ქართული თანამედროვე ლიტერატურა: ბექა ადამაშვილის ნაწარმოებები

10
თანამედროვე ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და ბლოგერი ბექა ადამაშვილი ცნობილი პირველივე სატირული რომანით გახდა. 
"ბესტსელერი" - ასე ეწოდება ნაწარმოებს, რომელიც მისი თქმით არის "სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა" ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს.
"ბესტსელერი", რომელიც სატირაა ლიტერატურულ კლიშეებზე, მალევე გახდა პოპულარული ქართულ საზოგადოებაში და მოხვდა ისეთი ლიტერატურული პრემიების მოკლე სიაში, როგორებიცაა: „საბა“ და „წინანდლის პრემია“. ბექა ადამაშვილი დღესდღეობით სცენარისტად მუშაობს ცნობილ პოლიტიკურ–სატირულ შოუში სახელად „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური ამბები".
"წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი ... ... ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას ("BBC - BIg Brother's Channel") ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს ("ჰოტელო") - იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც ... ..."
"სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ."- ბექა ადამაშვილი. 
"ამ რომანში ყველა კვდება"
კიდევ ერთი გახმაურებული რომანი ბექა ადამაშვილისგან. 
"ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად. მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს. გამოსავალი კი პერსონაჟების პოსტმოდერნიზმიდან უფრო უსაფრთხო ეპოქებში გახიზვნაა. სწორედ ასე იწყება დიდი მოგზაურობა ცნობილ ნაწარმოებებში, რომლის განმავლობაშიც გმირებმა უნდა შეძლონ და ყოვლისშემძლე ანტაგონისტის, ავტორის მიერ დაგებულ ლიტერატურულ ხაფანგებს უვნებლად დააღწიონ თავი…"
10