ფიზიკური თერაპიის მნიშვნელობა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებში

11
ფიზიკური განვითარება ზრდის დინამიკური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია, ერთი მხრივ გენეტიკურ, ხოლო მეორე მხრივ, გარემო ფაქტორებზე. მართალია, ფიზიკური ჩვევები და უნარები გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების ტემპიც ყველას ინდივიდუალური აქვს.
აუტისტურ სპექტრზე დღემდე ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ბავშვების კოგნიტურ დეფიციტზე. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მქონე ბავშვები ხშირად განიცდიან მოტორულ დეფიციტს, რაც არსებული ძირითადი სიმპტომების ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება.
1995 წლიდან დღემდე კვლევებსა და სტატიებში ვხდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: მსხვილი და ნატიფი მოტორიკის დეფიციტი, იმიტაციის პრობლემა, კოორდინაციის, პოზისა და ბალანსის სირთულეები, უსაფრთხოების აღქმის პრობლემა ან ზედმეტად გამოხატული სიფრთხილე, ფუნქციური მოძრაობის, მობილობისა და კომპლექსური აქტივობების შესრულების სირთულეები, თამაშის უნარების დასწავლის პრობლემა.
სპეციალისტმა ადრეული ასაკიდან უნდა შეაფასოს ბავშვის მოტორული უნარები და საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს ფიზიკური აქტივობის ინდივიდუალური გეგმა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფიზიკური თერაპევტი არის იმ გუნდის წევრი, რომელიც ეხმარება აუტისტური სპექტრის მქონე პირს განვითარებაში, როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო და ზრდასრულ ასაკში. ჩვენს მოვალეობაში შედის ბავშვის შეფასება, მისთვის პროგრამის გაწერა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თერაპიების ჩატარება. სახლის, ეზოს, ბაღისა თუ სკოლის გარემოში მხარდაჭერა.
ამერიკის ფიზიკური თერაპიის ასოციაცია, აუტისტური სპექტრის გაიდლაინში აღწერს მოტორული უნარების განვითარების მნიშვნელობასა და შედეგებს:
• ტანდეგობის გაუმჯობესება;
• ფუნქციური მობილობა;
• სხეულისა და უსაფრთხოების აღქმა;
• კოორდინაციის გაუმჯობესება;
• თამაშის უნარების განვითარება;
• ინტერესებისა და მოტივატორების გაზრდა;
• ერთი აქტივობიდან მეორეზე გადართვის შესაძლებლობა;
• სირთულეების გადალახვა;
• სახლის, საზოგადოებასა და სკოლის ყოველდღიურ რუტინაშიმონაწილეობის მიღება.
კვლევებით დადგენილია, რომ მოტორული და კოგნიტური განვითარება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავალება რთული და ახალია, ამოცანის პირობები იცვლება, საჭიროა სწრაფი რეაგირება და დავალების შესრულება. ასევე, ითვლება, რომ მოტორული უნარები გავლენას ახდენენ კოგნიტურ განვითარებაზე, ვინაიდან მოტორული და კოგნიტური უნარები იზიარებენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს, მათ შორის: თანმიმდევრობა, დაკვირვება და დაგეგმვა.
ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს არა მარტო მოტორულ განვითარებაზე, არამედ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებზე, რაც ხაზს უსვამს ფიზიკური თერაპევტის როლს ამ დარგში.
მედფოქსი გთავაზობთ ფიზიკური თერაპევტის მომსახურებას როგორც სახლში, ასევე, სკოლაში, ბაღში, ეზოში, ყველა იმ სივრცეში სადაც ბავშვს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
11