ქართული წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

11
წიგნების კითხვა მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო: კითხვა ავარჯიშებს ჩვენს ტვინს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და აძლიერებს ჩვენს ანალიტიკურ უნარებს.
წიგნების კითხვით შეგვიძლია მეტი გავიგოთ სხვადასხვა კულტურის, ენების და პერსპექტივების შესახებ. ის ასევე აფართოებს ჩვენს ლექსიკას და გვეხმარება უკეთ კომუნიკაციაში.
დღეს მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ქართული წიგნი, რომელიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვქონდეს წაკითხული თითოეულ ჩვენგანს.

სამოსელი პირველი

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "სამოსელი პირველი" არის თავგადასავლის მაძიებელი დომენიკოს ამბავი, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ცხოვრების წიგნი". რომანს საფუძვლად უდევს "უძღები შვილის" იგავი.

იგი

ჯემალ ქარჩხაძის "იგი" მარადიული ამბავია, გზა, როცა მესამე პირის ნაცვალსახელით აღნიშნული პერსონაჟი თანდათან პირველი პირის ნაცვალსახელამდე, საკუთარი თავის შეცნობამდე მიდის... გზა "იგი"-დან "მე" - მდე გრძელია, რთული, გრძნობებით, ემოციებით, ტკივილით, შეხებებით, შიშით, იმედგაცრუებით სავსე, მაგრამ თუ ამ გზას ბოლომდე გაივლი, საკუთარ თავს იპოვი. ეს ისეთი პოვნაა, როცა სიკვდილისაც კი არ გეშინია, მთავარია, დიდი დაძინების ქარაფს წელში გამართული აუყვე და სიკვდილს თვალებში უშიშრად შეხედო....

დათა თუთაშხია

დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება ხდება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და მრავალ ეთიკურ პრობლემას ეხება. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში დიდი ხანია ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

დიდოსტატის მარჯვენა

"ისტორიული მასალის პოეტიზირებას მხოლოდ მაშინ აქვს თანადროულობისათვის რეზონე, როცა თვით აღებული ეპოქა, ან მისი გმირნი და მათი ხასიათი ეკორესპონდირება თანადროულობის იდეებს", - წერდა კონსტანტინე გამსახურდია და ეს მის ისტორიულ რომანშიც თვალსაჩინოა.
11