"ნიჭიერს სჭირდება ამქვეყნად დახმარება, თორემ უნიჭოს და უხიაგს კარები რომ დაუკეტო, ფანჯრიდან შემოძვრება, ნიჭიერსა და ღირსეულს კი კარებიც რომ გაუღო, მაინც ეთაკილება შემოსვლა, ამიტომ ჭეშმარიტი ლიდერები მათ მარტო კარებს კი არ უღებენ, თავად გადიან გარეთ და თავისი ხელით შემოჰყავთ ისინი შინ. ასეა ეს. ჭეშმარიტად დიდი ლიდერის შეფასების მთავარ ფაქტორთა შორისაა, თუ რამდენი სხვა ლიდერი გამოზარდა და რამდენ სხვას მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ასეა ეს ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემთხვევაშიც. როცა პირველი პირი მიდის და ორგანიზაცია ინგრევა, ეს ნიშნავს, რომ ლიდერმა არ იზრუნა ან ვერ გაზარდა ახალი ლიდერები. ეს დიდ ხალხს შეუძლია მხოლოდ, პატარას ეშინია, - რომ გავზარდო და მე ჩამანაცვლოსო?"
ვფიქრობ, - გია მაისაშვილის ამ სიტყვებში იკითხება ყველა დროის საქართველოს უმთავრესი პრობლემა - უნიჭო და უხიაგი ინდივიდები. აბა, წამით წარმოვიდგინოთ რამდენი "გადიდკაცებული" უნიჭო, უხიაგი, თავხედი და გოიმი ჰაბიტუსი იქცევს ჩვენს ყურადღებას სხვადასხვა საშუალებებით. ისინი არიან აბსოლუტურად ყველა სფეროში. მათი შემყურე ღირსეული და ნიჭიერი ახალგაზრდები კი გაურბიან ამ რეალობას უპერსპექტივობის განცდით და სხვაგან, საკუთარ თავში ჩაკეტილები ეძებენ კომფორტის ზონას, შესაბამის ასპარეზს.
სწორედ, ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმეა ღირსეული და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი სათანადოდ მოტივირება. თითოეულმა მათგანმა, სასოწარკვეთილების ნაცვლად, კარგად უნდა გაისაგნოს, რომ ცხოვრება მისცემს არა იმას, რაც ისედაც ეკუთვნის, არამედ - იმას რისი წართმევის უფლებასაც არ მისცემს!..