მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ერთმა განსწავლულმა და საზოგადოების თვალში დიდად პატივსაცემმაადამიანმა განაცხადა, რომ თუ ადამიანები გამრავლების წყურვილს არ დაიოკებდნენ, სულ მალე, მათ საკვები არ ეყოფოდათ - საბოლოო ჯამში, ადამიანის მოდგმა გადაშენდებოდა. ამ თეორიას, თომას რობერტ მალთუსი, რომელიც სხვა ყველაფერთან, ეკონომისტიც გახლდათ, იმით ამყარებდა, რომ მოსახლეობის რაოდენობა ექსპონენტურად იზრდებოდა, ხოლო საკვების წარმოება ზრდის წრფივ ღერძს მიუყვებოდა. საბოლოო ჯამში, მას მერე, რაც მოსახლეობის მრუდი საკვების წარმოების წრფეს გადაკვეთდა, საყოველთაო შიმშილი დაიწყებოდა.
თავისთავად ცხადია, რომ სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებას მალთუსიც აკვირდებოდა (მასში საფრთხეს ხედავდა თუ შესაძლებლობას - სხვა საქმეა). მალთუსი ფიქრობდა, რომ ტექნოლოგიური განვითარება საკვების წარმოებას გაზრდიდა, რაც თავისთავად, ცხოვრების დონეს აამაღლებდა და ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ბავშვის ყოლისაკენ უბიძგებდა - საბოლოო ჯამში, არაფერი შეიცვლებოდა და ადამიანის მოდგმა ერთგვარ ჭაობში დარჩებოდა, სამუდამოდ.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანის მახვილგონივრულობას საზღვარი არ აქვს - ისტორიამ დაამტკიცა, რომ მალთუსი ცდებოდა.
თუმცა, ეს ტექსტი სულ სხვა რამეს ეხება და სჯობს, ამბის თხრობას დავუბრუბდეთ.
ბოლო დროს, მსოფლიო კვების ინდუსტრიაში ერთი საინტერესო ტრენდი გამოიკვეთა: დიდი და მცირე კვების ობიექტები, მათ მენიუში ცხოველური წარმომავლობის პროდუქტებს მცენარეული პროდუქტებით ანაცვლებენ. თუმცა, საქმე მხოლოდ ვეგანობაში როდია - ამ გადაწყვეტილებებს, წინ ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროცესები მიუღძვის.
ცოტა ხნის წინ, McDonalds-მა მენიუში ახალი ვეგანური ბურგერი - McPlant-ი
დაამატა, რომლის მთავარი კომპონენტი - მცენარეული წარმომავლობის პროდუქტებისგან დამზადებული კატლეტია. ცხოველური პროდუქტების ჩანაცვლების ეს მიდგომა - ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, რასაც მომავალი გვიქადის. კატლეტს, რომელსაც McDonalds-ი იყენებს, ამერიკული კომპანია Beyond Meat-ი აწარმოებს, რომელიც ამ სფეროში, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, შვიდმილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და 80 ქვეყნის ათვისებული ბაზრით.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი მიდგომა საკვების მიმართ, საკვების ტექნოლოგიური განვითარების მხოლოდ ძალიან მწირი ნაწილია. საქმე ისაა, რომ ადამიანის აზროვნებამ პარადიგმული ცვლილება განიცადა და სწორედ ეს ახლად ჩამოყალიბებული აზროვნება განსაზღვრავს იმას, რასაც მომავალში მივირთმევთ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ადამიანი მიხვდა, რომ საკვები სხვა არაფერია, თუ არა ქიმიური ელემენტები, რომლებისგანაც ის შედეგება - ამგვარად, საკვების არამხოლოდ მარტივ მამრავლებად დაშლა შეიძლება, არამედ ამ ელემენტების კოპირებაც.
გამოდის, რომ რძე სხვა არაფერია, თუ არა საკვები ნივთიერებების - ცილებიც, ცხიმებისა და ნახშირწყლების ერთობლიობა, რომლის შექმნა ძროხის გარეშეც შეიძლება. არც ხორცია გამონაკლისი: დღეს, ხორცის შექმნა ლაბორატორიაში შეგვიძლია და ამისთვის, ცხოველების ამოხოცვა საჭირო არ არის. ფერმერობაც კი დაიხვეწა, რადგან მცენარეების გაზრდა მიწის გარეშე და წყლის ზედაპირზე შეიძლება, თან სახლის პირობებში. სწორედ ამგვარი ტექნოლოგიების წყალობით, მომავლის საკვები მორალურად უფრო გამართლებული და ფიზიკურად უფრო სუფთა იქნება, ხოლო მისი შექმნა დედამიწას საფრთხეში არ ჩააგდებს.
რაკიღა საუბარი დედამიწის მიმართ მიყენებულ ზიანზე ჩამოვარდა, უპრიანი იქნებოდა ერთი-ორი სიტყვა ამ თემაზეც გვეთქვა, რადგან, რაც უნდა უცნაური იყოს, ფერმერობისა და მეცხოველეობის ტრადიციული სექტორები - დედამიწას განსაკუთრებით აზიანებენ.
მოდი, დავიწყოთ ძროხებით, რომლებიც, რაც უნდა უცნაური იყოს, დედამიწას საგრძნობლად აზიანებენ. ყველაფერი არც თუ ისე რთულადაა: ძროხა მცოხნავი ცხოველია, რაც იმას ნიშნავს, საკვების გადამუშავებას, მათი კუჭი ამ საკვების ფერმენტაციას ახდენს და შედეგად, ძროხა სათბურ გაზს - მეთანს გამოყოფს. თავისთავად ცხადია, რომ საქმე ორიოდ ძროხას კი არა, მათ მასობრივ მოშენებას ეხება. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საერთო ჯამში, მოცულობით, ძროხების მიერ გამოყოფილი მეთანი - მსოფლიოს მხოლოდ ორ ქვეყანას ჩამორჩება.
თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოველის გაზრდას - კიდევ არაერთი რესურსი სჭირდება, მათ შორის მიწა. საქმე ისაა, რომ ხშირად, მასობრივი წარმოების ფერმების გასაშენებლად, ტყეებს, სავანებსა და ჭაობებს ვანადგურებთ და გვავიწყდება, რომ ეს ეკოსისტემები ნახშიროჟანგს შთანთქავენ და ასაწყობებენ. 2018 წლის სამეცნიერო კვლევის
თანახმად, ყოველწლიურად, მსოფლიოში 50 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე გაშენებული ეკოსისტემები - უბრალოდ ნადგურდება. ცნობისთვის, საქართველოს ფართობი 69700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქმე ისაა, რომ სხვა სახეობის ცხოველებთან შედარებით, ძროხები ძალიან ნელა მრავლდებიან და თან, მათ გაზრდა გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს: ერთი გრამი ძროხის ცილის დამზადებას ორჯერ მეტი მიწა
სჭირდება, ვიდრე ერთი გრამი ქათმის ან ღორის ცილის დამზადებას. კიდევ უფრო რადიკალური მაგალითი თუ გინდათ, გეტყვით, რომ მიწის იმ რესურსით, რომელიც ერთი გრამი ძროხის ცილის დამზადებას სჭირდება, ლობიოსგან ოცჯერ მეტი ცილის მიღება
შეგვიძლია. ახლა კი, ერთგვარი აღსარების დრო დადგა: საქმე ისაა, რომ, როგორც წესი, არც ერთ ტექსტს დაუსრულებელს არ ვტოვებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად, მგონი ასე აჯობებს. არის რაღაცები, რაც ადამიანმა თვითონ უნდა გამოიკვლიოს, აბა, სხვანაირად როგორ გამოვა?
დასასრულს, მხოლოდ ისტორიაზე დავწერ. საქმე ისაა, რომ ამ სტატიაში აღწერილი პროცესები - არახალია. აი, მაგალითად, ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელი ანტრეპრენიორი, ჰენრი ფორდი, რომელიც, უმეტესწილად, კონვეიერის შემქმნელად და მანქანების მწარმოებლად არის ცნობილი - მცენარეული რძის ერთ-ერთი პიონერი გახლდათ. უცნაური ჰენრი ფორდი, ცხოველებს მცირე ქარხნებად აღიქვამდა - ძროხა, მაგალითად, თავისთავად, მცირე საწარმო იყო, რომლის მთავარი დანიშნულება რძის წარმოება იყო. „ეს ხომ მარტივია“, -
წერდა ფორდი. „ავიღოთ მარცვლები, რომლებსაც ძროხები ჭამენ და მათგან ბუნებრივზე უფრო სუფთა და აღმატებული რძე გამოვწუროთ". ფორდი იმასაც წერდა, რომ ძროხის მიერ რძის წარმოების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია და ადამიანმა უნდა გამონახოს გზა, თუ როგორ შექმნას რძე - ძროხის გარეშე.
თან, ეს დასავრული იდეა როდია. სოიოს რძეს ძველ ჩინეთშიც სვამდნენ, ხოლო მცენარეული პროდუქტებისაგან ხორცს ბუდისტებიც ამზადებნენ, თხუთმეტი საუკუნის წინათ: ისინი წყალსა და ფქვილს ერთმანეთში ურევდნენ და ცომს მანამ ზელდნენ, სანამ სახამებელს არ გაიყვანდნენ - ბოლოს კი, ხორბლის გლუტენისგან ხორცისნაირ მასას იღებდნენ.
ბოლოს კი, ერთ ამბავს მოგიყვებით: საქმე ისაა, რომ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ევოლუციურად, ადამიანის მოდგმა მცენარეების მჭამელი უფრო იყო, ვიდრე ხორცისა. მცენარეები, რომელთა მეურნეობას ძირითადად ქალები უძღვებოდნენ, იზრდებოდა ყველგან, მათ შორის სოფლების სიახლოვეს და მათი მოკრეფა და მოშენება, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ხორცის შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარად იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უწინდელი ნადირობა, სულაც არ ჰგავს მის დღევანდელ შთამომავალს.
ჩვენი წინაპრები პრიმიტიულები იყვნენ, ხოლო ცხოველები, რომლებზეც ნადირობდნენ - ამ ჩვენი წინაპრების უსუსურობის კვალობაზე, განსაკუთრებით ავები და დიდები ჩანდნენ. ნადირობის ამბავი ასე იყო: ადგებოდნენ სოფლის ბიჭ-კაცები, შეიმოსებოდნენ, აიკაზმებოდნენ, საგზალს მოიმარაგებდნენ და სანადიროდ გაემართებოდნენ, რამდენიმე დღით და შორს. დაბრუნებოდნენ თუ არა, არავინ იცოდა - აქედან მოდის მთელი მეტაფორები, ვეფხისა და მოყმისა თუ სხვა გმირთა. გამოუვიდოდათ ნადირობა? ჩამოვიდოდნენ რამდენიმე თვეში, საგზლით - ნაწილს გზაში შეჭამდნენ, ნაწილს ოჯახში მიიტანდნენ. არ გამოუვიდოდათ და, აქეთ მოინადირებდა რომელიმე ვეფხი, დათვი ან ბიზონი.
მოკლედ, საქმე ისაა, რომ ხორცს ნაკლებად ეტანებოდნენ და მგონი, მართლებიც იყვნენ.