ფიზიკური თერაპევტის როლი დაუნის სინდრომის მქონე პირების ცხოვრებაში

15
კვლევები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას გვაწვდის ფიზიკური აქტივობის კავშირზე ფიზიოლოგიურ, ფუნქციურ და ფსიქოლოგიურ შედეგებთან სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარების დროს.
განვითარების ყველა სფერო თანაბრად მნიშვნელოვანია. თუმცა, ფიზიკური განვითარება მომავალი პროგრესის საფუძველს ქმნის სიცოცხლის პირველ თვეებში.
დაუნის სინდრომის (დს) მქონე პირების უმეტესობას აქვს ფიზიკური განვითარების შეფერხება და ფიზიკური მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს ფიზიკური თერაპევტის ჩართულობას.

Ნიშნები და სიმპტომები

დაუნის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს სკრინინგით ან დიაგნოსტიკური ტესტებით. გარდა არსებული ტესტებისა 47–82%-ში გვხდება შემდეგი ფიზიკური მახასიათებლები:
  • ქუთუთოს ირიბი ნაოჭი (ეპიკანტი)
  • სახის ბრტყელი პროფილი (მთვარისებრი ფორმა)
  • ყურის ნიჟარის განსხვავებული ფორმა (პატარა, გასადავებული ნაოჭის მქონე, ქალაზე მიდგმული ყური)
  • ბრტყელი კეფა, თავი (ბრაქიცეფალია)
  • ღია პირი (პირღიაობა) ტუჩის კუთხეების დაშვებით
  • მაკროგლოსია (დიდი ენა)
  • ვიწრო მაღალი გუმბათისებრი სასა (გოთური სასა)
  • მეხუთე თითის შუა ფალანგის დისპლაზია, კლინოდაქტილია (მოხრილი ფორმის მე-5 თითი)
  • ხელისგულის განივი ნაოჭი
  • სახსრების ჰიპერმობილურობა
  • სანდალისებრი ნაოჭი ფეხის ტერფზე
  • ცალკე მდგომი ცერა თითი
  • ჰიპოტონია (კუნთების დაქვეითებული ტონუსი)
  • მცირე ზომის თეთრი ლაქები თვალის ფერად გარსზე (ბრუშფილდის ლაქები) (წყარო: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია)

ფიზიკური თერაპია დაუნის სინდრომის მქონე პირებთან

ფიზიკური თერაპევტი არის დს-ის პირების ჯანდაცვის გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარებისა და პრობლემების გაუმჯობესებაზე როგორიცაა:
  • ძალა
  • ადინამიურობა
  • ჰიპოტონია
  • მოქნილობა
  • ზოგადი მოტორული განვითარება: მსხვილი და ნატიფი მოტორიკის დისფუნქცია
  • ბალანსი, კოორდინაცია, პოზის კონტროლი
  • გულის პრობლემები
  • ჭარბი წონა/ნივთ. ცვლის შენელება/ჰიპოთირეოზი
  • სირთულეები კომპლექსური აქტივობების შესრულებისას
  • სახსრების დეგენერაციული დაავადება
  • ძვლის დაბალი სიმკვრივე
  • სენსორული დისფუნქცია
  • უნარების განზოგადების სირთულე
  • მოძრაობის უნარების გაუმჯობესება ოპტიმალურად ფუნქციონერებაში ცხოვრების ყველა ეტაპზე
  • და სხვა…
ფიზიკური თერაპევტები ჩვილობის ასაკიდან იწყებენ კონკრეტულ მიზნებზე მუშაობას და მოტორული განვითარებისათვის იყენებენ სხვადასხვა ტიპის თამაშებს. მოზარდებსა და უფროსებს ეხმარებიან ფუნქციური უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, აუმჯობესებენ მათ მობილობას და ფიზიკურ აქტივობებს.
ფიზიკური თერაპევტის შეფასება მოიცავს ინფორმაციას ბავშვის დაბადებისა და განვითარების, ზოგადი ჯანმრთელობისა და მშობლის ნებისმიერ წუხილის შესახებ. სპეციალისტი აფასებს მოტორულ განვითარებას და ადგენს ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პროგრამას მისი საჭიროებიდან გამომდინარე.
მუშაობის ტექნიკა და პროგრამა ინდივიდუალურია, მაგრამ ხშირად თერაპევტები გამოიყენებენ ექვსი “F” აბრევიატურას: ოჯახი (Family), მეგობრები (Friends), გართობა (Fun), ფიტნესი(Fitness), ფუნქცია (Function) და მომავალი (Future).

ფიზიკური განვითარების შეფასება

ფიზიკური განვითარების შეფასება მოიცავს ბავშვის ანთროპომეტრიული მონაცემების შეგროვებას, მოძრაობის დაკვირვებას და პრაქტიკულ შეფასებას, როგორიცაა:
  • კუნთების სიძლიერე და ტონუსი
  • მოძრაობა
  • მოქნილობა
  • პოზა, ბალანსი და კოორდინაცია და სხვა…
მოტორული შეფასებისას სპეცილისტი აფასებს სირბილის, ჯდომის, ჩაჯდომის, იატაკიდან წამოდგომის, ხტომის, ბურთით თამაშის და სხვა უნარებს.
დს-ს მქონე ბავშვები ხშირად პოულობენ კრეატიულ გზებს გადაადგილებისა და სხეულის განლაგებისთვის, რაც იწვევს დამატებით სტრესს ძვლებსა და სახსრებზე. მნიშვნელოვანია ატიპური აქტივობების ტიპური ჩანაცვლება უსაფრთხოებისა და კარგი მოტორული უნარების განვითარების მიზნით.

მკურნალობის პროგრამის შემუშავება

შეფასების საფუძველზე, ფიზიკური თერაპევტი შეიმუშავებს ბავშვისთვის ინდივიდუალურ სამკურნალო პროგრამას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ძალა
ფიზიკური თერაპევტი გასწავლით თქვენ და თქვენს შვილს ვარჯიშებს კუნთების სიძლიერის გასაზრდელად. ასევე დაგეხმარებათ იპოვოთ გზები ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებაში დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მოტორული უნარები
დს-ის მქონე ბავშვების მოტორული განვითარება სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მეტ დროს მოითხოვს და საჭიროებს სხვადასხვა სივრცეში ოჯახის წევრების მხარდაჭერას. თერაპევტი დაეხმარება თქვენს შვილს ასაკისთვის შესაბამისი მოტორული უნარების განვითარებაში (მსხვილი და ნატიფი მოტორიკა). მშობელს/მომვლელს ასწავლის პოზის კონტროლს მოძრაობისას, ჭამისას, ჯდომისას, თამაშისას და სხვა…
ბალანსი, კოორდინაცია და პოზის კონტროლი
ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი დრო ან სპეციალური აღჭურვილობა, სანამ ისწავლის დამოუკიდებლად დგომასა და სიარულს. დს-ის მქონე ზრდასრული ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დამხმარე საშუალებები აუმჯობესებს წონასწორობას, სიარულის უნარს და ამცირებს ტკივილს.
ფიზიკური ვარჯიში
ფიზიკური თერაპევტი შემოგთავაზებთ ფიზიკურ აქტივობებს ბავშვის აქტიურობის შესანარჩუნებლად.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს სიმსუქნის რისკს და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია აქტიური და სასიამოვნო ჰობის პოვნა. თერაპევტს შეუძლია დაგაკავშიროთ სპორტულ და რეკრეაციულ ჯგუფებთან, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალურ ჯანმრთელობას და ფიზიკურ განვითარებას.
იმის გამო, რომ ბავშვები მშობლებისგან სწავლობენ ჩვევებს, მნიშვნელოვანია აქტიური ოჯახური რუტინის ჩამოყალიბება, რომელიც ზღუდავს პასიურ მდგომარეობაში ყოფნას. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ფიზიკური აქტივობით დღეში სამ ან მეტ საათს აქტიური თამაშის ან ვარჯიშის სახით უნდა კავდებოდნენ. 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს სჭირდებათ დღეში 60 წუთი ზომიერი ან ენერგიული ვარჯიში. მოზრდილებისთვის ზომიერი და ენერგიული აქტივობის რეკომენდებული რაოდენობაა 30 წუთი ან მეტი დღეში ან 150 წუთი კვირაში.
შინმომსახურება
ყოველდღიური რუტინა შესანიშნავი შესაძლებლობაა გამძლეობის, წონასწორობისა და საერთო დამოუკიდებლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მოცემულ ამოცანებში ცვლილებების შეტანა ფიზიკური თერაპევტის მხარდაჭერით ოჯახს მიზნების მიღწევაში დაეხმარება. სახლში დაგეგმილი ფიზიკური თერაპიისას თერაპევტი გამოიყენებს ბავშვის სათამაშოებს, ავეჯს და სხვა ხელმისაწვდომ ნივთებს აქტივობების დასასწავლად.
ზრდასრულ ასაკში გადასვლა
ფიზიკური თერაპევტები სვთავაზობენ მხარდაჭერას დს-ს მქონე ახალგაზრდებს სახლისა და სამუშაო გარემო სივრცეში. ეხმარებიან ადამიანებს აირჩიონ შესაფერისი აღჭურვილობა საჭიროების შემთხვევაში. დაუნის სინდრომის მქონე პირებს, რომლებსაც ჰყავთ ასისტენტები, ფიზიკური თერაპევტები ასწავლიან როგორ წარმართონ ეფექტურად ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის ამოცანები.
დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით (NDSS, 2021) დს-ს მქონე ბავშვების უმეტესობა სარგებლობს ფიზიკური თერაპიის სერვისით, რაც ხაზს უსვამს მის საჭიროებას.
15