საერთო ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პაციენტისათვის აუცილებელი ვარჯიშების შესრულების მიზნით, COVID-19 პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ტელემედიცინის ჩართვა ფიზიკურ თერაპიაში.
რა არის ტელემედიცინა და დისტანციური ფიზიკური თერაპია ?
ტერმინი “ტელემედიცინა” მოიცავს ყველა იმ სამედიცინო დარგს, რომელიც პაციენტებს ემსახურება საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით.
სარეაბილიტაციო ცენტრში თუ სახლში ვიზიტის ნაცვლად, პაციენტებს საშუალება აქვთ ფიზიკურ თერაპევტს ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ და სახლიდან გაუსვლელად ივარჯიშონ.
ტელემედიცინა გამოიყენება ფიზიკური თერაპიის სხვადასხვა დარგში, პაციენტებთან, რომლებიც არ საჭიროებენ სპეციალისტთან პირისპირ კონტაქტს.
ეფექტურია თუ არა დისტანციური ფიზიკური თერაპია?
ჩატარებული კვლევები ამტკიცებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ონლაინ ფიზიკური თერაპია ისეთივე ეფექტურია, როგორც უშუალო კონტაქტისას სპეციალისტთან. მაგალითად:
- “The Journal of Bone and Joint Surgery”-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც ენდოპროთეზირება ჩაუტარდათ, ტელერეაბილიტაცია ეფექტური იყო, როგორც ტრადიციული მკურნალობა.
- “Musculoskeletal Journal of Hospital for Special Surgery” ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრნობით, ისეთივე კმაყოფილები იყვნენ, როგორც პირისპირ ვარჯიშისას პოსტკოვიდურ პერიოდში ჩატარებული ონლაინ ფიზიკური თერაპიის შედეგებით.
დისტანციური ფიზიკური თერაპიის უპირატესობები
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ფიზიკური თერაპია განსხვავდება ტრადიციული თერაპიის სესიისგან, ტელემედიცინას თავისი უპირატესობებიც აქვს:
უსაფრთხოება
COVID-19 გავრცელების გაზრდილი რისკის პირობებში, მთავარი ამოცანაა მაღალი რისკის მქონე პაციენტების ვირუსისაგან დაცვა. დისტანციური ფიზიკური თერაპია არის საშუალება უსაფრთხოდ მიიღოს პაციენტმა საჭირო სერვისი, სახლიდან გაუსვლელად.
მეტი ხელმისაწვდომობა
დისტანციური ფიზიკური თერაპია მეტი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, მათთვის, ვინც ფიზიკური თერაპიის ცენტრისგან მოშორებით ცხოვრობს, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა არ აქვს. ასეთ შემთხვევებში, ონლაინ სესიებზე დასწრება ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე პირისპირ შეხვედრებზე.
პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული პერიოდისას პაციენტმა შეიძლება ვერ შეძლოს სეანსზე მისვლა. ონლაინ სერვისი კი საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად გაიუმჯობესოს ფუნქციები, უნარები და გამოჯანმრთელდეს.
დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა
პაციენტი ნაწილობრივ სწავლობს საკუთარი სიმპტომების მართვას, რაც ზრდის დამოუკიდებლობის განცდას და დადებითად მოქმედებს ფუნქციების აღდგენის პროცესზე. ონლაინ სესიების ჩატარება შესაძლებელია გარე სივრცეში (მაგ: დასასვენებელი პარკი) და იქ სადაც პაციენტი ცხოვრობს. ფიზიკური თერაპევტი ასწავლის პაციენტს, თუ როგორ გამოიყენოს სარეაბილიტაციო მოწყობილობები კონკრეტული ვარჯიშების შესრულებისას სახლის პირობებში.
დროის დაზოგვა
ფიზიკური თერაპიის ონლაინ სესიები, დატვირთული ცხოვრების მიუხედავად, პაციენტს საშუალებას მისცემს არ დახარჯოს დრო ცენტრამდე მისასვლელად და სახლის პირობებში მიიღოს სერვისი.
როგორ მოვემზადოთ დისტანციური ფიზიკური თერაპიისთვის
ონლაინ სეანსისთვის დაგჭირდებათ კომპიუტერი, ტელეფონი ან პლანშეტი. პროცესს გაამარტივებს, ასევე, დამატებითი მოწყობილობები, როგორიცაა: კამერა, ტელევიზორი, დინამიკები, მიკროფონი და უსადენო ყურსასმენები.
აუცილებელი არ არის ძვირადღირებული ინვენტარის შეძენა, კონკრეტული ვარჯიშების შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში არსებული ნივთებიც.
ფიზიკურ თერაპევტს შეუძლია წინასწარ დაგიკავშირდეთ და გთხოვოთ ჩამოტვირთოთ შესაბამისი ვიდეო კონფერენციის აპლიკაცია.
სესიის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ საიმედო ინტერნეტ კავშირი და ადგილი სახლში, სადაც შეგიძლიათ თავისუფლად მოძრაობა. განათავსეთ მოწყობილობის კამერა ისე, რომ სპეციალისტმა დაინახოს ყველა თქვენი მოძრაობა.
დისტანციური ფიზიკური თერაპია შეიძლება მოიცავდეს:
- თერაპევტის მხრიდან ვერბალურ დახმარებას ვარჯიშის დროს;
- აქტივობის პაციენტთან ერთად შესრულებას;
- ვარჯიშის მონიტორიგს და განათლებას კონკრეტული სირთულეების შემთხვევაში.
ამერიკის ფიზიკური თერაპიის ასოციაცია მხარს უჭერს ტელემედიცინას, როგორც პაციენტის მოვლის ეფექტურ და შედეგიან მეთოდს.