,,აპოლოს’’ პროექტის მთავარი მიზანი არც მეცნიერული კვლევების ჩატარება და არც კოსმოსის შესწავლა არ ყოფილა...’’
კარლ სეიგანის განმარტება ყველა დროის აქტუალურ კითხვებზე
• 1969 წლის ივლისის იმ დღიდან მოყოლებული, ათზე მეტმა ადამიანმა გაიარა ჩვენი თანამგზავრის ფხვიერ, კრატერებით დაფარულ, უძველეს რუხ ლავაზე იმ უცნაური ხტომა-სიარულით, რომელსაც „მთვარეზე სეირნობას" უწოდებენ.
თუმცა, 1972 წლის მერე, იქაურობას არც ერთი ქვეყნის ასტრონავტი აღარ გაჰკარებია.
მეტიც, „აპოლოს“ დიდების დღეების შემდეგ, ერთი ადამიანიც კი არსად გაფრენილა, დედამიწის გარშემო დაბალ ორბიტაზე ფრენას თუ არ ჩავთვლით.
იმ ბავშვს ვგავართ, რამდენიმე საცდელ ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე კი, შეშინებული და სუნთქვაშეკრული, ისევ დედის კალთას ჩაებღაუჭება, რადგან მის სიახლოვეს ყოფნისას არაფერი ემუქრება.
იყო და არა იყო რა, ადამიანი მზის სისტემაში რამდენიმე წლის განმავლობაში დაფრინავდა.
შემდეგ ისევ დედამიწაზე დაბრუნდა.
რატომ? რა მოხდა? საერთოდაც, რა იყო „აპოლოს“ შექმნის მიზეზი და მიზანი?
გამაოგნა იმ მასშტაბურმა და გაბედულმა გზავნილმა, რომელიც 1961 წლის 25 მაისს ჯონ კენედის მიერ კონგრესის გაფართოებულ სხდომაზე „ქვეყნის გადაუდებელი საჭიროებების“ შესახებ წარმოთქმულ მოხსენებაში გაისმა და რომელმაც „აპოლოს“ პროგრამას დაუდო სათავე.
ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა რაკეტები, რომლებიც ჯერ აგებული არ იყო;
შენადნობები, რომლებიც ჯერაც არ მიგვეღო;
სანავიგაციო სისტემები, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეგვექმნა;
და ყველაფერი იმისთვის უნდა გაგვეკეთებინა, რომ ადამიანი იმ უცნობ სამყაროში გაგვეგზავნა, რომელიც ჯერ ზედაპირულადაც კი, თუნდაც ზონდებით, არ გამოგვეკვლია;
შემდეგ კი ასტრონავტი უსაფრთხოდ უნდა დაგვებრუნებინა დედამიწაზე...
და ეს ათწლეულის დასრულებამდე უნდა მოგვესწრო.
თანაც, ამ თავდაჯერებული განაცხადის გაკეთების დღეს ამერიკელები ჯერ დედამიწის ორბიტაზეც კი არ ყოფილან გასული.
მე, ახალგამომცხვარი დოქტორი, ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მეცნიერების განსავითარებლად იგეგმებოდა.
თუმცა, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს მთვარის ჩამოყალიბების მიზეზთა კვლევის ან, თუნდაც, მის შესასწავლად თანამგზავრიდან დედამიწაზე ნიმუშების ჩამოტანის შესახებ.
კენედის თითქოს მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ ვინმე მთვარეზე გაეგზავნა და მერე ისევ დედამიწაზე დაებრუნებინა.
ეს განცხადება წარმოადგენდა ერთგვარ ჟესტს.
კენედის მრჩეველმა მეცნიერების საკითხებში, ჯერომ ვისნერმა, მოგვიანებით გამიმხილა, რომ პრეზიდენტს შეუთანხმდა: თუ კენედი არ იტყოდა, რომ „აპოლო“ სამეცნიერო პროექტი იყო, მაშინ ვისნერი მას მხარს დაუჭერდა.
თუ მისიის საფუძველს მეცნიერული კვლევა არ წარმოადგენდა, მაშ, პროექტის მიზანი რა იყო?
„აპოლოს“ პროგრამა, სინამდვილეში, მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდებაო, მეუბნებოდნენ მავანნი.
ეს მოსაზრება უფრო საგულისხმო ჩანდა.
ნუთუ, ის ქვეყნები, რომლებიც კომუნისტურ ბლოკში არ შედიოდნენ, საბჭოთა კავშირისკენ გადაიხრებოდნენ, თუკი ეს უკანასკნელი კოსმოსური კვლევების ლიდერი იქნებოდა და ამერიკა საკმარისი „ეროვნული სიძლიერის“ ჩვენებას ვერ მოახერხებდა? არაფერი მესმოდა.
შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს, ფაქტობრივად, ყველა ტექნოლოგიურ სფეროში უსწრებდა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ეკონომიკას ფლობდა, ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავდა, ზოგჯერ კი მორალური წინამძღოლის ფუნქციასაც ასრულებდა...
ჰოდა, ინდონეზია უეცრად კომუნისტური ქვეყანა მხოლოდ იმიტომ გახდებოდა, რომ გაგარინმა დედამიწის ორბიტაზე გასვლა ჯონ გლენს დაასწრო?
რით არის კოსმოსური ტექნოლოგიები ასეთი განსაკუთრებული? უცებ ყველაფერს მივხვდი.
დედამიწის გარშემო, ორბიტაზე, ადამიანის გასაფრენად ან მზის ირგვლივ ზონდების გასაშვებად საჭიროა რაკეტები – დიდი, სანდო, მძლავრი ხომალდები.
ამ რაკეტების გამოყენება ბირთვულ ომშიც შესაძლებელია.
იმავე ტექნოლოგიას, რომელსაც ადამიანი მთვარეზე აჰყავს, ძალუძს, ბირთვული ქობინები დედამინის ერთი წერტილიდან მეორემდე გადაიტანოს.
ტექნოლოგიას, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ასტრონომების გაყვანასა და ტელესკოპების გატანას უზრუნველყოფს, ასევე შეუძლია, ორბიტაზე ლაზერული „საბრძოლო სადგური“ განათავსოს.
მაშინ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამხედრო წრეებში უკვე მიმდინარეობდა გაცხარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ კოსმოსი ახალი „ბრძოლის ველია“ და რომ ქვეყანა რომელიც მასზე „კონტროლს მოიპოვებს“, ის დედამიწაზეც საკუთარ ძალაუფლებას დაამყარებს.
რა თქმა უნდა, ჩვენს პლანეტაზე სტრატეგიული რაკეტების გამოცდა უკვე ტარდებოდა;
თუმცა, ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც წყნარ ოკეანეში მდებარე სამიზნე ზონაში ფუჭი ქობინი გადააქვს, დიდი ვერაფერი სატრაბახოა.
კოსმოსში ადამიანის გაგზავნა კი მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.
მარტო ამ მიზეზით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება, ცხადია, სისულელეა, მაგრამ საკუთარი რაკეტების სიძლიერის საჩვენებლად საუკეთესო საშუალებაა.
ეს ქმედება ერის „სიმამაცის” დემონსტრაცია იყო.
ამის თვალსაჩინო გამოხატულებას წარმოადგენდა თვით რაკეტა-მატარებლების ფორმაც, რომელსაც არანაირი ახსნა-განმარტება არ სჭირდებოდა.
თითქოს ერთი მხარის არაცნობიერი მეორისას ამ გზით დაუკავშირდა, ისე რომ რაიმეს ასახსნელად უფრო დახვეწილი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება არც დასჭირვებია.
დღეს, ჩემს კოლეგებს, რომლებიც კოსმოსური კვლევებისთვის თითოეული დოლარის მოსაპოვებლად იბრძვიან, ალბათ დაავიწყდათ, ფულის შოვნა „აპოლოს“ დიდების დღეებში და ცოტა ადრეც რა ადვილად შეიძლებოდა.
ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითი არსებობს.
თუნდაც გავიხსენოთ საუბარი, რომელიც 1958 წელს, „სპუტნიკ 1-ის“ გაშვებიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის მხარდაჭერის ქვეკომიტეტის სხდომაზე შედგა.
კითხვებს სენატის სამხედრო-საჰაერო ძალების კომიტეტის მდივნის მოადგილე რიჩარდ ი. ჰორნერი პასუხობდა, მას დემოკრატების წარმომადგენელი, პენსილვანიის შტატის დეპუტატი დენიელ ჯ. ფლადი ესაუბრებოდა.
» ჰორნერი: სამხედრო თვალსაზრისით, ადამიანის მთვარეზე დაშვება რატომ არის სასურველი?
ტრადიციული თვალსაზრისით, ნაწილობრივ, იმიტომ, რომ მთვარე არსებობს.
ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ შეიძლება, ერთ დღეს ამის გაკეთება საბჭოთა კავშირმა მოახერხოს, ჩვენ კი სანანებელი გაგვიხდეს, რომ ის უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ, რომელსაც მთვარეზე დაშვება იძლევა...
» ფლადი: თუ ჩვენ დავთანხმდებით იმ თანხის გამოყოფას (რამდენიც გინდა იყოს), რომელიც, როგორც ამბობთ, აუცილებლად გჭირდებათ, შეძლებთ თუ არა თქვენ, საჰაერო ძალები, მთვარეზე რაიმე, სულერთია, რა, ამ შობამდე დასვათ?
» ჰორნერი: დარწმუნებული ვარ, შევძლებთ.
ასეთი წამოწყების დროს გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეგვიძლია. დიახ, სერ.
» ფლადი: საჰაერო ძალებში ან თავდაცვის დეპარტამენტში ვინმესთვის ხომ არ გითხოვიათ, საკმარისი ფული, აღჭურვილობა და ხალხი გამოეყოთ, რათა მომდევნო შუაღამიდანვე დაგეწყოთ მუშაობა და საშობაოდ ძია სემისთვის იმ ბურთიდან მწვანე ყველის ნაჭერი საჩუქრად ჩამოგეტანათ? ვინმეს უკვე სთხოვეთ?
» ჰორნერი: ასეთი პროგრამა უკვე წარვადგინეთ თავდაცვის მდივნის ოფისში. ამჟამად განიხილავენ.
» ფლადი: ბატონო თავმჯდომარევ, მე გთავაზობთ, მათ ფინანსები ახლავე გამოვუყოთ და არ დაველოდოთ, სანამ მთავრობიდან ვინმე გადაწყვეტს, რომ ამის გაკეთება გვთხოვოს.
თუ ამ კაცმა ზუსტად იცის, რასაც ამბობს (მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ასეა), მაშინ კომიტეტი ხუთი წუთითაც კი არ უნდა დაფიქრდეს.
მათ ფულიც უნდა მივცეთ, ტექნიკაც და ადამიანური რესურსებიც – ყველაფერი, რასაც ითხოვენ, მიუხედავად იმისა, სხვები რას ფიქრობენ ან რა სურთ.
დავავალოთ, რომ ახლავე დაიწყონ მუშაობა, ზედმეტი კითხვების გარეშე.
• როდესაც პრეზიდენტმა კენედიმ „აპოლოს“ პროგრამის კონცეფცია ჩამოაყალიბა, თავდაცვის დეპარტამენტში უკვე არაერთ კოსმოსურ პროექტს განიხილავდნენ:
როგორ უნდა გაეყვანათ სამხედრო პერსონალი კოსმოსში, როგორ უნდა გაეშვათ ორბიტაზე ადამიანის მიერ მართული ხომალდები, ასევე, ავტომატური საბრძოლო აპარატები, რომელთა მიზანიც სხვა ქვეყნების სატელიტებისა და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება უნდა ყოფილიყო.
„აპოლომ“ ყველა ეს პროგრამა ჩაანაცვლა, რის გამოც მათი ამოქმედება გაურკვეველი დროით გადაიდო.
ამიტომ, შეიძლება, ითქვას, რომ „აპოლო“ სხვა მიზანსაც ემსახურებოდა – მას აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის კოსმოსური დაპირისპირება სამხედროდან სამოქალაქო ასპარეზზე უნდა გადაეტანა.
ბევრს სჯერა, რომ კენედიმ „აპოლო“ სწორედ იმისთვის ჩაიფიქრა, რათა დაგეგმილი გამალებული კოსმოსური შეიარაღება შეეჩერებინა. შეიძლება, ასეც იყო.
მე, პირადად, ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში ყველაზე დიდ ირონიას აღმიძრავდა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მიერ ხელმოწერილი ფირფიტა, რომელიც „აპოლო 11-მა“ მთვარეზე აიტანა.
მასზე ამოტვიფრულია წარწერა: „ჩვენ მოვედით მშვიდობიანი კაცობრიობის სახელით“.
იმ დროს, როცა შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პატარა ქვეყნებს 7.5 ტონა კონვენციური ბომბები დააყარა, საკუთარ თავს ჩვენსავე მშვიდობისმოყვარეობასა და ჰუმანურობას ვულოცავდით:
ვაცხადებდით, რომ ქანების იმ უსიცოცხლო გროვაზე არავის არაფერს დავუშავებდით.
ეს ფირფიტა დღესაც იქ არის, „აპოლო 11-ის“ მთვარის მოდულის სადგამზე დამაგრებული, უჰაერო სიმარტოვეში, სიმშვიდის ზღვით გარემოცული.
თუ არავინ „შეაწუხებს“, მისი წაკითხვა მილიონი წლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება.
„აპოლო 11-ს" მოჰყვა კიდევ ექვსი ექსპედიცია, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა ვერ მოახერხა მთვარის ზედაპირზე დაშვება.
„აპოლო 17" პირველი ხომალდი იყო, რომელშიც მეცნიერი იჯდა.
როგორც კი ის მთვარეზე დაფრინდა, პროგრამა შეჩერდა.
პირველი მეცნიერი და უკანასკნელი ადამიანი მთვარეზე ერთი და იგივე პიროვნებაა.
ამ პროგრამამ თავის მიზანს ჯერ კიდევ 1969 წლის ივლისის იმ ცნობილ ღამეს მიაღწია.
მომდევნო ფრე- ნები მხოლოდ გარკვეული ინე- რციის შედეგად განხორციელდა.
„აპოლოს“ პროექტის მთავარი მიზანი არც მეცნიერული კვლევების ჩატარება და არც კოსმოსის შესწავლა არ ყოფილა.
„აპოლო“ იდეოლოგიურ კონფრონტაციასა და ბირთვულ ომს უკავშირდებოდა, რაც ხშირად შენიღბული იყო ისეთი პათეტიკური სიტყვებით, როგორიცაა „ლიდერობა", ქვეყნის „პრესტიჟი“ და ა.შ.
თუმცა, ამ პროექტის მეცნიერული მხარეც წარმატებული აღმოჩნდა.
დღეს მთვარის შემადგენლობის, ასაკისა და ისტორიის, ასევე, მისი რელიეფის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცით.
მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ იმ საიდუმლოს ამოხსნის გზაზეც, თუ როგორ გაჩნდა ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი.
მეცნიერთა ნაწილმა, მთვარის კრატერების სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეძლო, უკეთ გაეგო, როგორი იყო დედამიწაზე არსებული პირობები იმ პერიოდში, როცა მასზე სიცოცხლე გაჩნდა.
თუმცა, „აპოლოს“ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ის გახლდათ, რომ მის საფარქვეშ საინჟინრო ხელოვნება ძალზე წარმატებულად განვითარდა – შესაძლებელი გახდა ბრწყინვალე კოსმოსური საფრენი აპარატების შექმნა, რომლებმაც თითქმის მთელი მზის სისტემა დაზვერეს და ათობით ციური სხეულის წინასწარი, ზედაპირული შესწავლა მოახერხეს.
„აპოლოს“ „ნაშიერებმა“ დღეს სხვა პლანეტებს მიაღწიეს.
ეს ხომალდი რომ არ ყოფილიყო (და, შესაბამისად, ის პოლიტიკური მიზნები, რომლებსაც პროექტი ემსახურებოდა), არა მგონია, აშშ-ს მზის სისტემის შემსწავლელი ისტორიული ექსპედიციები ოდესმე განეხორციელებინა.
„მარინერები", „ვიკინგები", , , პაენიერები“, „ვოიაჯერები“ და „გალილეო" – ეს „აპოლოს“ მიერ მორთმეული ძღვენია.
„მაგელანი“ და „კასინი“ მისი უფრო შორეული მემკვიდრეები არიან.
მსგავსი შედეგები გამოიღო საბჭოთა კავშირის მიერ მზის სისტემის შესწავლისკენ მიმართულმა ძალისხმევამაც: „ლუნა 9“, „მარს 3“, „ვენერა 8“.
„აპოლომ“ მოგვანიჭა თავდაჯერებულობა, ენერგია და ის ფართო თვალსაწიერი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის შთაგონებისა და წარმოსახვის წყაროდ იქცა.
მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო.
„აპოლოს“ წარმატებამ ჩაგვინერგა ოპტიმისტური დამოკიდებულება ტექნოლოგიებისადმი და სამომავალო ენთუზიაზმი.
„თუ ჩვენ მთვარეზე გაფრენა მოვახერხეთ, – ფიქრობდა ბევრი, – კიდევ რის გაკეთებას შევძლებთ?"
ვინც შეერთებული შტატების პოლიტიკასა და ქმედებებს აკრიტიკებდა (მათაც კი, ვინც დაუფარავად გვლანძღავდა), ეს პროგრამა გენიალურ და გმირულ წამოწყებად შერაცხეს.
„აპოლოს“ შედეგად, შეერთებული შტატები საყოველთაოდ აღიარებულ დიად ქვეყნად იქცა.
როდესაც დიდი მოგზაურობისთვის ემზადებით და ჩემოდნებს ალაგებთ, არასდროს იცით, წინ რა გელით.
„აპოლოს“ ასტრონავტებმა ჯერ მთვარისკენ ფრენისას, შემდეგ კი უკან დაბრუნებისას მშობლიურ პლანეტას არაერთი ფოტოსურათი გადაუღეს.
ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ ამ ქმედებებმა ისეთი შედეგები გამოიღო, როგორსაც არავინ ელოდა.
კაცობრიობის ისტორიაში პირველად დედამიწის ბინადრებმა შეძლეს, თავიანთი პლანეტა ზემოდან დაენახათ – მთელი დედამიწა, ფერადი ციური სხეული, თეთრი და ლურჯი ფერის მბრუნავი ბურთი კოსმოსის უსასრულო სიბნელის ფონზე.
ამ სურათებმა ჩვენი მიძინებული პლანეტური ცნობიერება გამოაფხიზლა.
გავიაზრეთ, რომ ყველანი ერთ, ძალიან მგრძნობიარე პლანეტაზე ვცხოვრობთ.
ამ გამოსახულებებმა შეგვახსენა, რა არის მნიშვნელოვანი და რა - არა.
ეს სურათები „ვოიაჯერიდან“ გადაღებული იმ ფოტოების წინამორბედებად იქცნენ, რომლებზეც მკრთალი ლურჯი წერტილია აღბეჭდილი.
შესაძლოა, მომავლის ასეთი ხედვა სწორედ საჭირო დროს გავისიგრძეგანეთ – მაშინ, როცა ჩვენი ტექნოლოგიების განვითარებამ პლანეტაზე სიცოცხლის შემდგომი არსებობა ეჭვქვეშ დააყენა.
რაც უნდა ყოფილიყო „აპოლოს“ მიზანი, ეს პროგრამა ცივი ომის ეპოქის ნაციონალიზმსა და სიკვდილის მთესველ იარაღებთან რაოდენ გადაჯაჭვულადაც უნდა გვესახებოდეს, „აპოლოს“ მოულოდნელი და ბრწყინვალე საბოლოო შედეგი ის აღმოჩნდა, რომ კაცობრიობამ ნათლად გააცნობიერა დედამიწის ერთიანობა, პლანეტის სიმყიფე მისი შენარჩუნების აუცილებლობა.
ის, რაც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების გამო დაიწყო, მთელი პლანეტის გაერთიანებით დასრულდა, რადგან კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭირო ძირითად საკითხებზე შევთანხმდით.
— მკრთალი ლურჯი წერტილი, კარლ სეიგანი.