შიში, რომელიც ყველაზე ხილულია

12
ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც შიშებთან განსაკუთრებით ახლოს მეგობრობენ, იმდენად ახლოს რომ შეუძლიათ ამ შიშს შეეხონ, მისი ფორმა დაინახონ, გულსა და გონებაში მთელი ადგილი გამოუთავისუფლონ...
დაკლაკნილ გზაზე, რომელიც ჩემი სკოლიდან სოფლის სახლამდე მიდიოდა ჩემთვის ასეთი შიში, მეზობლის ქვებიანი ღობე იყო. ყოველთვის როცა მარტო მიწევდა ამ ქვებთან შეხვედრა თვალებს ვხუჭავდი, სუნთქვას ვკრავდი და სამ წამში ვახელდი იმის იმედით, რომ არცერთი ხვლიკი არ დამხვდებოდა... თუმცა რეალობა, რომელიც საწინააღმდეგო იყო, ჩემ პირველ დამარცხებად იქცა შიშებთან...
თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა გაჩნდა შიში, რომელთანაც თვალებს ვერ ვხუჭავდი... ეს შიშიც იმ დაკლაკნილ გზას უკავშირდება, რომლის ბოლოსაც, ერთ დილას გავიგე, რომ ბებია აღარ დამხვდებოდა... სიბნელის და დიდი ოთახების ბავშვობიდან მეშინოდა, თუმცა 9 წლის ასაკში აბსოლიტურად მარტო გამოვემშვიდობე დიდ ცარიელ ოთახში ბებიას გაყინულ მზერას...
ეს 2008 წელი იყო... ზუსტად 3 თვეში ომი დაიწყო. მე სოფელში ვიყავი იმ დროს, როცა დედა თბილისში აღმოჩნდა ჩაკეტილი. მის შეხებამდე, მის ნახვამდე, მის დაბრუნებამდე, ყველა დღე სიკვდილის შიშთან ხელახალი მარცხი იყო... ცხადად წარმოვიდგენდი, როგორ ვეღარ დავინახავდი მას... ჩემთვის ომი მაშინ დედას არ დაბრუნების საფრთხეს ნიშნავდა. მიჭირდა დაძინება, ჭამა, სუნთქვაც კი... არ ვიცი ვისში, რასში ვეძებდი იმდეს, ის ხომ თავისთვისაც კი არ ჰქონდა არავის და მე ვინ მიწილადებდა? ვინ დამპირდებოდა, რომ დედა დაბრუნდებოდა?
ამ სტატიის წერის დროს ვუყურებ დედას და მიუხედავად ამისა, 13 წლის შემდეგაც ეს შიში ყველაზე დიდი, ყველაზე ბოროტი და დაუნდობელია...
რამდენიმე თვის წინ ჩემი პატარ მოსწავლის მშობელმა მომწერა: „ ... ეშინია გარდაცვალების. როგორ არ ვესაუბრე, რა არ ვუთხარი, მაგრამ მაინც დროდადრო აწუხებს ეს ამბავი. ამ საღამოს მეუბნება, დღეს ბაია მასი ისე მესაუბრა გარდაცვალებაზე, აღარ მეშინიაო.“ ამ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ ბავშობისდროინდელ ყველაზე დიდ შიშზე, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა თითქოს გავიმარჯვე. ის ჩემში ცხოვრობდა, მაგრამ სხვებთან ჩაბუდებაში მაინც ვუშლიდი ხელს...
ახლა ისევ ომია და დღესაც 23 წლის ასაკშიც, ომი ჩემთვის დედის ვერდაბრუნების შიშია, დაობლებული ბავშვების ტკივილით სავსე ბავშების თვალებია, დაცარიელებული სახლების დარდებია, დღესაც ომი ჩემთვის ვერდაბრუნებული სიცოცხლეების შიშიაა... მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვასწავლო დაობლებულ წყვილ თვალს, შვილდაკარგულ წყვილ თვალს, ქმარ, დედა, მამა, ცოლდაკარგულ წყვილ თვალს, შვილებდაკარგულ სამშობლოს ტკივილის დამარცხება...
მჯერა, მჯერა, რომ უკრაინა სიკვდილზე გაიმარჯვებს, ბოროტებაზე გაიმარჯვებს, ტირანიაზე გაიმარჯვებს და სამყაროს ხელახლა შეახსენებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ფასეულია და ვერავის ვერასდროს შერჩება უდანაშაული სისხლის ჩანჩქერებად ქცევა.
მე კი დღეს ამ შიშს პირველად გავუსწორე თვალები და ვუთხარი, რომ მასზე მეტად თავისუფლების დაკარგვის მეშინია, რადგან სისცოხლე მხოლოდ თავისუფლებას ნიშნავს!
სიცოხლემ უნდა გაიმარჯვოს!
სიცოცხლემ უნდა იზეიმოს!
მშვიდობა უკრაინას!
დიდება გმირებს სიცოცხლის სადარაჯოზე!
12