გივიკო ბარათაშვილი ახალგაზრდა ქართველი მსახიობია, ის ამჟამად ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია. შექმნილი აქვს 20-ზე მეტი როლი და რამდენიმე კინოროლი. 2022 წელს„წინანდლის პრემიის“ ლაურეატის წოდება მოიპოვა კონსტანტინ ტრეპლევის მხატვრული სახის შექმნისთვის სპექტაკლიდან „თოლია“ – მისი წარმატებები ამით არ დასრულებულა.
ქართველ მსახიობს კიდევ უფრო მეტი წარმატება და პოპულარულობა სერიალ “ცვალებადმა ნიშნებმა” მოუტანა. გივიკო ბარათაშვილი 31 წლისაა, 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში, დედა – ხათუნა ბერძენიშვილი ; მამა – არჩილ ბარათაშვილი თეატრის მსახიობები არიან. მიუხედავად თეატრის გარემოცვაში გაზრდისა გივიკოს ოცნება მსახიობობა ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენთან საუბარში გივიკო ამბობს რომ ის სპორტით იყო დაკავებული და მისი სურვილი ფეხბურთელობა იყო. საბოლოოდ მან საკუთარი ცხოვრება თეატრს დაუკავშირა, გააგრძელებს თუ არა ამ პროფესიას ჯერ-ჯერობით არ იცის, “ერთ დღეს შესაძლოა აღარ მომინდეს ამის კეთება, ან მივხვდე რომ აქ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და სხვა თავშესაფარი ვიპოვო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ ეს დღე არასდროს დადგეს. მოკლედ არ ვიცი ხვალ რა მოხდება.” – ამბობს გივიკო.