ნინიკო მშვიდობაძის პოეზია

ByArt infoItaly
8
ორჯერ დაქვრივებული ქალის ბალადა
###
დიდი ხნის წინ იყო...
ოღონდ ის კი არა,
საკუთარი ოცნება უფრო მიყვარდა,
ანუ ვინც მე გამოვიგონე,
და მიყვარდა მხოლოდ ისე,
როგორც შეუძლია უყვარდეს მეოცნებე ქალს
- თავდავიწყებით...
ოდესმე გყვარებიათ იმგვარად, რომ გინატრიათ სიკვდილი?
თუ არა, ესე იგი, თქვენ არ იცით რაა სიყვარული...
მე ვინატრე...
და ჩავთვალე, რომ სიყვარული მომიკვდა
და პირველად მაშინ დავქვრივდი...
არ იყო ძნელი გარდაცვლილი ტრფობის ქვრივობა...
****************
მე ვისვენებდი აღმართებზე და ყოველ ჯერზე
ყვავილებივით მეზრდებოდა სულში ტკივილი.
ვადგამდი ნაბიჯს და ვტოვებდი მიწას თითქოსდა.
მავიწყდებოდა, რომ არ მაქვს ფრთები,
რომ სხეული უფრო მძიმეა,
რომ მინდა, მაგრამ ვერ ვწყდები მიწას -
მიზიდულობის კანონის ძალით...
მე ვისვენებდი აღმართებზე და ყოველ ჯერზე
ვშორდებოდი მიწას თითქოსდა...
****************
როცა ნამდვილად შემიყვარდა, შიშიც მოვიდა:
დიადი შიში,
სიყვარულის დაკარგვის არა,
საყვარელის დაკარგვის შიში...
კი არ მეტკინა,
შემეშინდა,
მოსალოდნელი ტკივილის გამო…
ზურგითაც ვგრძნობდი ასატანი ჯვარის სიმძიმეს…
დასაღვრელი ცრემლების გემოს…
და ჩემ სუსტ მხრებში მოვიხარე,
დავპატარავდი...
როცა ნამდვილად შემიყვარდა,
მოვიდა შიში,
სიყვარულის თანმდევი შიში
და ჩემი სუსტი და მოხრილი მხრები ამტკივდა...
****************
ჩემი თითები - მზის სხივები,
ჩემი ხელები - ფრთები თითქოს,
ჩემი თვალები - ბუდეები...
ქალი კი არადა,
შვილი კი არადა,
დედა კი არადა,
ჩიტი ვარ...
ფრთებს ვმალავ მოხრილ მხრებით,
რადგან არ დავდივარ,
დავფრინავ...
ჩემი თითებია მზის სხივები,
ჩემი თვალებია ბუდეები,
ქალი კი არადა,
ჩიტი ვარ...
****************
რომ ვკოცნიდი,
ის კისერი,
ჩემს ტუჩებს კი არა,
თოკს როცა დაუთმო,
მეორედ და ნამდვილად მაშინ დავქვრივდი.
და გაქრა შიში და მოვიდა სევდა,
ტკბილ-მწარე სევდა,
ჯვრის სიმძიმესაც ვეღარ ვგრძნობდი,
ჯვარიც გატკბილდა -
გადარჩენა თმენაზე გადის...
გაიბევრა, გაფუვდა, გადიდდა
ქვრივის კაბასავით გრძელი გზა
და მსუბუქი გახდა სხეული...
გადარჩენა და თმენა ერთია...
****************
როცა ჩემი თითები გადაეჩვევიან წერას,
ხოლო ჩემ თვალებს საბოლოოდ დაავიწყდებათ შენი თვალების ფერი,
მე მივხვდები, რომ ესაა დიდი და ნამდვილი სიყვარული,
რადგან
როდესაც უყვართ,
თვალების ფერი აღარ ახსოვთ…
ByArt infoItaly
8