მოსკოვის მეტროში სახის ამომცნობი კამერები გამოჩნდა - რას უნდა ველოდოთ?

6
უნივერსიტეტი, რომლის ამაყი კურსდამთავრებული ვარ, უმეტესწილად, თავს იმით იწონებს, რომ ტექნოლოგიურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. ეს მართლაც ასეა - ინფრასტრუქტურით, საკლასო ოთახებში ტექნოლოგიური პროცესების ინტეგრირებითა და ტექნოლოგიური მიმართულებების ხელშეწყობის კუთხით, ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა.
თუმცა, ეს სულ სხვა ამბავია, რომელსაც ჩემს უნივერსიტეტთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სანამ ამბის თხრობას შევუდგები, თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ: ჩემი უნივერსიტეტის შესასვლელებში სპეციალური ტურნიკეტები დგას, რომლებიც იღება, როგორც სტუდენტური ბარათით, ასევე თქვენი სახის დაფიქსირებით. 
ეს ტექნოლოგია რომ დაინერგა, უნივერსიტეტის გაზეთში ვმუშაობდი, რედაქტორად. სახის ამოცნობის ბიომეტრულმა ტექნოლოგიამ დაგვაფიქრა, რადგან არავის გვახსოვდა, რომ უნივერსიტეტს ჩვენი ბიომეტრული ინფორმაციის გამოყენების უფლება წერილობით მიგვეცა. ამ საკითხს ჩავუღრმავდით, რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ, უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩავწერეთ. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამ ტექნოლოგიას უნივერსიტეტი სტუდენტებისა და ლექტორების ნაკადების სამართავად იყენებდა, ხოლო ჩვენს პირად ინფორმაციას სათანადოდ ინახავდა. აღმოხდა ხანი და შესასვლელში არსებულ კამერებს შევეჩვიეთ - მეტიც, ეს ტექნოლოგია, მე პირადად, ძალიან მომწონს, მაგრამ...
სახის ამოცნობის ტექნოლოგია - არახალია. ის ახალი თაობის სმარტფონებშიც გამოიყენება და, როგორც ჩანს, მალე ლეპტოპებშიც დაინერგება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთ თეზისზე შევთანხმდეთ: სახის ამომცნობი ტექნოლოგია შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ მას კერძო სექტორი იყენებს, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მისი დანერგვა - ძალიან სახიფათოა.
ახლა კი, უარი ვთქვათ ლირიკულ გადახვევაზე, რამდენად საინტერესოც არ უნდა იყოს ის და უშუალოდ ამ სტატიის თხრობას შევუდგეთ. 
გასულ კვირას, მოსკოვის მეტროს შესასვლელებში სახის ამოცნობის სისტემა დაინერგა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ჩემს უნივერსიტეტში. მეტროპოლიტენში შესვლისას, მგზავრებს ტურნიკეტებზე დამონტაჟებული კამერები აკვირდებიან და მონაცემთა ბაზაში კავშირის არსებობის შემთხვევაში, მგზავრის საბანკო ანგარიშიდან თანხას ჩამოჭრიან - კარი იღება, ადამიანი კი, მეტროში შედის. მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად მგზავრმა მეტროს აპლიკაცია უნდა გადმოიწეროს, დარეგისტრირდეს, სურათი ატვირთოს და ბანკისა და მეტროს ბარათები მიაბას. 
მოსკოვის მეტროპოლიტენის მესვეურები გვარწმუნებენ, რომ ბიომეტრული გადახდის სისტემა მეტროს მგზავრთა ნაკადების სამართავად დანერგეს - ჩინებული მიზანია, ვერაფერს იტყვი. 
ისე კი, სათქმელი რომ არაფერი იყოს, არც ეს სტატია დაიწერებოდა. თუმცა, სანამ ამ საკითხის გარჩევაზე გადავალთ, რაღაცები უნდა მიმოვიხილოთ. 
მოსკოვის მერიის წარმომადგენლების თქმით, ეს ბიომეტრული გადახდის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სისტემაა - მოსკოვის მერიის დათვლებით, ორ-სამ წელიწადში ამ სერვისს, მგზავრების 10-15% ყოველდღიურად გამოიყენებს. ცნობისთვის, მოსკოვის მეტროს, ყოველწლიურად, 2.4 მილიარზე მეტი მგზავრი გადაყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე, ტურნიკეტებზე დამონტაჟებულ კამერებში, სულ მცირე, შვიდასი ათასი ადამიანი გამოჩნდება. 
მეტიც, ეს ტექნოლოგია ძალიან, ძალიან მაღალგანვითარებულია: კამერებს მგზავრის სახის ამოცნობა მაშინაც შეუძლიათ, თუ ადამიანს გამჭვირვალე სათვალე ან პირბადე უკეთიათ (ჩემი უნივერსიტეტის შესავლელში მდგარი კამერებისთვის, დაბრკოლებას არც მუქი მზის სათვალე წარმოადგენდა და მგონია, რომ ეს, არც მოსკოვის მეტროში შექმნის პრობლემას). მოსკოვის მერიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ კამერებს მგზავრის სახის ამოცნობა არ უჭირს, თუ სახის 40% მაინც დაუფარავია (ეს 40%-იც, როგორც ჩანს, ფორმალობაა - ტექნოლოგია გაცილებით უფრო ეფექტურია). გარდა ამ ყველაფრისა, სისტემას ნამდვილი ადამიანისა და სურათის გარჩევაც შეუძლია. 
ახლა კი, ნება მიბოძეთ, სტატიის პათოსი შევცვალო: საქმე ისაა, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენის პრეს-ცენტრის მიერ მოყოლილი ეს ამბავი, განსაკუთრებულად ზღაპრულია - გასაგები მიზეზების გამო. მეტროპოლიტენის მესვეურები ხვდებიან, რომ ასეთ სისტემას,  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეკითხვები მოჰყვება, რისთვისაც, პრეს-რელიზში, მათ ორი ძალიან მოკლე აბზაცი ჩაამატეს, რომელთაც უცვლელად შემოგთავაზებთ: 
„ის, რაც ცალკეულ მგზავრებს ყველაზე მეტად აწუხებთ, ანუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - უმაღლეს დონეზე იქნება დაცული, რადგან ყველა მონაცემი სათანადოდ არის დაშიფრული. ტურნიკეტზე დამონტაჟებული კამერა თქვენს ბიომეტრულ გასაღებს აღიქვამს. გამოდის, რომ სისტემა Face Pay-ის მომხმარებლების ბიომეტრულ გასაღებს ადარებს ერთმანეთს და არა სახეებს, თუ სხვა პირად მონაცემებს.
ასე რომ, თუ დიდ ძმაზე მაინც ღელავთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ის კი არ გითვალთვალებთ, არამედ გემსახურებათ და ყველა კარს გიღებთ.“ 
მოდი, ეს განცხადება მარტივ მამრავლებად დავშალოთ: რეალურად, ადამიანის სახის პარამეტრების მიერ შედგენილი ბიომეტრული გასაღები გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას ინახავს, ვიდრე ნებისმიერი სურათი. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნოლოგია იმ შემთხვევაშიც ეფექტურია, როცა სახის უმეტესი ნაწილი დაფარულია, გამოდის, რომ ბიომეტრული გასაღები საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას ფლობს და მგზავრის გარეგნობის ისეთ თვისებებს აღიქვამს, რომლებიც გაუწვრთნელი თვალისთვის შეიძლება უხილავი იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ასეთი სისტემები მექანიკური დასწავლის პრინციპს იყენებენ - ანუ, დროთა განმავლობაში, სისტემა უფრო და უფრო იხვეწება. 
მოდი, სახის ამოცნობის ალგორითმი განვიხილოთ. ძალიან თუ განვაზოგადებთ, სახის ამოცნობისათვის სისტემა, როგორც წესი, სამ ეტაპს გადის
  1. სისტემაში ჩნდება სურათი ან ვიდეო, რომელშიც შეიძლება იყოთ, როგორც მარტო, ასევე სხვა ადამიანებთან ერთად და იდგეთ ანფასში ან პროფილში;
  2. სახის ამომცნობი ტექნოლოგია თქვენი სახის გეომეტრიას სწავლობს, მათ შორის, ითვლის მანძილს თვალებს შორის და შუბლიდან ნიკაპამდე - საბოლოო ჯამში, ვიღებთ თქვენი სახის ანაბეჭდს, ანუ ბიომეტრულ გასაღებს.
  3. ბიომეტრული გასაღები, ანუ მათემატიკური ფორმულა, მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა მათემატიკურ ფორმულებს ედრება და მსგავსების არსებობის შემთხვევაში, მძებნელს ატყობინებს.
გამოდის, რომ პოპულისტური არგუმენტი, თითქოს სისტემა მგზავრების სურათებს და სხვა პირად მონაცემებს არ აღიქვამს, სხვა არაფერია, თუ არა შეცდომაში შემყვანი განცხადება. 
ახლა კი, დაშიფვრაზე გადავიდეთ. თავისთავად ცხადია, რომ დაშიფვრა კარგია და მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვის ერთ-ერთი ეუბარი საშუალებაა. თუმცა, ის ფაქტი, რომ პრეს-რელიზში მოსკოვის მეტროპოლიტენმა დაშიფვრას მხოლოდ ერთი წინადადება მიუძღვნა, ლეგიტიმურ შეკითხვებს აჩენს. რომელი ტიპის და რამდენსაფეხურიან დაშიფვრას იყენებს მოსკოვის მეტროპოლიტენი? არის თუ არა მონაცემები ორმხრივად დაშიფრული? და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ ფლობს გასაღებს? 
მოდი, მაგალითით ვიხელმძღვანელოთ. Facebook-ის მფლობელობაში არსებული საკომუნიკაციო პლატფორმა WhatsApp-ი, მესიჯების ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, რაც შემდეგ პროცესს ექვემდებარება: გაგზავნის წინ, თქვენი მესიჯი იშიფრება და მისი განშიფვრა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ამ მესიჯს უგზავნით - მარტივად რომ ვთქვათ, გასაღები მხოლოდ მას აქვს. გამოდის, რომ თქვენს მიმოწერას თქვენსა და თქვენი მეგობრის გარდა ვერავინ ხედავს, ვერც Facebook-ი. 
თუმცა, მოსკოვის მეტროპოლიტენის შემთხვევაში საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას: მგზავრის ინფორმაცია მეტროპოლიტენის ბაზაში ინახება, ხოლო მეტროპოლიტენი, რაც უნდა უცნაური იყოს, პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებს უმალ დაექვემდებარება. საკითხი მარტივად რომ დავსვათ: რას იზამს მოსკოვის მეტროპოლიტენი, თუ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაცემებზე წვდომა მოითხოვა?
დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელშიც ძალები თანაბრად არის გადანაწილებული, ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში განიხილავენ და არსებობს საფუძვლიანი შანსი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მონაცემებზე წვდომა ვერ მიიღოს. თუმცაკი, რუსეთი ავტორიტარიზმისკენ უხეშად გადახრილი ჰიბრიდული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა, რომელშიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ხშირად ირღვევა. 
ჰო, კიდევ ერთი დეტალი: მეტროს შესასვლელებში არსებულ ტურნიკეტებზე დამონტაჟებული კამერები, მოქალაქეთა კონტროლის ერთადერთი მექანიზმი არ არის. 2017 წელს, მოსკოვში ვიდეოთვალთვალის ას სამოცი ათასი კამერა განთავსდა და მათი რიცხვი, მუდმივად იზრდება. მოსკოვში არსებული საცხვრებელი კორპუსების 95%-ს ერთი კამერა მაინც აკვირდება. ხომ ხვდებით, რომ მეტროს შესასვლელში კამერები მხოლოდ კარების გასაღებად არ დამონტაჟებულა?
განსაკუთრებით საყურადღებოა ზემოაღნიშნული განცხადების ერთგვარი უხერხული მინიშნება ჯორჯ ორუელის „დიდ ძმაზე“ - გეგონება, მეტროპოლიტენის სტრატკომში იფიქრეს, სჯობს ორუელი პირველმა ჩვენ ვახსენოთ, თორემ მერე შეკითხვებს მოგვაყრიანო. „ასე რომ, თუ დიდ ძმაზე მაინც ღელავთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ის კი არ გითვალთვალებთ, არამედ გემსახურებათ და ყველა კარს გიღებთ.“ ისეთი ტექსტია, ოკეანეთის მთავრობის გამოშვებულ პროკლამაციაზე წერიაო, იფიქრებ. თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, „დიდი ძმის“ არსებობს არავინ უარყოფს, უბრალოდ, მის გაკეტილშობილებას ცდილობენ. 
მგონი, კიდევ ერთი ლირიკური გადახვევის დრო დადგა. 
ღრმად მწამს, რომ ტექნოლოგია და ადამიანი - შესისხლხორცებულნი არიან დღიდან ადამიანის გაჩენისა, რადგან სხვაგვარად - განვითარება შეუძლებელია. 
ერთ-ერთი, რისიც ღრმად მწამს, არის ის, რომ ტექნოლოგიის გარეშე, ადამიანის არსებობა შეუძლებელია. თუმცა, აქ ერთი რამ უნდა განვმარტო: ჩემთვის, ტექნოლოგია არის ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარი ცხოვრების გასამარტივებლად იყენებს. ამგვარად, ცეცხლის დამორჩილება, სხვადასხვა შენადნობების შექმნა და ბორბლის გამოგონება - ტექნოლოგიური სიახლეებია. 
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიური განვითარება, საკუთარი ბუნებით, ძალიან სწრაფია, ხოლო ადამიანი, საკუთარი ბუნებით - ძალიან ნელია, საზოგადოებას სჭირდება კანონები, რომლებიც ტექნოლოგიურ განვითარებას დაიმორჩილებენ. თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, კანონები, რომლებიც სახის ამომცნობ ტექნოლოგიას დაარეგულირებენ, თითქმის არ არსებობს: ამერიკაში, მაგალითად, არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც ამ ტექნოლოგიის გამოყენებას დაარეგულირებს,  ხოლო ევროპაში, პირადი მონაცემების დაცვლის საკანონმდებლო ბაზაზე ახლა მსჯელობენ. 
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსკოვის მეტროს მგზავრების პირადი ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანების კონტროლისთვის გამოიყენოს, როგორც მას, ჯორჯ ორუელის მხატვრულ სამყაროში იყენებენ. ისე კი, რაღა ორუელს შევეჭიდეთ, როცა ჩინეთში, უკვე დიდი ხანია, რაც ეს ყველაფერი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა? 
6