სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა I ATINATI

7
9 თებერვალს,  18:00 საათზე,  ATINATI’S კულტურის ცენტრში სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
სოფო ჩერქეზიშვილის (1971) შემოქმედება განზოგადებულად ქალის (feminine) ერთგვარი პერსონალური დღიურებია. ძირითადად ხასხასა, გამომსახველი ფერებით ავტორის წარმოსახვები, უმეტესწილად, მასშტაბურ ტილოებზეა წარმოდგენილი. მის შემოქმედებაში ერთი და იგივე იდენტობის გამომხატველი სახე განმეორებითია. ქალის სახე მეორდება ყველა მის ნამუშევარში, თუმცა გამომეტყველება, ემოციები და კონტექსტი განსხვავებულია. ამისთვის ავტორი დროდადრო ქართულ შრიფტსაც მიმართავს და ზოგჯერ სურათს პირდაპირ ნახატშივე ასათაურებს.
"რატომ ქალები? - მე დღეს ჩემს გრძნობებზე ვლაპარაკობ მათი საშუალებით.
რას ვქმნი? - ადამიანებს, რომლებიც არსებობენ ჩემს გარშემო, მათ ვაკვირდები, ვისმენ, ველაპარაკები. მაინტერესებს ადგილები არსებული და არარსებული." - ს. ჩ. 
"სოფიო ჩერქეზიშვილის ნამუშევრები ემოციებით დატვირთულ დღიურებს მოგვაგონებს, სადაც ვიზუალური ხატებებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა. მომაჯადოებელი ტრანსფორმაცია ერთ მედიუმს მეორედ გადააქცევს და ქმნის მისეულ ესთეტიურ ფორმებს, მესიჯებს და უსასრულო ინსპირაციას."- ნათქვამია ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალ, "art.gov.ge"-ზე. 
ის 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა და პროექტში: „რატომ ამოდის ჩემ თავზე ბალახი“, „ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი ცხოვრება“, „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“, „თუ დაგჭირდება გემებიც ჩერდებიან“ და სხვ.
7