ქაოტური წესრიგი I უშანგი ხუმარაშვილი

7
2 ოქტომბერს,  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში,  დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხნსა უშანგი ხუმარაშვილის გამოფენას "ქაოტური წესრიგი". 
უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილის რეტროსპექტული გამოფენა „ქაოტური წესრიგი“ წარმოაჩენს ფერწერული ტილოების კოლექციას 1980-იანი წლებიდან მხატვრის გარდაცვალებამდე - 2023 წლამდე. მოცემული სელექცია მკაფიოდ წარმოაჩენს ხელოვანის ბიოგრაფიას, არტისტულ ფენომენს და გარდასახვებს - განვითარების ერთგვარ „წრებრუნვას“. ამ გამოფენით იქმნება მცდელობა უშანგი ხუმარაშვილის შემოქმედების თარგმნისა, რაც გულისხმობს ხელოვანის ჩვენს თანამედროვეობაში გადააზრებას.
უშანგი ხუმარაშვილის გარდაცვალებიდან პირველი გამოფენაა, რომელიც ასევე განსხვავებულ ჭრილსა და დროში უფრო დისტანციურად გვიჩვენებს მის განვლილ გზას. საგამოფენო ქსოვილის თხრობა უაღრესად უშუალო, ღია და პერსონალურია. ამ განწყობას განაპირობებს ფერმწერის ამონარიდები პირადი დღიურიდან. ეს ამონარიდები არტისტის ფერწერული ტილოების განუყოფელი ნაწილია. უდროო, უსიტყვო და იმპერსონალური ტილოები თითქოს ამონარიდების ილუსტრაციაა, ხოლო ამონარიდები - ტილოების კონცეპტუალიზაცია. „ქაოტურ წესრიგში“, ქაოტური არის სიტყვები, ფერწერა კი ქაოსის წესრიგთან შერწყმაა.
გამოფენაზე ვეცნობით უშანგი ხუმარაშვილის დღიურსა და ფერწერას სინქრონში, რაც ასევე ცვლის კლასიკური უტყვი, ძუნწი აბსტრაქტული ფერწერის ხასიათს და ვაცნობიერებთ, რომ უსაგნო გამოსახულება ზოგჯერ რეალიზმზე მეტია; მეტარეალობაა.
უშანგის ამონარიდები ირაციონალურ-რეფლექსიურია, ანუ მასში არის ქაოსიც და წესრიგიც, როგორც ერთმანეთის შუქ-ჩრდილი. ციტატები უაღრესად პირადულია და, ამავდროულად, საზოგადოც. ინდივიდუალური სამყარო ხუმარაშვილის სახით, ქართული საზოგადოების სარკეა.
უშანგი ხუმარაშვილი თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცის პარტიზანია. მას საბჭოთა იდეოლოგია ვერ შეეხო. არტისტი თავისი ფერწერული თუ მულტიმედიური გამოხატულებით კონფორმისტული თუ ნონკონფორმისტული ხელოვნების მიღმაა. მისი არტისტული შიმშილი იყო საკუთარი თავის და რაიმეს შექმნის არქეოლოგია.
საბჭოთა საქართველოში აბსტრაქტული ხელოვნების პირველი ტალღა ჩნდება 1950-60-იან წლებში და შემდგომ მეორე - 1980-90-იანებში. ორივე ტალღა და მისი მიმდევარი მხატვრები აბსტრაქციას უმეტესად მიმართავდნენ, როგორც პროტესტის ფორმას საბჭოთა წყობის მიმართ. უშანგის შემთხვევაში კი ეს იყო მისი აზროვნების და ცხოვრების ბუნებრივი გამოვლინება და მხატვრული ანაბეჭდი.
ხელოვანი აკადემიაში სწავლობდა 1967-1973 წლებში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1980-იან წლებში თელავის საგამოფენო დარბაზში იმართება მისი პირველი გამოფენა. ფერწერის მიღმა, იგი ქმნიდა კოლაჟებს, გრაფიკებს, ასამბლაჟებს, პერფორმანსებს, არტ ობიექტებსა და ვიდეოარტს. უშანგი ხუმარაშვილის ფერწერაში მნიშვნელოვანია ლაქობრივი აბსტრაქცია, სადაც ექსპრესია და ბრუტალიზმი ბადებს ნამუშევრების დრამატურგიას.
სტილისტურად და ტექნიკურად უშანგის მხატვრობაში იკვეთება შემდეგი ნიშნები: უხეში ტრაექტორიები, რამდენიმე ლაქის ერთმანეთთან შეჯერება, ლაქების ტიხრული განლაგება, ფონის კონფლიქტი ლაქასთან და აბსტრაქტულ მონასმებთან, პოლიცენტრიზმი, აქრომატულობა, ექსპრესიული ფიგურატიული გამოსახულება აბსტრაქტულ ფონზე და სხვა. უშანგი ხუმარაშვილის ფერწერა დასავლური სახელოვნებო სივრცის კონტექსტში ბადებს გამოძახილს - გერმანულ ნეოფიგურატივიზმთან, ტაშიზმთან, არტბრუტთან, ინფორმელთან და აბსტრქატულ ექსპრესიონიზმთან.
გამოფენა გაგრძელდება 2 დეკემბრის ჩათვლით. 
7