2 ჭიქა 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ.
#ციფრულისოფელი #მარწყვი #სოფლისმეურნეობა #digitalvillage