ქეთი ნადიბაიძე I Stop Shouting

9
25 ნოემბერს, 19:00-ზე, ახალი ნარატივების გალერეაში ქეთი ნადიბაიძის პირველი პერსონალური გამოფენა, „ნუ მიყვირი“ გაიხსნება. ექსპოზიცია 2020-2023 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და ამავდროულად არტისტის ახალი შემოქმედებითი ეტაპის ერთგვარი შესავალია.
"ნუ მიყვირი" სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე დაქარგულ, უკონტექსტო სიტყვებსა და მოკლე ფრაზებს შეადგენს: ფორმულირებებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ნაკადისთვის კონტრინტუიტიურია, რომლებსაც სხეული თავად აწარმოებს და ჩვენი ცენზურის გარეშე, წამიერად ამოისვრის ხოლმე გონების ზედაპირზე, როგორც ცალკეულ, უცხო ელემენტს; ძილის წინ, ჩხუბისას, სექსუალური და რომანტიკული ურთიერთობებისას, თრობისა თუ მგზავრობისას, თუმცა საბოლოოდ ჩვენი ინტიმური ბიოგრაფიების ყველაზე ნამდვილ დოკუმენტაციას წარმოადგენს.
უხამსი, უხეში, სასოწარკვეთილი, ტოქსიკური, ყველაზე მეტად კი უხერხული შინაარსების რეპრეზენტირებისთვის არტისტი ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე "ფემინურ" მედიუმს იყენებს. ნაქარგის ტრადიციულობა, მისი შექმნის ნელი ტემპი, სიღრმე და დეტალებზე ორიენტირებულობა შეუსაბამოა იმ დამუხტულ, ბასრ რეფლექსიებთან, რომელსაც ადამიანი ძალაუფლებრივ გარემოსთან გამკლავებაში იყენებს. ასეთი ნამუშევრების უმეტესობა გამოყენებითი სახის, ინტერიერის სათუთ, დეკორატიულ ნიმუშებზეა დატანილი: მაქმანებიან საბნის პირებზე, არშიებიან ტილოებზე, მოსართავ ხელსაწმენდებზე და ყაისნაღით ნაქსოვ სალამბაქეებზე - ემოციური ხარჯვითა და განგრძობითი შრომით შექმნილ ნივთებზე, რომლებიც საჯარო განაცხადისთვის არ შექმნილა, მხოლოდ საშინაო მოხმარებისთვისაა და კომფორტის, ესთეტიკური სიამოვნების ფუნქცია აქვს. ინტერვენცია „ნუ მიყვირი“ და ინსტალაცია "გახსოვდეს" - პირიქით - სამშენებლო ბადეებზეა ნაქარგი, ქსოვილზე, რომელიც კონსტრუქციის ეტაპზე მყოფი შენობების საფარია და დროებითი გარეკანის ფუნქციას ასრულებს.
ქეთი ნადიბაიძე წინასწარი ლიმიტის განცდას გვიჩვენებს, ერთის მხრივ პატრიარქალურ სინტაქსთან შეუთავსებლობასა და მასთან შინაგანი გამკლავების თვითთერაპიულ, რესენტიმენტით აღსავსე მცდელობას; მეორე მხრივ კი ამ გაუცხოების ყოვლისმომცველობას, მის დიდ ნარატივებად ქცევისა და არტისტულ იდენტობასთან მორგების პროცესს. "ნუ მიყვირი" ტრავმაზე მედიტაცია და მისი ხაზგასმული, ირონიული ესთეტიზაციაა. ქეთიმ, როგორც თეატრის მხატვარმა, ფასადიდან გალერეის ყველაზე იზოლირებულ სივრცემდე ექსპოზიცია დრამატული განვითარების ფორმულაზე ააგო: ფარდა/შესავალი- კონფლიქტი - კოდა; სადაც ძაფი, კლასიკური მითოლოგიური და ანტიკური დატვირთვით - კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის საშუალებაა.
Source: New Narratives Gallery
9