3 ნოემბერს, 20:00 საათზე "ნოვო გალერეაში" გაიხსნება ილია ბალავაძის გამოფენა - "პორტალი სამყაროში"
სამყარო მრავალგვარი და მრავალფერი, უთვალავი განწყობით, ფერით, ხასიათითა და შინაარსით.
მხატვარ ილია ბალავაძის ნამუშევრები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულია, რომ მახვილი თვალიც კი შეიძლება შეცდეს და მათი ერთი ავტორის მიკუთვნებულობაზე დაეჭვდეს.
სერიებით მოთხრობილი ისტორიები კონკრეტული შთაგონების ამოწურვამდე არ ტოვებს მხატვარს. ერთს მოსდევს მეორე, მეორეს მესამე და ასე იქმნება მხატვრის
მრავალრიცხოვანი სერიების რიგი, რომელთაც სტილური, სახეობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით სასრული არ აქვთ.
კითხვაზე თუ რა აძლევს მას ამ მრავალფეროვნების და შემოქმედებითი პროდუქტიულობისათვის იმპულსს და ინსპირაციას მხატვარი პასუხობს:
"ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება, ასევე ძველი მითოლოგიური ან უბრალო სიუჟეტი, რომელიც დღევანდელობის რაკურსიდან განსაკუთრებულობას იძენს.
ზოგჯერ რაიმე ტექნიკა ან მედიუმი ხდება ინსპირაცია და თავად ბადებს თემას, იხდენს სიუჟეტებს და პირიქით.
ზოგჯერ რაღაც თემა ჩნდება ჩემში, რომელსაც ვერც ერთ მედიუმს ვერ ვუხდენ. ვჩერდები, ველოდები, ვიცი, რომ რაღაც დროის შემდეგ ახალი ან დროებით მივიწყებული ტექნიკა ისევ გააღვიძებს ამ თემას და- ვიწყებ მუშაობას."
გამოფენაზე სახელწოდებით "პორტალი სამყაროში" მხატვარ ილია ბალავაძის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი, თუმცა ამ ექსპოზიციითაც ადვილად მისახვედრია არტისტის
შემოქმედებითი ძიებების, ინტერესების, მხატვრული სახეებისა და სიუჟეტების მრავალფეროვნება.
ილია ბალავაძემ 1994 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
2015 წლამდე ის საეკლესიო მხატვრობაში მოღვაწეობდა.
2015 წლიდან კი საერო მხატვრობაში მუშაობს. მას შემდეგ მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ჯგუფურ და სოლო გამოფენებსა და პროექტებში.