ფიზიკური აქტივობა ბავშვის ადრეული განვითარების საფუძველია და გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე (Kings et. al., 2003). ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO, 2020) განმარტავს, როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მიერ წარმოქმნილ სხეულის ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც მოითხოვს ენერგიას და მოიცავს: სამსახურს, თამაშს, საყოფაცხოვრებო სამუშაოებს, მოგზაურობასა და დასვენებას.
თუ ბავშვი სათანადოდ ვერ აღიქვამს საკუთარ სხეულს, ქაოტურია, ძალისმიერი აქტივობებით არის დაკავებული, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, უჭირს კონცენტრირება მოცემულ დავალებაზე, ეს გასაკვირი არაა. ახლანდელი ბავშვები ძირითადად სახლში სხედან და სმარტფონით ერთობიან. სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ იმ ენერგიის დახარჯვას, რაც აუცილებელია მათი ასაკისთვის. უწევთ მოზღვავებული ძალების ატიპურად წარმართვა. მაშინ, როდესაც წინა თაობების აქტივობები სირბილთან, რეზინობანასთან, წრეში ბურთის, ხეებზე ძრომიალსა და წარმოსახვით როლურ თამაშებთან ასოცირდებოდა.
ბავშვის ცხოვრებაში ფიზიკური დატვირთვა საფუძველია სრულწლოვანებაში ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის (Tucker, 2008). მოტორული უნარები ერთმანეთთან ასოცირდება ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტთან, როგორიცაა: სიმსუქნე (Okely et al., 2004), თვითშეფასება (Ul-rich, 1987), კარდიოპრესპირატორული ფიტნესი (Okely et al., 2001), კოგნიტურობა (Van del Fels et al., 2015) და სხვა.
თამაში საშუალებას აძლევს ბავშვს ივარჯიშოს სხვადასხვა მოძრაობის უნარ-ჩვევაზე, თუმცა საჭიროა ფიზიკური აქტივობების გარკვეული სტრუქტურირება, რათა მან სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური პოტენციალი. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის მოტორულ განვითარებას, საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა, მოწყობა და სათამაშოებით უზრუნველყოფა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ფიზიკური დატვირთვა დღეში 60 წუთის განმავლობაში (თავისუფალი ფიზიკური დატვირთვა უნდა გაგრძელდეს დღის განმავლობაში რამდენიმე საათით). მჯდომიარე პოზიციაში ბავშვის გაჩერება მიბმულად დღეში 60 წუთზე მეტი რეკომენდირებული არ არის (ძილის გარდა) (UNICEF, 2020).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO, 2020) განმარტავს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ფიზიკური აქტივობა მოიცავს: თამაშს, სპორტს, ტრანსპორტირებას, საქმეებს, დასვენებას, ფიზიკურ აღზრდას ან დაგეგმილ ვარჯიშს, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების საქმიანობის გარემოში.
კარდიო-რესპირატორული და კუნთოვანი ფიტნესის, ძვალ-სახსროვანი სისტემის, გულსისხლძარღვთა და მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ:
• 5–17 წლის ბავშვები და ახალგაზრდები საშუალოდ ყოველდღიურად 60 წთ. ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით უნდა კავდებოდნენ.
• 60 წუთზე მეტი ფიზიკური დატვირთვა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დამატებით სარგებელს.
• ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის უმეტესი ნაწილი აერობულს უნდა წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია კვირაში მინიმუმ 3-ჯერ აქტიური აქტივობების ჩართვა, მათ შორის კუნთებისა და ძვლების გამაძლიერებელი მოქმედებები.
ფიზიკური აქტივობის შესაბამისი პრაქტიკა ეხმარება ახალგაზრდებს: ძვარ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის (ე.ი. ძვლები, კუნთები და სახსრები), გულ-სისხლძარღვთა სისტემის (გული და ფილტვები), ნეირო-კუნთოვანი აღქმის განვითარებაში (კოორდინაცია და მოძრაობის კონტროლი) და სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში.
ფიზიკური დატვირთვა, ასევე, ასოცირდება ფსიქოლოგიურ სარგებელთან ახალგაზრდებში, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომებზე კონტროლის გასაუმჯობესებლად. ხელს უწყობს სოციალურ განვითარებას, თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბების, სოციალური ურთიერთობისა და ინტეგრაციის საშუალებით. ფიზიკურად აქტიური ახალგაზრდები უფრო ხშირად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს (უარს ამბობენ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებაზე) და აქვთ უფრო მაღალი აკადემიურ მოსწრება სკოლაში (WHO, 2020).
კვლევებმა დაადგინა, რომ სხვადასხვა მოტორული და კოგნიტური დავალების დროს გამოხატულია კავშირი პრეფრონტალური ქერქის, ხერხემლის და ბაზალურ განგლიას შორის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავალება რთული და ახალია, ამოცანის პირობები იცვლება, საჭიროა სწრაფი რეაგირება და დავალების შესრულება (Van del Fels at al., 2014). ფიზიკური ვარჯიშის გარკვეული ტიპები მნიშვნელოვნად (სამჯერ) ზრდის ადამიანის ტვინის BDNF (ტვინისგან მიღებული ნეიროტროპული ფაქტორი) სინთეზს. ეს ფენომენი, ნაწილობრივ, პასუხისმგებელია ვარჯიშებით გამოწვეულ ნეიროგენეზზე და კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებაზე. ასევე, ითვლება რომ მოტორული უნარები გავლენას ახდენენ კოგნიტურ განვითარებაზე, ვინაიდან მოტორული და კოგნიტური უნარები იზიარებენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს, მათ შორის: თანმიმდევრობა, დაკვირვება და დაგეგმვა (Roebers et al., 2009).
გამოდის, როდესაც ბავშვის მოტორულ განვითარებას ხელს ვუშლით, მარტივი თამაშის, სირბილის, ძრომიალის აკრძალვით, ტანსაცმლის დასვრის შიშით და სხვა… მისი ჯანმრთელობის სხვა ასპექტების განვითარებასაც ვაფერხებთ. მოძრაობას სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი ბევრს მოძრაობს, აკვირდება და აანალიზებს საკუთარი სხეულის მოძრაობებს და ვითარდება.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია შეამციროს მაღალი არტერიული წნევა, დაეხმაროს ადამიანს წონის მართვაში და შეამციროს გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტი 2 ტიპისა და სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების რისკი — ყველა პირობა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა COVID-19– ს ინფიცირების შემთხვევაში (WHO, 2020).