ობსესიური არტისტის პორტრეტი კინემატოგრაფიაში

6
ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი — “წითელი ფეხსაცმელი”:
"რატომ გინდა ცეკვა?"
"რატომ გინდა სიცოცხლე?"
"ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიცი, რომ უნდა ვიცხოვრო"
"ჩემი პასუხიც ესაა".
არტისტები, თავიანთი ვნებითა და სურვილით, რომ შექმნან რაიმე განსაკუთრებული, ხშირად, საკუთარ თავს წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტებს უწესებენ. ყოველი მოძრაობა, ყოველი ნოტი, ყოველი სიტყვა მათ თვალში უზადო უნდა იყოს. თუმცა, სრულყოფილების ამ მიუღწეველმა ძიებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითკრიტიკის, ეჭვისა და შფოთვის საზიანო ციკლი.
კინოსამყარო დიდი ხანია მოხიბლულია არტისტული გონების კომპლექსურობით. მხატვრებიდან მუსიკოსებამდე, რეჟისორებმა შეისწავლეს შეპყრობილი არტისტების ცხოვრება, მათი ტანჯული სული და დაუოკებელი სწრაფვა სრულყოფილებისკენ. შეპყრობილი არტისტის ტროპი ეხება პერსონაჟს, რომელიც ცდილობს საკუთარი პროფესიის სრულყოფას ნებისმიერი საშუალებით, რაც, საბოლოო ჯამში, პიროვნების თვითგანადგურებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ობსესიური არტისტის პერსონაჟი შეიძლება აუდიტორიის ნაწილისთვის შთამაგონებელი გახდეს, ტროპის გამოყენება ხშირად ემსახურება ერთ მიზანს: დაგვანახოს ის დამანგრეველი შედეგები, რომლებიც სრულყოფილებისკენ სწარფვას მოაქვს.
WHIPLASH (2014)
დემიენ შაზელის “Whiplash” — ის ამაღელვებელი და ჩამთრევი ფინალური სცენა ფილმის იდეალური დასასრულია, რომელშიც ორი მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ მოიპოვებს ურთიერთპატივისცემას.
ფილმში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონსერვატორიის ლექტორი, ტერენს ფლეტჩერი (ჯეი ქეი სიმონსი) ცდილობს გამოააშკარაოს გენია, რომელიც მის ერთ-ერთ სტუდენტში, ენდრიუ ნიმანში (მაილს ტელერი) იმალება.
თავისი ინტენსიური სიუჟეტითა და პერფორმანსებით, ფილმი ნათლად ასახავს არტისტული აკვიატების დესტრუქციულ ბუნებას. ენდრიუს შეუპოვარი სურვილი, გამხდარიყო ცნობილი ჯაზ დრამერი, აიძულებს მას გასცდეს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს და ამ პროცესს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობა შესწიროს მსხვერპლად. ნიმანი დაუღალავად ვარჯიშობს და ექვემდებარება ტერენს ფლეტჩერის სწავლების არაადამიანურ მეთოდებს.
ნიმანის აკვიატება, გახდეს დიდი მუსიკოსი, შთანთქავს მისი ცხოვრების ყველა ასპექტს, რაც იწვევს ურთიერთობების დაძაბვას, სოციალურ იზოლაციასა და საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის უგულებელყოფას. ფილმი გვაჩვენებს იმ ლიმიტებს, რომლებზეც ენდრიუს შეუძლია წასვლა საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე და გვიხატავს არტისტული ბრწყინვალების ნათელ სურათს.
BLACK SWAN (2010)
დარენ არანოფსკის “შავი გედი” ღრმად იკვლევს არტისტულ ობსესიას მისი მთავარი პერსონაჟის, ნინა სეიერსის (ნატალი პორტმანი) ბნელი და მტანჯველი არტისტული ცხოვრების ხარჯზე. ფილმი ოსტატურად ასახავს ამბიციის, პერფექციონიზმისა და თვითგანადგურების ჩახლართვას ბალეტის სამყაროში.
ნინა სეიერსს აქვს პასუხისმგებლობა, ჩაიკოვსკის “გედების ტბაში” მაცდუნებელი შავი გედისა და უდანაშაულო თეთრი გედის როლი ერთდროულად მოირგოს. დიდ ძალაუფლებას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა, ნინას პერფექციონისტი ბუნების გამო კი მისი ფსიქიკური მდგომარეობა მალე უარესდება, ცოტა ხანში, მას არ შეუძლია განასხვავოს რეალობა და წარმოსახვითი სამყარო.
ნინას ობსესიური სწრაფვა სრულყოფილებისკენ მას უკიდურესობამდე უბიძგებს, აკარგვინებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, იდენტობასა და საერთოდ, გონებას. “შავი გედი” გვაჩვენებს ნინას ობსესიურობის ტრაგიკულ შედეგებს და ხაზს უსვამს იმ ადამიანის ფსიქოლოგიურ ზარალს, მსხვერპლსა და შინაგან ბრძოლებს, რომლის მთელი ცხოვრება ბალეტითაა მოცული.
NIGHTCRAWLER (2014)
დენ გილროის “Nightcrawler” აღწერს ობსესიური არტისტის ანატომიას კრიმინალური ჟურნალისტიკის სფეროში. ფილმი გვიყვება ამბიციური და ამორალური ვიდეოგრაფის, ლუი ბლუმის ისტორიას, რომელიც სენსაციური დანაშაულისა და საინფორმაციო გადაცემების ინტრიგებში იხლართება.
ბლუმს წამრატების წყურვილი და შოკისმომგვვრელი, გრაფიკული კადრების გადაღების დაუოკებელი სურვილი ბნელ გზაზე აყენებს. ის ღამით იწყებს ცოცვას ლოს ანჯელესის ქუჩებში და ცივი მონდომებით, პოლიციაზე ადრე ხვდება დანაშაულისა და უბედური შემთხვევის ადგილებზე. ბლუმის წარმატებისკენ სწრაფვა მალევე მანიფესტირდება ემპათიის გრძნობის დაკარგვაში. ის კარიერული წინსვლისთვის ეთიკის საზღვრებს სცდება და დანაშაულის ადგილის მანიპულირებას იწყებს. რაც უფრო ღრმად იდგამს ფესვებს ბლუმში პროფესიული ობსესია, მით უფრო გამოდის მწყობრიდან მისი მორალური კომპასი და ბლუმის მენტალური ჯანმრთელობაც უფრო არასტაბილური ხდება.
ფილმი გვიხატავს ობსესიური არტისტის ნათელ პორტრეტს და ამასთან, ხაზს უსვამს უსაზღვრო ამბიციების სახიფათო და მეტიც, დამღუპველ გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
I, TONYA (2017)
“მე, ტონია” გვთავაზობს არტისტული ობსესიის მკვეთრ და ნიუანსურ ასახვას კონკურენტული ფიგურული სრიალის ობიექტივიდან. ფილმი ღრმად იკვლევს ტონია ჰარდინგის, ნიჭიერი მოციგურავის მშფოთვარე ცხოვრებასა და კარიერას, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს: მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ ფასად. მოძალადე ქმარი, უთანხმოებები მსაჯებთან და სხვა მოციგურავეებთან, კომპლექსური ურთიერთობა დედასთან, ეს მისი პრობლემების მოკლე ჩამონათვალია.
მისი უდაო ოსტატობისა და ათლეტიზმის მიუხედავად, იგი ფიგურული სრიალის პროფესიონალებისა და საზოგადოების მუდმივ განსჯასა და ცრურწმენას აწყდება მისი არატრადიციული წარმომავლობისა და პირადი პრობლემების გამო. ტონიას დაუღალავ სწრაფვას სრულყოფილებისკენ მოაქვს ფიზიკური ტკივილი და პირად ცხოვრებაში მსხვერპლშეწირვა, ის ძალადობისა და ტოქსიკური ურთიერთობების ქსელში ეხვევა.
ფილმი მტკივნეულად ასახავს არტისტის ემოციურ არეულობას, კომპლექსებსა და იზოლაციას, რაც თან ახლავს ტონიას სწრაფვას ბრწყინვალებისკენ. “მე, ტონია” გვთავაზობს კომპლექსურ და ემპათიურ სურათს იმ მაღალი ფსონებისა და დამანგრეველი შედეგების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას არტისტული ობსესიის შედეგად.
არტისტული ობსესია ის ძალაა, რომელიც გვიბიძგებს ამოვიცნოთ ჩვენი შემოქმედების სიღრმეები და შესაძლებლობების ახალი საზღვრები დავაწესოთ, თუმცა გენიასა და შეშლილობას შორის ბეწვის ხიდია გადებული. შეპყრობილი არტისტის პორტრეტი მაყურებელს ინტენსიურ სამყაროში ამოგზაურებს, ამ ფილმებში ნაპოვნ თემატურ ელემენტებში, პერსონაჟების დინამიკასა და ნარატიულ რკალებში ჩაღრმავებით, ჩვენ უკეთ ვხედავთ შეპყრობილი არტისტების ვნებიან, ტანჯულ და უსასრულოდ მომხიბლავ სამყაროს. მათი ბრძოლებითა და ტრიუმფებით, ეს ფილმები გვახსენებს ხელოვნების წარმოუდგენელ ძალას და იმ გზას, რომელსაც ხელოვანი ადამიანები გადიან თავიანთი შემოქმედებითი ხედვის მისაღწევად.
6