მე-20 საუკუნის პირველი ოცწლედი ქართული სატირისა და იუმორის განვითარების პერიოდად მიიჩნევა. ამ წლებში იქმნება ქართული კარიკატურები, შარჟები, რომლებიც ისეთ ცნობილ გამოცემებში იბეჭდებოდა როგორებიც იყო “დროება”, “ცნობის ფურცელი”, “საქართველო”... განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკოსთა შარჟები.
ჰაიდარ აბაშიძე - სოციალ-დემოკრატი, აქტიურად მონაწილეობდა ახალციხის კონფლიქტის მოგვარებასა და ბათუმის ოლქის საკითხის დარეგულირებაში.
გიორგი გვაზავა - ეროვნულ-დემოკრატი, 1921 წლის შემდეგ ემიგრაციაში წასული აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“, პ. ჟ. კრებიიონის „ფარსმან, მეფე ივერიისა“, „რადამისტი და ზენობია“, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე” და სხვა.
იონა ხოჭოლავა - სოციალ-დემოკრატი, რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიური წარმომადგენელი ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან. 1921 წელს იონა ხოჭოლავამ ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.
აპოლონ სულაქველიძე - სოციალ-დემოკრატი, 1921 წელს, იონა ხოჭოლავასა და სხვათა მსგავსად, დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში.