უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება

8
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. დენისოვას თანახმად, ოლქის მცხოვრებთ არ აქვთ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამგზავრების შესაძლებლობა, უშუალოდ ხერსონის ოლქში მიმოსვლა კი, თითქმის შეზღუდულია. დენისოვას ცნობითვე, ოკუპანტები ხერსონის ოლქში არ უშვებენ მოხალისეებს ჰუმანიტარული დახმარებით და ტვირთს ძარცვავენ.
უკრაინის სახალხო დამცველი ხერსონის მერზე, იგორ კოლიხაევზე დაყრდნობით, ფეისბუკზე წერს, რომ ქალაქში მედიკამენტების მარაგი ორი კვირის შემდეგ ამოიწურება და უკვე შეინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო წამლების დეფიციტი. დენისოვას განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დაკავების პირველ დღეებში გაძარცვეს სასურსათო ქსელები და აფთიაქები და პროდუქცია ყირიმსა და რუსეთში გაიტანეს, ადგილობრივ მცხოვრებთ კი, ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების სახით ურიგებენ ვადაგასულ პროდუქტს და მედიკამენტებს და სანაცვლოდ მოითხოვენ საპასპორტო მონაცემებს და პენსიონერების და სოციალური მუშაკების სიებს.
უკრაინის სახალხო დამცველი გაეროს მიმართავს, გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. დენისოვას ინფორმაციით, ომის დაწყებამდე, ხერსონის ოლქში ცხოვრობდა მილიონამდე ადამიანი, დღეს კი, იქ დაახლოებით 500 ათასი რჩება.
წყარო: რადიო თავისუფლება
8