სომოქალაქო აქტივიზმის როლი და სირთულეები მაღალმთიან აჭარაში სოციალური ცვლილებების მხარდაჭერისთვის

0
არ ვიცი, როგორ სჯობს...  დიდაქტიკური ტერმინოლოგიით გაჯერებული ესე დავწერო, თუ უბრალო გლეხის " თოხი ტარზე დაყუდებულის"  ენაზე. ჭირ-ვარამი და ვაი ვიში, თუ რა კარგია, რომ ვვარსებობთ და მეტ-ნაკლებად ჯანმრთელები მაინც რომ  ვართ, (და ამას იქით “რაღაცა იქნებას” მოლოდინით რომ არაფერს ვაკეთებთ) ამისთვის მადლიერების სიტყვებით გამოვუჭედო მკითხველს ყური?!
   ილიას დავესესხო  ( “რა გითხრათ რით გაგახაროთ”)? თუ ვაჟას და აჭარელ ზვიადაურად წარმოვადგინო თავი?იქნებ, სულაც სელიმი სჯობს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირა ბევრი თავისი ქვეშევრდომისა და თანამემამულის სიცოცხლის გადასარჩენად?! (“მე კი მჭრით თავს, მაგრამ  გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალეთს  სამუდამოდ არ შერჩება, ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ.”) იქნებ, ის გავიხსენო, რომ ჩემს ქვეყანაში მკვდრებიც კი იგებენ სამკვდრო-სასიცოცხლო ომებს და ამით შეგულიანებულმა დავმშვიდდე და სხვებიც დავამშვიდო, "ღმერთი გასცემს  ყველას თავის საკადრის პასუხს"- ო  და გავაგრძელოთ, მომიტევეთ და "კუჭ-მუცელის ამოყორვისა და დაცარიელების ( უკაცრავად, კი ვარ, მაგრამ...)  პროცესი და არხეინად მხარ-თეძოზე  წამოწოლილმა ვთვალოთ ჭერში ბუზების ოდენობა, ჩიხირთმა სჯობს თუ ბოზბაშის კამათში გართულებმა…
   იქნებ, იმის მტკიცება სჯობს, რომ მე ვარ ის, ვისაც მთელი ქვეყანა უნდა გაყვეს, (მაგრამ სად უნდა გაყვეს, როგორც წესი, არავინ კითხულობს! მთავარია "ესენი მოშორდნენ და ვინც გინდა ის იყოს" ) მოუსმინოს, მხარი დაუჭიროს და, რაც მთავარია, დაემორჩილოს, რათა უკეთესად აცხოვროს მთელი ერი დიდიან-პატარიანად და ასე გადარჩება ჩვენი ქვეყანა!  არ ვიცი…  რომელი სჯობს? 
  იქნებ, ჩვენი საკეთებელი საქმე  უნდა ვაკეთოთ? მაგრამ რა არის ეს "ჩვენი საკეთებელი საქმე" ?  არის კი ის, რითიც ამჟამად  ვართ დაკავებულნი?! ვსკანდირებთ და გავყვირით : ლიბერალიზმი, დეცენტრალიზაცია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია, თუმცა მხოლოდ ფურცელზე ვწერთ და ვაკითხებთ მავანთ და მავანთ. არჩევნებზე ოთხივე კიდურით, მათ გადატყავებამდე, ვუკრავთ ტაშს ხან იმას, ხან ამას, იმის გათვალისწინებით, ვის რა ფერის ფულის კუპიურები აქვს და რამდენი. გმირებსა და ერთადერთებს ვეძებთ, რათა ყველაფერი ავკიდოთ მათ და "განტევების ვაცი" გვყავდეს, რადგან საკუთარი ხელით საქმის კეთება რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადია. ასევე, ძალიან სარისკო, რადგან დაშვებულ შეცდომას სხვას ვერ გადააბრალებ და მოგიწევს, ღირსეულად აგო პასუხი ნამოქმედარზე, რაც საბოლოოდ უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე ნებისმიერი ბრძნული ნაშრომის გადაბულბულება და ინგლისურ ტანისამოსში გამოწყობილი (თუმცა, ინგლისურ ტანსაცმელს არაფერს ვერჩი.) თავის მოტანა და არგუმენტთა ფრქვევა: არიქა, ევკლიდე, პლატონი ან სულაც ლაო ძი   ცდებოდა თურმე, თორემ მე რა შუაში ვარ, მე ისე ვცხოვრობ, როგორც სწავლებები მოითხოვს, ეს თქვენ ხართ გაუნათლებელ-უმეცარიო…
  ერთნი სამლოცველოებში სიარულითა და ლოცვით იტყავებენ კიდურებს, მეორენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მიმდევარი და დამოკიდებული ადამიანი ჰყავდეთ მათ გუდაში, ამ უკანასკნელს რომ ზოგი "პურითა და თაფლით" ახორციელებს. სხვები - ღმერთის განსაცდელის მოვლენის შიშით, სხვებიც კიდე - სიყვარულის ინტერპრეტირებით. მართალი ბრძანდებით, ეს ახლა არ დაწყებულა, სამწუხაროდ, არც დამთავრდება, ალბათ, არასდროს და ამას თავისი დანიშნულება აქვს, როგორც ფენომენს, რათა ადამიანს შეეძლოს არჩევანის გაკეთება და ამ კონტექსტში სრულიად გასაგები და აუცილებელიცაა. თუმცა, ანალიტიკური მასალაა და არა აუცილებელი ცხოვრების წესი. არაერთხელ მივსდგომივართ ერთმანეთის კარებს და გვითქვამს :"ჰეი, შენ, გამომყევი მე, რათა გადარჩე. მცდარ ღმერთს ემსახურები და თუ ასე არ მოიქცევი, გადაგბუგავ დედაბუდიანად". მხოლოდ ჯვაროსნული ომები  გვეყოფა მაგალითისათვის. შორს რომ არ წავიდეთ, რას ვაკეთებთ აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვენი?! ერთმანეთს კი არ ვასწავლით, არამედ ვუბრძანებთ: " შენ ჯოჯოხეთში დაიწვები, რადგან... შენ ვერასდროს ეზიარები ჭეშმარიტებასა და სიყვარულს, რადგან ქრისტეა ღმერთი, მკვდრის მაცოცხლებელი, უსინათლოთა თვალის ამხელი”… ამ დროს რუსთაველი, რომელსაც არც მაშინ და არც ახლა დავუფასეთ, არ ვუფასებთ მის წვლილს ჩვენი ქვეყნის იდენტობის საქმეში შეტანილს,   ამბობს: "ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა". მეტი რაღა სიბრძნე, ცოდნა და ფილოსოფია გინდა. არ გვჯერა რუსთაველის? კარგი, რას ამბობს ყურანი " ჩვენ დაგადგინეთ თქვენ (ადამიანები) ერებად და ტომებად, ღმერთისთვის ყველაზე მისაღები იქნება ის, ვინც ყველაზე უფრო ღვთისმოშიში  იქნება (და აქ არ იგულისხმება ფიზიკური შიში, რადგან ეს არაფერს ნიშნავს იმ სამყაროსთვის, რომლის შემოქმედიც თავად უზენაესი და ერთადერთა. აქ, სავარაუდოდ, უნდა იგულისხმებოდეს მეტაფიზიკური ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც ეშინია სწორი გზიდან აცდენის და ილუზიაში გადაჩეხვისა, რაშიც, სამწუხაროდ, ადამიანთა 90% ვცხოვრობთ და ვერ გაგვირჩევია "თეთრი  ძაფი შავისაგან").
  ქრისტე ამბობდა "მე მხოლოდ მაუწყებელი ვარ და მთელი სიბრძნე (რაშიც სამყაროების წარმოშობის, მათი ფუნქციონირებისა და აღსასრულის შესახებ ცნობა იგულისხმება) მხოლოდ ერთმა მამა ღმერთმა უწყის".  თურმე, სხვებსაც სცოდნიათ, თან თანამედროვეებს, თვით ამ რელიგიის წარმოშობის წყარომაც რომ არ უწყოდა ისეთი ამბავი. 
  ილია მოკლეს იმ ქართველებმა, რომელთაც საკუთარი ხელით ზუსტად ის გამოაცხადეს, რასაც ილია შეეწირა. ( საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა) ის ამბობდა: "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცეო" . შევრაცხეთ წმინდანად და მისი ნათქვამ-ნამოქმედარს არაფრად ვაგდებთ. მარტო ვიჩემებთ " ენა, მამული, სარწმუნოება" ( არასწორი თანმიმდევრობითი ინტერპრეტაციაა ამ ფრაზის " მამული, ენა, სარწმუნოება " თქვა ილიამ და თუ რატომ, ამას გამგები გაიგებს.) 
   ბარათაშვილი, ეს დიდი გენიოსი, ილიას ილიად შემქმნელი, თავის ნაშრომებს სახლში ინახავდა და ხელნაწერებს ამრავლებდა, საკუთარი ხელით გადაწერილებს , იმის შიშით, რომ ვერ გაუგებდა მაშინდელი ქართველი და უბრალოდ დაიკარგებოდა ის, რაზეც ოცნებობდა, რასაც განიცდიდა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა, მით უმეტეს, მაშინდელ საქართველოს, მაგრამ არ სჭირდებოდა მაშინდელ ქართველს და ასე გრძელდება დღესაც. ჩვენი საქციელი საკუთარი თანამედროვეების მიმართ. დიახ, თუნდაც შენ , მკითხველო, შენივე გარემოცვასთან  მიმართებაში...
  ახლა კი სრული უფლება გაქვთ, იკითხოთ, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ "სამოქალაქო აქტივიზმის როლი და სირთულეები მაღალმთიან აჭარაში სოციალური ცვლილებების მხარდაჭერისთვის" თემასთან რა კავშირშიაო?!  მე კი გიპასუხებთ, რომ მე აჭარელი,   თანაც  განსხვავებული, არამოდური ( ბოდიშის ვიხდი ასეთი ინტერპრეტაციისთვის) რელიგიის აღმსარებელი ვარ, ამ ისედაც ერთ ციდა ერში, ერთი ბეწო რეგიონის მკვიდრი,   რომელსაც ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ კი ირიბად უწევს უმტკიცოს თანამოქალაქეებს, რომ ისიც ქართველია და არავსიზე ნაკლები, თუ მეტი არა,   სისხლი და მსხვერპლი არ გაუღია ამ ულამაზესი და ერთ-ერთი უნიკალური ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. ამის ახსნისას ვცდილობ, ჩემს თანამედროვეებს ვაჩვენო ჩვენი როლი და აზრი ამ ქვეყანაში არსებობისა, მაგრამ ამის მანიფესტირებისას ბევრს ჰგონია, რომ ვინმეს ქართველობას ვეხვეწები და ჩვენი მწერლის, ზურაბ გორგილაძის, მწარ-მწარედ ნათქვამი ფრაზა მახსენდება:  "ტაო კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით,
საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები" 
 კიდევ ბევრია სათქმელ-საკეთებელი. მე იმედი მაქვს, ჩვენი თაობა საკმარისად ძლიერი აღმოჩნდება იმისათვის, რომ მომავალ თაობას იგივე რიტორიკის დაჭერა არ მოუხდეს და იგივე უფსკრულებში არ იმზირებოდრს, როგორც ჩვენ. მე მჯერა იმის რომ ამისი გამოსწორება და შეცვლა, ჩვენი თაობის საქმეა და მონდომება და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს.
0