მე ნაკლებია ჩვენზე

12
თუკი ერთ დღეს ჩემ კარზე მოაკაკუნებს „ქურდი“ , რომელიც ჩემი ოთახის კედლების მისატაცებლად არ დაინდობს სამყაროს ყველაზე დიდ ფასეულობას - ადამიანთა სიცოცხლეს და მომკლავს მე, მოკლავს ჩემ ახალდაბადებულ შვილს, ცოლს, ქმარს, დედას, მამას, ბებიას... მოკლავს იმიტომ, რომ გაძღეს, მოკლავს იმიტომ, რომ „წყურია“ , „შია“ , „ძალაუფლება სურს“ , „ჰეგემონობა სურს“ , მოკლავს იმიტომ, რომ მას უბრალოდ უნდა ვარსებობდე მისით, მასში, მასთან ერთად ან საერთოდ არა.
რას იზამ მეზობოლო? როგორ დამიცავ? თუკი ეს ქურდი იქნება ძალიან დიდი, შავი აჩრდილივით ძლევამოსილი, დაუნდობელი, დაუნახავი, სასტიკი... აიმაღლებ ხმას? გამოხვალ გარეთ? შემიფარებ გამოქცეულს? გამომწვდი ჭიქა წყალს? თუ შეიყუჟები სახლში თბილად, ბუხართან და ცხელ წვნიანთან ერთად, იმის იმედით, რომ ეს ქურდი შენ კარზე არასდროს მოაკაკუნებს, თუ არ შეახსენებ, რომ ჩემ გვერდით შენც ცხოვრობ, შენც სუნთქავ, შენც გიყვარს, გძულს, ფიქრობ...
მე არ ვიცი, რა გზას აირჩევ შენ მეზობოლო, მაგრამ ვიცი, რომ ჭეშმარიტება ერთია - უნდა იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ, უნდა იბრძოლო ბოროტების წინააღმდეგ, უნდა იბრძოლო სისცოცხლისთვის, თავისუფლებისთვის, გადარჩენისა და ცხოვრებისთვის...
და დღეს ჩვენ რას ვშვებით მეზობლებო? რას ვშვებით, მაშინ, როცა ჩვენ „შორეულ“ მეგობრებს ასე ძალიან უჭირთ? ვიტაცებთ შაქრებს? ფქვილებს? მარილებს? ვიტაცებთ იმის იმედად, რომ თუ ჩვენ მაძღრები ვიქნებით, ვერაფერი დაგვამარცხებს? ვიტაცებთ იმის იმდედად, რომ ტკბილ ჩაიზე გაზრდილ შვილებს, თავისუფლების ნაკლებობას ტკბილი ნამცხვრითვე ამოვუვსებთ? მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს გვიკითხავს ჩვენი „შვილებისთვის“, ჩვენ ხომ არასდროს გვიკითხავს ერთმანეთისთვის - ვინ ვართ? სად ვართ და რა გვირჩევნია ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ გათითოკაცებული მაძღრობა და „სიამენი ამა ქვეყნისანი"?
და ბოლოს - მე არ ვიცი ვინ ხარ შენ, რა გვარი ხარ, რა ასაკის, რა თანამდებობის, რა პროფესიის, მაგრამ ვიცი, რომ როცა სამყარომ მე და შენ შეგვქმნა, ორივე ერთი მასალისგან გამოგვძერწა და გვიწოდა ა დ ა მ ი ა ნ ი ... ვიცი, რომ მე შენ მჭირდები, შენ კი მე და ჩვენი ხელები უნდა გაერთიანდეს! რა ფერიც არ უნდა იყო, რა ფორმისაც არ უნდა იყო, როგორი გემოვნებაც არ უნდა გქონდეს, დღეს მე და შენ ერთნი უნდა გავხდეთ. დღეს ჩვენ ხელებს მხოლოდ ერთად, ერთი იდეისთვის - თავისუფლებისთვის ბრძოლა შეუძლია.

თუკი, ახლა ამას კითხულობ, გახსოვდეს, რომ ჩვენ ერთნი ვართ, გახსოვდეს, რომ შენ ძლიერი ხარ და შენი ხმა, შენი ხელები, შენი ქმედებები დღეს მე, ხვალ კი შენ შვილებს გადაურჩენენ თავისუფლად სუნთქვის უფლებას.
12