პროექტს აქვს სამი მნიშვნელოვანი წერტილი. ეს არის: კლიმატი, სივრცე და სოციალური ქანდაკება ანუ სოციალური მოძრაობა - ადამიანების ქორეოგრაფია." - კოკა რამიშვილი.
თიბისი კონცეპტისა და რია ქებურას ფონდის ორგანიზებით გაიხსნა კოკა რამიშვილის გამოფენა - "პლატფორმა მოვლენისთვის". გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს, მარჯანიშვილის 7-ში.
კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის. ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ჟენევაში, მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო და სამუზეუმო კოლექციებში, რომელთა შორის არის ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართულ პავილიონში წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი ვიდეო აუდიო ინსტალაცია შავი ზღვა. მას მრავალ პროექტში უთანამშრომლია კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან, რომელმაც ასევე შექმნა ხმოვანი ნაწილი კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევრისთვის - პლატფორმა მოვლენისთვის. მულტიმედიური ინსტალაცია, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს. ცარიელი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა იბადება გამოსახულება განსხვავებულ განზომილებებსა და შეგრძნებებში, ნოსტალგიებსა და ალუზიებში. მისი სტრუქტურა სივრცის, სინათლის, ფერის, ხმისა და დროის კავშირებით იგება. ნამუშევარი თვითონ ატარებს მისი შექმნის ისტორიას, ჰყვება საკუთარი თავის შესახებ, გადმოსცემს მსუბუქი მელანქოლიის დრამატურგიას. რაც გამოუთქმელია და ვერასდროს გადაიქცევა მყარ ფორმად, - იბადება მხოლოდ წამიერ შეგრძნებებში, ახალგაზრდის ურთიერთობაში სამყაროსთან, მასთან ერთიანობის თავისთავად განცდაში; გარემოს მრავალხმიანობასთან ერთად ქმნის პირობით კონსტრუქციას, რომელიც არ ექვემდებარება აღწერას, სიტყვაში მოხელთებას. ინსტალაციის ერთადერთი ფიგურატიული გამოსახულება (ფოტო პრინტი ტილოზე) ნავების მისაბმელ კონსტრუქციაზე ჩამომჯდარი ბიჭია, მზით განათებული ზღვის უსასრულო ზედაპირს კი მკვეთრად ამოჭრილი სარკმლები აქვს, - ეს ერთგვარი ციტატაა კოკა რამიშვილის იკონური ნამუშევრიდან - "ბოლო გალერეა" (1989წ.), რომელშიც კედლებზე დაკიდებული ქვეჩარჩოებიდან ლენტებად დაჭრილი ტილო სადენების მსგავსად იხლართება სივრცეში და მთლიანად იკავებს მას. სურათის საზღვრებიდან გადმოსვლის და სივრცეში განვრცობის ეს თემა მუდმივად აქტუალურია ამ ხელოვანის შემოქმედებაში და სხვადასხვა ვერსიებში ავლენს თავს. პლატფორმა მოვლენისთვის დრო-სივრცითი ინტერვალია დაუგეგმავი ლოდინისთვის. ის აგებულია პერფორმანსის პრინციპზე, როცა სხეულის ენით, სივრცეში მოძრაობით, ქორეოგრაფიული პლასტიკით იქმნება სურათი, რომელსაც ორგანიზებას უკეთებს ნიკა მაჩაიძის მრავალშრიანი ტრეკის (35 წთ.) უსასრულო ნაკადი, სადაც სხვადასხვა ექოები წარსულიდან, სანაპიროს შორეული ხმები და მომავლისკენ მიმართული დინამიკა განსაზღვრავს ერთდროულად ნოსტალგიურსა და მოლოდინის განწყობას, შეჰყავს დამთვალიერებელი კინემატოგრაფიულ დინამიკაში.
კოკა რამიშვილის ხელოვნება ეყრდნობა კონტრაპუნქტის ინტერაქციებს: მკაცრი სქემებისა და ლაკონიური კონცეფციების ფონზე ვითარდება ეფემერული და ზოგჯერ სრულიად უხილავი პროცესები, მოძრაობაში იქმნება მუდმივად ცვალებადი სკულპტურები, პირობითი სცენა და გამყოფი ფარდა ყოველთვის ორაზროვანია და კითხვებს იწვევს კომპოზიციის სტრუქტურის, ფორმისა და განათების, ფერისა და ტექსტურის, შინაარსის შესაძლებლობებზე. მისი შემოქმედება მრავალ თემას ეხება, თუმცა, მთლიანობაში შინაგანი ლანდშაფტის იდეის გააზრებას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც მედიტაციურ, განყენებულ ვიზუალიზაციას, ისე კონკრეტულსა და დოკუმენტურ მასალას.
ტექსტის ავტორი: ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი
"ძალიან მედიტაციური გამოფენაა, ვფიქრობ დამთვარიელებლი ცოტა დიდ ხანს უნდა გაჩერდეს სივრცეში, დააკვირდეს ნამუშევრებს, მოუსმინოს ნიკა მაჩაიძის მუსიკას, რომელიც ამ გამოფენის ნაწილია, დააკვირდეს თავის თავს და შეიგრძნოს იმპულსი, რომელიც ამ ყველაფერში ძალიან კარგად ჩანს - წარსულის, აწმყოს და მომავლის." - მარიამ წიქარიძე, "თიბისის" სახელოვნებო პროექტების კურატორი.
არტისტის ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 16 ივლისამდე დარჩება.