რომის პაპის გარდაცვალება არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს პროცესი მკაცრად განსაზღვრული რიტუალებითა და წესებით მიმდინარეობს, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
გარდაცვალების ოფიციალური დადასტურება
პაპის გარდაცვალების შემდეგ, ვატიკანის კამერლენგო (ამჟამად კარდინალი კევინ ფარელი) ოფიციალურად ადასტურებს მის გარდაცვალებას. შემდეგ მისი საცხოვრებელი ლუქდება, ხოლო პაპის „მეთევზის ბეჭედი“ და მთავარი შტამპი განადგურდება, რათა მათი შემდგომი გამოყენება გამოირიცხოს. აღსანიშნავია, რომ პაპის გარდაცვალების შემთხვევაში ავტოფსია არ ტარდება.
დაკრძალვისა და სამგლოვიარო რიტუალები
დაკრძალვის თარიღს კარდინალთა კოლეგია განსაზღვრავს. სამგლოვიარო რიტუალები ცხრა დღის განმავლობაში გრძელდება, რაც ლათინურად "ნოვენდიალს" ეწოდება. პანაშვიდები, როგორც წესი, წმინდა პეტრეს მოედანზე იმართება, გარდაცვალებიდან 4-6 დღის განმავლობაში.
პაპ ფრანცისკეს სურვილია, რომ მისი დაკრძალვა წმინდა მარიამის ტაძარში, უბრალო ხის კუბოში მოხდეს, განსხვავებით ტრადიციული წმინდა პეტრეს ტაძრის საძვალისგან.
გარდამავალი პერიოდი
პაპის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა საყდრის მართვა კარდინალთა კოლეგიას გადაეცემა. ამ პერიოდში მათი უფლებამოსილება შეზღუდულია და მხოლოდ აუცილებელი საქმეების მართვას მოიცავს.
ახალი პაპის არჩევა – კონკლავი
პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ, ვატიკანში სიქსტის კაპელაში იკრიბება კონკლავი – კარდინალთა შეკრება, რომელიც ახალ პაპს ირჩევს. კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ 80 წლამდე ასაკის კარდინალებს. ახალი პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების ორ მესამედს პლუს ერთი რაოდენობა.
ყოველი კენჭისყრის შემდეგ, სიქსტის კაპელიდან ამოსული კვამლი მიანიშნებს შედეგზე:
შავი კვამლი – კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა
თეთრი კვამლი – ახალი პაპი არჩეულია
ახალი პაპის არჩევის შემდეგ, კარდინალთა კოლეგიის დეკანი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან აცხადებს: „Habemus Papam“ ("გვყავს პაპი"), რის შემდეგაც ახალი პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს დალოცავს.
პაპის გარდაცვალება და ახალი პაპის არჩევა კათოლიკური ეკლესიისთვის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენებია. ეს პროცესი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდ ყურადღებას იპყრობს.
მნიშვნელოვანია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ედვარდ ბერგერის ფილმი "Conclave", რომელიც ზუსტად იმ პროცესებს აღწერს, რომელიც რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ ხდება. მხატვრულ ფილმში გაშიშვლებულია კათოლიკური ეკლესიის ელიტარული სასულიერო ფენის ნადმვილი სახე. პროცესი სავსეა ინტრიგებითა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის სურვილით.
აღსანიშნავია, რომ "Conclave"-ში ერთ-ერთი კარდინალის როლს ქართველი მსახიობი - მერაბ ნინიძე ასრულებს.