სპექტაკლები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ | მარტის თვის აფიშა

8
ბოლო დროს თეატრი სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა, ბილეთები სალაროებიდან უმალვე ქრება. განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდების დაინტერესება, შესაძლოა ითქვას, რომ ქართველი ახალგაზრდობა სპექტაკლებში ხედავს თავის სათქმელს. 
სწორედ ამიტომ, თუ თქვენც იმ ადამიანების სიაში ხართ, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბილეთის ყიდვა სასურველ სპექტაკლზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გთავაზობთ სხვადასხვა ალტერნატივას, რომლის ნახვაც მარტის თვეში შეგიძლიათ:

ალფრედი და ვიოლეტა - გაბრიაძის თეატრი

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», რომელშიც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა.
დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა გაბრიაძის თეატრის სცენას, ოღონდ უკვე ახალი სახით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ესკიზები. ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.
ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე გათამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…
სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე - მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.

ხომ არ აფრენ?! - თუმანიშვილის თეატრი

„ხომ არ აფრენ?! “ესაა სიურეალისტური კომედია ოჯახურ დრამაზე, თუმცა, მთავარი სათქმელი სცდება ოჯახური ცხოვრების საზღვრებს, კომფორტულ რუტინაში დაკარგულ ადამიანს და ზოგადად ადამიანური ბედნიერების არსს ეხება.
მივლინებიდან დაბრუნებული ცოლი ქმარს უცხადებს, რომ აეროპორტში ვინმე მანფრედი გაიცნო, მასთან რამდენიმე დღე გაატარა, შეყვარებულია და ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა. ქმართან ცხოვრება მოსაწყენი გამხდარა , , ყოველი ახალი დღე წინას ჰგავს’’, მაფრედთან კი ქალს მენტალური თავსებადობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს და გადაუწყვეტია, რომ სამივემ ერთად უნდა იცხოვროს.
ცხოვრების არანორმალურ რიტმს აყოლილი, ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ადამიანები შეძლებისდაგვარად ცდილობენ თავისი წილი ბედნიერების მოპოვებას და შენარჩუნებას. საბოლოოდ, პირისპირ მარტოდ დარჩენილი ცოლ-ქმარი ხვდება, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იპოვო სიყვარული, ოჯახური ბედნიერება კი სწორედ ყოველდღიურ წვრილმანებში შეიძლება იყოს.

მხოლოდ ხუთი დღე - თავისუფალი თეატრი

როდის ხდება ტყუილი დამღუპველი? ვინ შეიძლება გახდეს ტყუილის მსხვერპლი? ან, საერთოდ რას ნიშნავს იყო ტყუილის მსხვერპლი?
ნათქვამია: როდესაც სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ხოლო, როცა ვიტყუებით, შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ... სიყვარული, თუნდაც ყველაზე ძლიერი, განწირულია განადგურებისთვის, თუ მას სათავეში ტყუილი უდევს... რატომ ხდება ასე?... რა არის ამის მიზეზი?... ...და სად არის გამოსავალი?

იგი - მოძრაობის ტეატრი

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ინსცენირება, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ. პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე.

კუგელმას! - თუმანიშვილის თეატრი

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის, მწერლის ვუდი ალენის მოთხრობის - „კუგელმასის ეპიზოდური როლი“ - მიხედვით სპექტაკლი „კუგელმას!“.
როგორი უფერული, უსახურია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, მართალია მას ოცნების უნარი კიდევ შერჩენია, მაგრამ არ ძალუძს მათი განხორციელება. სპექტაკლი დაგაფიქრებს, მაგრამ არ დაგამძიმებს. პირიქით, შემოქმედებითი ჯგუფის მიერ იუმორითა და გროტესკით გადმოცემული ამბავი მაყურებელს ერთგვარი სიმსუბუქისა და სილაღის შეგრძნებას უტოვებს.
ახალგაზრდა რეჟისორის ინსცენირებაში შენარჩუნებულია ავტორისეული პიკანტური იუმორი, რომელიც ზოგ შემთხვევაში გროტესკში გადაიზრდება ხოლმე. რაც მთავარია, რეჟისორმა და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ის სიმსუბუქე შეინარჩუნეს, რაც, ჩემი აზრით, ვუდი ალენის ფილმებს ახასიათებს. ამერიკელი შემოქმედი თავის ნაწარმოებებში პრობლემებს სიმძიმის გარეშე, ისეთი იუმორით წარმოაჩენს ხოლმე, რომ მაყურებელი თუ მკითხველი დაფიქრებასა და გააზრებასთან ერთად, ყოველთვის რაღაცნაირად ყოველთვის კარგ ხასიათზე დგება.

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა - გაბრიაძის თეატრი

ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“
შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთად. 
ბილეთები
8