ქართველი მხატვრები, რომლებსაც მსოფლიო უნდა იცნობდეს

19
უკვე განვიხილეთ რამდენიმე მხატვარი, რომლებიც გასცდნენ დროსა და სივრცეს, შექმნეს დიდებული, ამაღელვებელი სამყარო. ახლა კი მინდა დანარჩენებიც წარმოგიდგინოთ, რომლებიც, ქართულ მოტივებზე დაყრდნობით, სრულიად უჩვეულო სერიას წარმოგვიდგენენ.
1. პეტრე ოცხელი 
ყველაზე თავისუფალი, ინდივიდუალური ხელწერა საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომელმაც ისტორიის მთელი სერია მოგვცა 21-ე საუკუნეში.
პეტრე ოცხელი ქართულ თეატრში კოსტიუმების დიზაინერად მუშაობდა. იგი თითქოს ფორმებთან, ფერწერულ მოცულობებთან, ფერთან გათამაშებას ცდილობდა და რეალური ობიექტებიდან ფანტასტიკურისკენ გზას იკვალავდა... სად იპოვიდა იგი უკეთეს ასპარეზს ამგვარი თამაშისთვის, თუ არა თეატრის სცენაზე?!
სხვა მხრივ, მისი ცხოვრება ულმობელ, „საბედისწერო ოცდაათიანებსაც“ დაემთხვა. 1937 წელს მხატვარი შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს და დახვრიტეს. მიუხედავად ამისა, ხალხმა შეძლო მისი თავიდან აღმოჩენა, რთულია, შეუმჩნევლად დაგრჩეს პარარელური ამბის თხრობა, ნიშნები და ორიგინალურობა, ხასიათი, სადაც ყველაფერი მოძრავია და ყველაფერი ის, რაც ოცხელის ხელს შეიძლება რომ მივაკუთვნოთ.
2. ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილის, როგორც შემოქმედის წარმატების მიზეზი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალურობა, მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყაროა. მისი ნახატები ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ, „ზღაპრულ“ განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრალურ სანახაობას წარმოგვიდგენს, ხან გროტესკულს.
მარტივი არც მისთვის ყოფილა საბჭორა პერიოდში მოღვაწეობა, ქაშუეთის ტაძრის მოხატვისას მას ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს, დაითხოვეს სამხატვრო აკადემიიდან, ცხრა თვისა და ცხრა დღის შემდეგ მოხატვა შეაწყვეტინეს. უარყოფილი მხატვარი ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული მუშაობდა. ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს.
წლების შემდეგ გუდიაშვილის გამოფენამ ბევრი ახალგაზრდის ესთეტიკურ სამყაროში ზღვარი გაავლო. მათ პირველად ნახეს „საბჭოთა მხატვრის“ ნამუშევრები, რომელზეც ჩაის ბუჩქი და ქარხანა არ იყო გამოხატული, ფოტოგრაფიული პორტრეტის ნაცვლად ადამიანი, ზოგჯერ ნახევრად შიშვეული სხეული ეხატა - "ლადომ ქართულ სამხატვრო ტრადიციებს ევროპული სურნელი შესძინა, წარმატებით დაეუფლა ფერადობის, მოხაზულობისა და კომპოზიციის საიდუმლოებებს, თუმცა, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლომდე ქართველ მხატვრად დარჩა და შეინარჩუნა საკუთარი ხელწერა.“
3. ავთო ვარაზი
ავთო ვარაზი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი.
"ეს იყო კაცი, რომელიც, იმ ვითარებაში, ჩანდა როგორც ადამიანი, რომელიც სხვანაირად ლაპარაკობს. ეს რაღაც ევროპული გზა არის, თითქოს; უფრო ევროპული ხელოვნების მოტივების გაზიარების, ევროპული ხელოვნების ნაცადი ხერხების მოსინჯვის გზა იყო – ცოტა სხვა, ვიდრე ჰქონდათ თითქმის მის თანატოლებს მაშინ. მან მონუმენტური ფორმის ძიების სრულებით განსაკუთრებული გზა დაისახა." - დიმიტრი თუმანიშვილი
4. რუსუდან ფეტვიაშვილი
ამოუცნობი ფენომენი – რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი, რომელიც ერთი ხელის მოსმით ქმნის ზღაპრულ სამყაროს და, რომელიც მე–20 საუკუნის მსოფლიოს 2 ათას გამოჩენილ პიროვნებას შორის სახელდება.
გასაოცარია, რომ პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში ჰქონდა. 8 წლისას კი უკვე ორჯერ ჰქონდა თავისი ნახატები მოსკოვში გამოფენილი. მის ნიჭიერებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უწმინდესმა სწორედ მას ჩააბარა წმინდა ოთხთავის დიდი უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარის ილუსტრირება, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისთვის მზადდება.
რუსუდან ფეტვიაშვილის განუმეორებელი სტილია შექმნას ულამაზესი პროფილები, სახის ნაკვთები, რეალისტური ხატვის სტილი, ფერთა გამა, წვრილი, ერთი ხელის მოსმით დადებული კონტურები…
5. სერგო ქობულაძე
1931 წლიდან სერგო ქობულაძე იყო სსრკ-ს დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ 1960 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის მოხატული საზეიმო ფარდა.
ქობულაძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის სკულპტურული ძერწვა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა წიგნის გრაფიკაში. იტაცებდა მონუმენტური ლიტერატურული ნაწარმოებები, რომანტიკულ-ჰეროიკული ხასიათები. კომპოზიციის სტატიკურობით, ფიგურათა მსხვილი მასშტაბით, დრაპირების სიუხვით, არქიტექტურული ფონით ქმნიდა დინამიურ ნამუშევრებს, რომელიც შენ წინ ცოცხლდება და მისი მონაწილე ხდები.
19