გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე, განა რა უნდა დაიწეროს ან ითქვას, ახალი რაც თავად მწერალს თავისი ცხოვრებით ან ნაწარმოებით არ უთქვამს! მარტო მის ერთ გარდამავალ წუთზე დაფიქრება რად ღირს, რომელიც ძილის წინ ყველას გვეწვევა ხოლმე და ცოტა თუ უცდია საკუთარი თავის დანახვა და საკუთარ ნამოქმედარზე დაფიქრება.
ამ საახალწლოდ მწერლის ეს ბრძნული, კეთილი ზღაპარი გამახსენდა და მინდა ორ ნაწილად შემოგთავაზოდ.
გურამ დოჩანაშვილი – ყველაზე კარგი პაპა
იმ ჭრელ ქვეყანას ერთი გაუმაძღარი, მდიდარი, ბოროტი მეფე განაგებდა. გადახედავდა თავის ავლა-დიდებას და ვეზირებს უბრძანებდა:
– აბა, წადით, წამოდით და ქონება მომიტანეთო.
ვეზირებიც ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ დაძრწოდნენ და საცა რაიმეს მოიხელთებდნენ, ტომარაში თავს უკრავდნენ ხოლმე. მეფე ჯერ ხარბად გადახედავდა შემურულ ქვაბებს, დაგრეხილ კოვზებს, გაბზარულ ჯამებს, აათვალიერებდა, ჩაათვალიერებდა და აიმრიზებოდა:
– ეს რაა, ეს რად მინდაო.
– სხვა არაფერი არა აქვთ რა, დიდო მეფეო, – მდაბლად დაუკრავდა თავს მთავარი ვეზირი.
– წაიღეთ, წაიღეთ, გადაყარეთო! – ამბობდა მეფე. მერე იტყოდა:
– ვინმეს ხომ არ გაულანძღივარ, რამე ცუდი ხომ არ უთქვამთ ჩემზეო?
– არა, არა, დიდო მეფეო!
– მაშ, ხალხს ვყვარებივარო?
– შენით უდგათ სული, მეფეო!
”რა საყვარელი მე ვარო”, – გაიფიქრებდა მეფე და ვეზირებს დაუცაცხანებდა:
– აბა, ერთი არ მოგიყვანიათ ჩემი გამლანძღავი, სულ თავებს დაგაყრევინებთო.
დაძრწოდნენ ვეზირები ქვეყნად.
ქალაქგარეთ ერთი პატიოსანი, გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ხნავდა, თესავდა, რწყავდა, მკიდა, საქონელს ზრდიდა, ვაზს ახარებდა. ხალხი უყვარდა, ხალხში დაიარებოდა; რანაირი გამოთქმა გინდა, იმას რომ არ სცოდნოდა.
იჯდა ერთხელ თავისი ქოხის წინ, ბარს ქლიბავდა. ჩამოიარა დიდმა ვეზირმა, გაიფიქრა, ეგებ ამას დასცდეს მეფეზე რამეო და ჰკითხა:
– ჩვენი მეფე ხომ კარგიაო?
მიხვდა, რატომაც გაემასლაათა ვეზირი და მიუგო:
– დიდი გერგილიანი მეფეაო.
– რაო? ეს რა თქვიო! – შეუტია ვეზირმა.
გათოკილი მიჰგვარეს მეფეს. თორმეტ კარში გაატარეს, ცხრაკლიტული შეაღეს, მიწისქვეშა გვირაბებით იარეს, ფარდა გადასწიეს და გამოჩნდა კიდეც ის ჩვენი მეფე.
– მეფევ, შენზე თქვა, გერგილიანიაო!
– თავი მოჰკვეთეთო! – ბრძანა მეფემ.
– რატომ, მეფევ, – მშვიდად მიუგო გამრჯე კაცმა, – ცუდი ხომ არაფერი მიკადრებიაო.
– მიკადრებია რა არიო.
ბევრი სიტყვა არ იცოდა მეფემ. ანდა, საიდან უნდა სცოდნოდა, ქუჩაში ის არ გადიოდა, ხალხს არ ენახვებოდა, ძეხორციელს არ ესაუბრებოდა იმ თავის ვეზირების გარდა.
– რა და, ცუდი არაფერი მითქვამსო, მეფევ, – აუხსნა კაცმა.
– მართლაო? – ვეზირებს მიუბრუნდა. იმათ მხრები აიჩეჩეს.
– წადით და სიტყვის პაპა მომგვარეთო.
სიტყვის პაპა ერთი თმაწვერდათოვლილი ბრძენი მოხუცი იყო. რომელი სიტყვა გინდა, იმას არ სცოდნოდა. მოიყვანეს თავის ქოხიდან, მეფეს წარუდგინეს. ასე და ასეო, უთხრეს, ამ კაცმა მეფეზე თქვა, გერგილიანაიო.
– მერე რაღას ერჩით? – გაიკვირვა სიტყვის პაპამ, – გერგილიანი მოხერხებულ, საზრიან ადამიანს ნიშნავსო.
– ტყუილად შემაწუხეთო? – თვალები დაუბრიალა ვეზირს მეფემ.
– მეც მომცდინაო, – თქვა კაცმა, – სახნავ-სათესი მქონდაო.
– ჰოდა, – ვეზირს უბრძანა მეფემ, – წაიძრე შენი ბეჭედი და მაგას…… არა, მე მომეციო.
რაღას იტყოდა ვეზირი, ბეჭედი სულ ხვნეშა-ხვნეშით წაიძრო თითიდან. ის დღე იყო და, გადაეკიდა გამრჯე კაცს ვეზირი.
ერთხელაც უტრიალა, უტრიალა და დაღლილი, მისავათებული კაცი ხის ძირას დასასვენებლად რომ ჩამოჯდა, მივიდა და უთხრა:
– მაშ, ჩვენი მეფე გერგილიანიაო?
– დიდი ქველმოქმედიაო, – მიუგო კაცმა.
– რაო? ახლა კი გიჩვენებ სეირსო, – დაექადნა ვეზირი. ისევ მიჰგვარეს მეფეს.
– დიდო მეფეო, ამან თქვენზე თქვა… როგორა თქვი?
– ქველმოქმედია-მეთქი!
-ჰო, ქველმოქმედიაო!
– თავი მოსჭერითო.
– რატომ მეფევ, – მშვიდად მიუგო კაცმა, – ცუდი არაფერი მიკადრებიაო.
მოაცდინეს ისევ სიტყვის პაპა, მეფესთან მიიყვანეს.
– ქველმოქმედს კარგ კაცზე იტყვიან, – აუხსნა სიტყვის პაპამ მეფეს, – ქველმოქმედი სიკეთის ჩამდენსა და გულკეთილს ნიშნავსო.
– ისევ ტყუილად შემაწუხეო?! – დაუცაცხანა ვეზირს მეფემ, -ახლავე შეიხსენი ქამარი და მაგას… არა, არა, მე მომეციო.
სულ კვნესა-კვნესით გაუწოდა ვეზირმა ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ქამარი. გულში ბოღმა ჩაიხვია, გამრჯე კაცს უფრო გადაემტერა.
P.S დღეისათვის ეს იყოს, ჭირი იქას ჯერ ვერ გეტყვით 🙏💖🌟