დამაჯერებელი იქნება თუ ვიტყვით, რომ თეატი თანამედროვე საზოგადოებაში ახალიდან დაიბადა. ახლებური ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში, იგივენაირად ჩაითრია და მონუსხა, როგორც უწინ.
ფიწალი დისნეი | თეატრი ათონელზე
ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს, სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინება. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. "ფიწალი დისნეი" აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.
თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის პიესა დროული აღმოჩნდა მსახიობებისთვის. მათი ინიციატივით შედგა კოლაბორაცია მხატვართან და მუსიკოსთან. მასალის ერთობლივად გააზრება და სცენაზე გადატანა გახდა ჯგუფის მიზანი. ფილიპ რიდლის პიესა ქართულ თეატრში პირველად დაიდგა.
UNLOVE | ღია სივრცე
“UNLOVE” არის დავით ხორბალაძის მულტიმედია ტრილოგიის მეორე ნაწილი. ტრილოგია იკვლევს სამყაროს კრიზისის პროცესს და მის რამდენიმე ელემენტს. პირველ ელემენტი იყო მეხსიერება ( სპექტაკლი – “UNMEMORY”) – მისი უწყვეტი განადგურების და დაშლის პროცესი. ამჯერად, შემოქმედებითი ჯგუფი იკვლევს სიყვარულს არარსებობისა და არსებობის უკიდურეს ზღვარზე.
შავი ფრინველი | თეატრი ათონელზე
სტომატოლოგიური მასალების საწარმოში მისული უცნობი ახალგაზრდა ქალი საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, პიტერთან, ითხოვს შეხვედრას. მოულოდნელი სტუმარი აღმოჩნდება გოგონა, რომელთანაც 15 წლის წინ, პიტერს მალული სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. გოგონა მაშინ არასრულწლოვანი იყო, თუმცა ამის მიუხედავად პიტერს და უნას ჰოლანდიაში გაპარვა ჰქონდათ განზრახული. მათი გეგმები გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ჩაიშალა. პიტერი დააპატიმრეს. უნას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა.
წლების შემდეგ, დევიდ ჰაროუერის პიესის გმირები ცდილობენ გაარკვიონ თუ რა მოხდა მათ შორის, რატომ დარჩა პატარა უნა უცხო ქალაქში მარტო და წარსულში დაბრუნებით გულგრილს არ ტოვებენ მაყურებელს.
პათეტიკური მონოლოგები | თეაატრი ჰარაკი
ილია ქორქაშვილის სპექტაკლი თემო რეხვიაშვილის ტექსტზე, სატირაა, პაროდია იმ საზოგადოებაზე, იმ ადამიანებზე, იმ ამბებზე, იმ სტერეოტიპებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც გარს გვახვევია და რომლებიც ჩვენშია. ლაღად, თავისუფლად, მახვილი იუმორითა და არასტანდარტული ფორმით, "მონოლოგები", მსახიობების შესანიშნავი ნამუშევრითა და დამდგმელი ჯგუფის ასეთივე მკაფიო და გამჭვირვალე შემოქმედებითი ამოცანის გადაჭრით, მხატვრული სამყაროს შექმნით, სპექტაკლი სწორედ იმ პათეტიკისა და არქეტიპების ნგრევის იმ მოხდენილ პროცესებს გადის, რაც ასე სჭირდება დღეს ქართულ კულტურას.
მერე რა რომ, სველია სველი იასამანი | თავისუფალი თეატრი
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პიესა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შესახებ ამ სპექტაკლში თქვენ შეხვდებით 90-იანი წლების დეგრადირებული მოსახლეობის ტრაგიკულ სახეებს.
დირიჟორი | თეატრი სახელოსნო 42
1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს-ფურტვენგლერს ასამართლებენ.დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშავო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.
პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები I ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
"გრძნობებით მანიპულირება. სიყვარული როგორც ავადმყოფობა. საკუთარი ვნების გალიაში მოხვედრა. რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა "პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.
მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება."
___