ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია I ნატო ბაგრატიონის ინსტალაციის პრეზენტაცია

7
"ბოლო დროს ვფიქრობდი და ვაკვირდებოდი ადამიანის ხელით შექმნილ მარტივ საცხოვრებელ თუ თავშესაფარ სტრუქტურებს, ამავდროულად ვხატავდი ყვავილებს, რაღაც დროს ვიფიქრე რომ ბუნებაში თავშესაფარი ჩემთვის ყვავილები იყო"- ნატო ბაგრატიონი
17 დეკემბერს, 12:00-14:00 საათზე თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი წარმოგვიდგენს ნატო ბაგრატიონის ინსტალაციის პრეზენტაციას.
"ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია" არის ურბანულ ქაოსში ჩაკარგული ბაღი, რომელიც ერთისმხრივ ჯადოსნურითა და ეფემერულითაა შთაგონებული, მეორესმხრივ კი საზრდოობს იმავე ურბანულ ქსოვილში ასე ფართოდ გავრცელებული თვითორგანიზებული ყოფის ვიზუალური ენით.
ეს მეტად ფაქიზი და რომანტიზებული ხედვა ნამუშევარში დაკავშირებულია მწვავე სოციალურ პრობლემატიკასთან და შედეგად იქმნება ინსტალაცია, რომელიც არაერთ სადისკუსიო პლასტს ეხმიანება.
ხელოვანი იღებს ყვავილების მეტად დელიკატურ და ლამაზ ფორმას, რომელსაც უპირისპირებს სამშენებლო მასალების სიუხეშესა და სიხისტეს. ამავდროულად, იგი მასშტაბზე თამაშობს და გასართობი ელემენტი შემოაქვს ინსტალაციაში;
მოულოდნელად ყვავილი მუტირებს და დამთვალიერებელს მწერად გადააქცევს, ბავშვების ფანტაზიას ახალ გასაქანს აძლევს და ნამუშევართან ინტერაქციის მრავალ შესაძლებლობას აჩენს. ეს ყოველივე კი თავისმხრივ სრულიად გარდაქმნის ტრანზიტორულ სივრცეს, რაც არჩეული სიმწვანის კუნძულის ამჟამინდელი დანიშნულებაა.
წარმოდგენილი ინსტალაცია იჭრება გამვლელის დატვირთულ ყოველდღიურობაში და სთავაზობს თავშესაფარს ყოველდღიურობის აურზაურისგან, დროს სულის მოსათქმელად და არსებობის წარმავალ სილამაზეზე დასაფიქრებლად.
7