ფელისეტი - პირველი კატა კოსმოსში

5
შავ-თეთრი ფელისეტი იყო კატა, რომელიც დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა, თუმცა ხანმოკლე სიცოცხლის პირობით 😔
მან, 1963 წელს ისტორია დაწერა, რომელიც დღეს არც ისე ცნობილია საზოგადოებაში.
კატის კოსმოსში გაგზავნის იდეა 1960-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთში გაჩნდა.
მეცნიერებს აინტერესებდათ, თუ როგორ ირეაგირებდა უწონადობაში კატის მგრძნობიარე ვესტიბულარული სისტემა, რომელიც მას დედამიწაზე წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.
პარიზის ქუჩებში შეირჩა 14 პოტენციური "კატანავტი", თითოეული მათგანი მდედრი იყო და ისინი მშვიდი ქცევით გამოირჩეოდნენ.
თოთხმეტივეს კოსმოსში მოგზაურობისთვის ამზადებდნენ, თუმცა, რომლის წონაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და თან სიმშვიდის კოეფიციენტიც მაღალი ექნებოდა, მხოლოდ ის დაიმსახურებდა ბილეთს ღია სივრცისკენ.
ასეთი ფელისეტი აღმოჩნდა, თუმცა წვრთნებისას მას C341 ერქვა.
თითეულ კატას, სახელების დარქმევის მაგივრად, ციფრებით მიმართავდნენ, რათა თავიდან აერიდებინათ ემოციური კავშირი კატებსა და მწვრთნელებს შორის.
მოკლედ, 1963 წლის 18 ოქტომბერს ფელისეტმა თავისი ისტორიული მოგზაურობა, საფრანგეთის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში, დაიწყო.
რაკეტა Véronique AG1 ავიდა 100 კმ სიმაღლეზე (საზღვარი დედამიწასა და კოსმოსს შორის), შემდეგ ისევ ოდნავ მაღლა, სადაც კაფსულა, რომელშიც "კატანავტი" იყო, გაათავისუფლა.
157 კილომეტრის სიმაღლეზე და ოფიციალურად კოსმოსის უწონადობაში კატამ რამდენიმე წუთი გაატარა და დედამიწაზე დაბრუნდა.
მთელი მოგზაურობის განმავლობაში, იგი სპეციალურ კონტეინერში მწოლიარე მდგომარეობაში იყო და მის კაფსულას ილუმინატორები არ ჰქონდა.
ფრენის დროს, კატამ ორჯერ მეტი გრავიტაციული ძალა განიცადა, ვიდრე "აპოლოს" ასტრონავტებმა მთვარეზე ფრენისას, თუმცა საბორტო მონაცემებმა დაადასტურეს, რომ ფელისეტი აბსოლუტურად მშვიდად იყო.
მას შემდეგ, რაც "კატანავტი" უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე, ფრენის მონაცემები მედიაში მალევე გავრცელდა.
მათ კატას მამრის სახელი, ფელიქსი შეცდომით დაარქვეს, თუმცა მისიაზე პასუხისმგებელმა სამეცნიერო დაწესებულებამ სახელი ფელისეტით შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ფელისეტის გაშვება მეცნიერული წარმატება იყო, მისი ხვედრი მაინც სამწუხარო იყო.
მკვლევრები, დაბრუნებიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, მასზე სხვადასხვა კვლევებს ატარებდნენ.
მის ტვინში ფრენამდე ჩანერგილი ელექტროდები უნდა ამოეღოთ, რათა მიეღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ვესტიბულარული სისტემისა და კატის ტვინის შესახებ.
ამის გამო, ევთანაზიის გაკეთება გახდა საჭირო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კატა მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი იყო, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ცხოველ კოსმო-მოგზაურებზე.
თუმცა, ეს მოცემულობა 2017 წელს შეიცვალა - მაშინ, როდესაც ენთუზიასტმა მეთიუ სერჟ გაიმ კატის საპატივსაცემად Kickstarter-ის კამპანია წამოიწყო.
1100-ზე მეტმა ადამიანმა შემოწირულობა გაიღო და ჯამში $57 000 შეგროვდა.
ფული 1, 5 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების შექმნაზე დაიხარჯა, რომელიც მოქანდაკე გილ პარკერმა შექმნა.
ქანდაკება ასახავს დედამიწაზე მჯდომარე ფელისეტს, რომელიც ცისკენ იყურება.
როცა ღამის ცას ახედავთ, გაიხსენეთ ფელისეტი, მამაცი კატა, რომელიც დაუპირისპირდა გრავიტაციას და გაიჭრა უცნობ გარემოში. 🐈🚀
დაე, ეს ამბავი იყოს შეხსენება იმისა, რომ ცხოველებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კაცობრიობის განვითარებაში / მეცნიერებაში.
5