როგორ განვავითაროთ ემპათია ბავშვებში😊⬇️

11
გამოხატეთ თანაგრძნობა თქვენი შვილის მიმართ და ასევე, აჩვენეთ სხვების თანაგრძნობის მაგალითი. ბავშვები ემპათიას ჩვენზე დაკვირვებით სწავლობენ და იმასაც აკვირდებიან, ჩვენ თვითონ რამდენად ვართ მათ მიმართ თანამგრძნობები.ემპათია შვილების მიმართ შეგვიძლია გამოვხატოთ სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მათი ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათი ინდივიდუალურობის გაგება და გათვალისწინება, მათი ცხოვრების სტილისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა....
ბავშვები ასევე აკვირდებიან, როგორ ვექცევით, ვაფასებთ სხვებს. ისინი ამჩნევენ როგორ ვექცევით მიმტანს რესტორანში, კურიერს, ვამჩნევთ მათ და ვაფასებთ , თუ ჩვენთვის ისინი უხილავნი არიან.. ისინი აკვირდებიან, განვიცდით თუ არა მათი თანაკლასელის პრობლემებს ან რაიმე გამოწვევას.
ეცადეთ:
• უკეთ გაიცნოთ თქვენი შვილი
დაუსვით მას შეკითხვები; მაგალითად, დღეს რა ისწავლე საინტერესო, რა იყო დღეს შენთვის ყველაზე რთული, არჩევანი რომ გქონდეს დღის დარჩენილ მონაკვეთს როგორ გაატარებდი, გყავს თუ არა მეგობარი, რომელსაც განსაკუთრებით აფასებ? რას აფასებ მასში ყველაზე მეტად?
• გამოხატოთ ემპათია სხვების მიმართ, მათ შორის მათ მიმართაც, ვინც თქვენგან განსხვავებულია.
ეცადეთ, რომ რეგულარულად იყოთ ჩართული რაიმე საზოგადოებრივ სამსახურში, უკეთესია, თუ ამას შვილთან ერთად გააკეთებთ. გამოხატეთ ინტერესი სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ.
სხვებზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციეთ და დააწესეთ მაღალი ეთიკური მოლოდინები.
ბავშვები, პირველ რიგში, მშობელში უნდა ხედავნენ, რომ სხვებზე ზრუნვა მათთვის პრიორიტეტია და ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვა.
გაითვალისწინეთ ყოველდღიური ფრაზები, რომლებსაც ბავშვებს ეუბნებით ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ხარ ბედნიერი“, შეიძლება თქვათ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიკეთე გააკეთე და ამან ბედნიერება მოგანიჭა.“
• აჩვენოთ, რომ ბავშვის ემპათიურობა, თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ჰკითხეთ მასწავლებლებს და მწვრთნელებს, არიან თუ არა თქვენი შვილები საზოგადოების მზრუნველი წევრები, ნაცვლად იმისა, რომ ჰკითხოთ მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრების, ქულების, წარმატებების შესახებ.
• დაეხმაროთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო არ ბრუნავს.
აჩვენეთ მაგალითი, რომ ზოგჯერ სხვების ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია და შესაძლოა, სხვისი თანაგრძნობის, გათვალისწინების მოტივით გარკვეულ რამეზე უარის თქმაც მოგვიწიოს.
ხშირად ჰკითხეთ ბავშვებს თანაკლასელების და სხვა თანატოლების შესახებ. სთხოვეთ, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან თანატოლებთან, გაითვალისწინონ სხვათა განცდებიც.
დაბოლოს, დაეხმარეთ ბავშვებს ემოციური თვითრეგულაციის განვითარებაში და ემოციების გამოხატვაში. ხშირად თანაგრძნობის ნაკლებობის მიზეზი ისაა, რომ მათში სხვა მძაფრი ემოციები აფერხებს თანამგრძნობელობის განცდას, სხვებზე ზრუნვის სურვილს აჭარბებს მაგალითად ბრაზი, შური, სირცხვილი თუ სხვა განცდები. ბავშვებს სჭირდებათ დახმარება, რომ ისწავლონ საკუთარი ემოციების ამოცნობა, სახელდება, გამოხატვა, რაც მათში ემპათიურობას აუცილებლად გააღვივებს.
სტატია მოამზადა აზროვნების აკადემიის პედაგოგმა, ფილოლოგმა ლიკა ჩხაიძემ
11