ქართული თანამედროვე ლიტერატურა: არჩილ ქიქოძის 5 ნაწარმოები

9

ხვლიკი საფლავის ქვაზე

რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.

ნორვეგიული დღიური

არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი
ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?

კახეთის მატარებელი

“რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები. არჩილ ქიქოძე (დ. 1972). რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის ავტორია. მწერალს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდოები: „გალა“, „საბა“, „ლიტერა“ და ილიაუნის პრემია. მისი რომანი „სამხრეთული სპილო“ რამდენიმე ენაზე ითარგმნა და უცხოენოვანი მკითხველის სიმპათიაც დაიმსახურა. არჩილ ქიქოძე სხვადასხვა დროს იყო ალპინისტი, მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ოპერაციებში. დღეს ის ცნობილი ფოტოგრაფი და ტურისტული გზამკვლევების ავტორია.

სამხრეთული სპილო

„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.

ამანათი

სერია- „ახალი ქართული ლიტერატურა”- პროექტის მიზანია, სრულიად საქართველოს გააცნოს იმ თაობის რჩეულ მწერალთა საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც საბჭოთა იმპერიის დანერგვის შემდეგ გამოჩნდნენ ასპარეზზე და ლიტერატურის მოყვარულთა მოწონება დაიმსახურეს. წიგნში შესულია მოთხრობები: „ირემი და ლიმონათი“; „მურტალი ქართველები“; „მლეთის თავზე – ჩანჩქერებთან“; „ჩიტი გამოფრინდა“; „ავარიული სახლი“; „დილის მადლი“; „მასკარადი“; „ამანათი“; „წასვლა“; „კახეთის მატარებელი“; „არქეოლოგი“; „სამოველი“; „ლოთები“.
9