2023 წლის საბავშვო ევროვიზია მასპინძელი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. ქვეყანამ კონკურსი ზედიზედ მეორედ მოიგო. 13 წლის ფრანგმა მომღერალმა ზოი კლოზიურმა საბავშვო ევროფესტივალის ფინალში სიმღერა Cœur შეასრულა და ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 228 ქულა დაიმსახურა; აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა უმაღლესი ქულა მიიღო როგორც ჟიურისგან, ასევე მაყურებლისგან.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა 74 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს. როგორც წესი, საბავშვო ევროვიზიაზე ჟიურისგან უფრო მეტ ქულას ვიღებთ ხოლმე, ვიდრე — ტელემაყურებლისგან; 2023 წელი განსხვავებული გამოდგა: ჟიურის შეფასებით 16 მონაწილე ქვეყანას შორის მხოლოდ მე-14 ადგილი გვერგო, აი, ტელემაყურებლის ქულებით კი მე-9 ადგილი დავიკავეთ.
როგორი შეფასების სისტემა მოქმედებს საბავშვო ევროვიზიაზე: კონკურსზე ცალ-ცალკე, თანაბარი პროპორციით ითვლება ჟიურის ქულები და ტელემაყურებლის (ონლაინ ხმის მიცემის) ხმები. 16-ვე ქვეყანაში მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური მონაწილეებს 1-7, 8, 10 და 12 ქულით აფასებს: საუკეთესოს უწერს 12 ქულას, მე-2 ადგილზე მყოფს 10-ს, მესამეზე — 8-ს და ა.შ. რაც შეეხება მაყურებელს, ის პროცესში მხოლოდ ონლაინ ხმის მიცემით მონაწილეობს. შესაბამისად, ჯერ განისაზღვრება, ჟიურის ჯამში მაქსიმუმ რამდენი ქულის დაწერა შეუძლია (წელს ეს რიცხვი 928 იყო), შემდეგ კი მიღებული ხმები პროპორციულ ქულებად ნაწილდება მონაწილეებზე.
ჟიურის შეფასება
16 მონაწილე ქვეყნის ჟიურიმ ჯამში 21 ქულა მოგვცა. ეს შეფასება კი შემდეგი ქვეყნების მიერ დაწერილი ქულების ჯამია:
- ესპანეთისგან — 5 ქულა
- პორტუგალიისგან — 5 ქულა
- სომხეთისგან — 4 ქულა
- გაერთიანებული სამეფოსგან — 3 ქულა
- იტალიისგან — 3 ქულა
- გერმანიისგან — 1 ქულა
საქართველო შეფასების გარეშე დატოვა მალტის, უკრაინის, ირლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, ალბანეთისა და ნიდერლანდების ჟიურიმ.
ტელემაყურებლის ქულები
როგორც ვთქვით, ჟიურის და მაყურებელს ცალ-ცალკე ჯამში 928 ქულის დაწერა შეეძლო. კონკურსის ორგანიზატორმა მარტინ ოსტერდალმა თქვა, რომ ონლაინ ხმის მიცემაში წელს 175 ქვეყნიდან ჩაერთნენ. უცნობია, რომელი ქვეყნის ტელემაყურებელმა იაქტიურა ყველაზე მეტად საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ჯამში ონლაინ ხმის მიცემით 53 ქულა მოვაგროვეთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ მაყურებლისგან ხმების 5, 72% გვერგო. მიღებული ხმების დაახლოებით ჯამურ რაოდენობას კი მოგვიანებით შევიტყობთ.
როგორ გადანაწილდა ქულები საქართველოდან
წლევანდელ ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს ჟიურის შეფასება ასეთი გახლდათ:
- ესპანეთი — 12 ქულა
- სომხეთი — 10 ქულა
- იტალია — 8 ქულა
- გერმანია — 7 ქულა
- უკრაინა — 6 ქულა
- საფრანგეთი — 5 ქულა
- ალბანეთი — 4 ქულა
- ირლანდია — 3 ქულა
- პორტუგალია — 2 ქულა
- ესტონეთი — 1 ქულა
წყარო: on.ge