უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 30 ოქტომბრის მდგომარეობით რუსეთის არმია თავდაცვის მოსამზადებლად აქტიურ ზომებს იღებს ხერსონის მახლობლად, სადაც დასახლებულ პუნქტ კალანჩაკში ამ დღეებში რუსეთის გვარდიის გროზნოს ქვედანაყოფის ერთი ასეული ჩავიდა.
"გარდა ამისა გრძელდება სხვადასხვა დაწესებულების ე.წ. "ევაკუაცია". არსებული ინფორმაციით, ხერსონის ნომერ 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან ოკუპანტებმა პატიმრები გაიყვანეს. ხოლო აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიას მოწინააღმდეგე პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს", - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ხერსონის რაიონის ქალაქ ნოვაია კახოვკას ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურები აქტიურად უსმენენ სამოქალაქო მოსახლეობის სატელეფონო საუბრებს.
ომის პირობებში ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.
რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქალაქ ხერსონიდან ევაკუირებულია ყველა სამოქალაქო პირი. ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა სერგეი აკსიონოვმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონი მოინახულა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ.
სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით 29 ოქტომბერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, დაჩქარებული ტემპით ცდილობს დატოვოს ხერსონი, რომელიც მან ინტერვენციის პირველ თვეს დაიკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის არმია არ აპირებს ხერსონიდან უკან გასვლას, არამედ ახორციელებს საინფორმაციო ოპერაციას, რათა უკრაინამ იქ ფრონტის სხვა მიმართულებიდან დამატებითი ძალები გადაისროლოს.