სნეულება ყველას ერთი გვჭირს — სიცრუე…

9
ხვალ მეზვერის და ფარისევლის კვირაა🙏🙏🙏 უფალმა სინანული მოგვმადლოს❤️
ერთ საავადმყოფოში მრავალი სნეული იყო. ერთნი სიცხიანები იწვნენ და მოუთმენლად ელოდნენ ექიმის მოსვლას;სხვები სეირნობდნენ, თავს ჯანმრთელად თვლიდნენ და ექიმის დანახვა არ სურდათ. ერთ დილას ექიმი მოვიდა პაციენტების სანახავად. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი, რომელსაც სნეულთათვის გადასაცემი დაჰქონდა. ამ მეგობარმა დაინახა სიცხიანი ავადმყოფები და შეებრალა.– არსებობს მათთვის წამალი? – ჰკითხა ექიმს. ექიმმა ყურში ჩასჩურჩულა: – მათთვის, ვინც სიცხიანი წევს, წამალი არსებობს, ხოლო მოსეირნეებისთვის წამალი არ არის... ისინი განუკურნებელი სნეულებით არიან დაავადებულნი; შიგნიდან მთლად გამომპალნი არიან. ექიმის მეგობარს ძალიან გაუკვირდა.                       გაუკვირდა ორი რამ: ადამიანთა სნეულებების საიდუმლო და ის, რომ კაცის თვალი სანდო არ ყოფილა.                                     ახლა კი წარმოიდგინე: ჩვენც ამ მსოფლიო საავადმყოფოში ვიმყოფებით სამკურნალოდ. სნეულება ყველას ერთი გვჭირს, მისი სახელია – სიცრუე. ეს სიტყვა ყველა ვნებას მოიცავს, ყველა მანკიერებას, ყველა ცოდვას – მოკლედ, ჩვენი სულის, გულისა და გონების ყველა სისუსტეს და მთელ დაუძლურებას. ზოგი ავადმყოფი ახლახანს დასნეულდა, სხვების სნეულება გაცხარებულია, მესამენი კი ჯანსაღდებიან. თუმცა ადამიანის ამ შინაგან სნეულებას ის თვისება აქვს, რომ მხოლოდ სიჯანსაღეს მიახლოებულებმა უწყიან, რა საშინელი ავადმყოფობა გადაიტანეს. ყველაზე მძიმედ სნეულები ყველაზე ნაკლებად გრძნობენ თავის სნეულებას. ხორციელი სნეულების დროსაც, მაღალი სიცხისას კაცი ვერც საკუთარ თავს აცნობიერებს და ვერც თავის ავადმყოფობას. გიჟიც არასოდეს იტყვის, რომ გიჟია. სიცრუის გზაზე ახლად შემდგართ გარკვეული დროის განმავლობაში რცხვენიათ თავისი სნეულებისა, მაგრამ ცოდვების გამეორებას სწრაფად მიჰყავს ისინი ცოდვიან ჩვეულებამდე, ხოლო ამ ჩვეულებას სიცრუით თრობამდე და ცდუნებამდე, როცა სული ვეღარც საკუთარ თავს აცნობიერებს და ვეღარც თავის სნეულებას. ახლა კი წარმოიდგინე, რომ საავადმყოფოში მოდის ექიმი და კითხულობს:– რა გტკივა?ისინი, ვინც ახალი დასნეულებულია, სირცხვილით ვერ გაბედავენ აღიარონ თავისი ავადმყოფობა და იტყვიან:– არაფერი. ისინი, ვისი სნეულებაც გაცხარებულია, განაწყენდებიან კიდეც ასეთი კითხვის გამო და არა მარტო იტყვიან:– არაფერი გვაწუხებს! – არამედ თავის ქებასაც კი მოჰყვებიან საკუთარი სიჯანსაღით. და მხოლოდ სიჯანსაღეს მიახლოებულნი ამოიოხრებენ და ეტყვიან ექიმს:– ყველაფერი გვტკივა, ყველაფერი! შეგვიწყალე და გვიშველე!"თუკი გეშინია საკუთარი ცოდვების აღიარებისა, მაშინ მზერა ჯოჯოხეთის ალს მიაპყარი, რომლის ჩაქრობა მხოლოდ აღსარებას შეუძლია" (ტერტულიანე. სინანულის შესახებ).ამგვარად, დაუფიქრდი ამ ყოველივეს, მოისმინე ქრისტეს იგავი და თავად განსაჯე, რამდენად გეხება შენ. თუკი გაკვირვებით იტყვი: "ეს იგავი მე არ მეხება", – ჩანს, დასაწყისში ყოფილხარ სნეულებისა, რომელსაც სიცრუე ეწოდება. თუ აღშფოთებით იტყვი: "მე მართალი ვარ, ეს იგავი კი ჩემს გარშემო მყოფ ცოდვილებს ეხება", – მაშინ შენი სნეულება გაცხარებული ყოფილა. ხოლო თუკი სინანულით მკერდში ხელს იცემ და ამბობ: "ჭეშმარიტად, სნეული ვარ და მკურნალი მჭირდება", – ეს ნიშნავს, რომ განკურნების გზას ადგახარ. ამ შემთხვევაში ნუ გეშინია – განიკურნები.
ერთი სიტყვით: ამაღლდება ის, ვინც მეზვერესავით მოიქცევა. ფარისეველი განუკურნებელი ავადმყოფია, რომელიც ვერ ხედავს თავის სნეულებას; მეზვერე – ავადმყოფია, რომელიც იკურნება, რადგან დაინახა თავისი სნეულება, შეუვრდა მკურნალს და მიიღო წამალი. 
დაე შეიწყალოს უფალმა ყველა მონანული ცოდვილი და განკურნოს ცოდვის სნეულებისაგან ყველა, ვინც ევედრება მას შიშითა და ძრწოლით, ადიდებს მას, როგორც მოწყალე მამას, მხოლოდშობილ ძეს და ყოვლადწმიდა სულს – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ნიკოლოზ სერბი

9