1-ელ დეკემბერს, 20:00 საათზე მწერალთა ბარში თანამედროვე ქართველი მწერლის, მიხეილ ციხელაშვილის პროზაული კრებულის - "შრომა, გურია" - პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნს წარადგენენ თავად ავტორი, მიხეილ ციხელაშვილი და მწერალი, ბექა ადამაშვილი.
კრებული ორ მოთხრობას აერთიანებს. პირველის სიუჟეტი გურიის სოფელ შრომაში ვითარდება. ესაა სოფლის უბრალო მკვიდრის, რიჩარდ მუჯირის ამბავი, რომელიც ყოფითი პრობლემებით იწყება და მოულოდნელად უჩვეულო თავგადასავალში გადაიზრდება, ამ აბსურდული ისტორიის ფონზე კი თანდათან იშლება პერსონაჟთა ისტორია და მათი სახასიათო პორტრეტები.
მეორე მოთხრობა – "გუგა არჩვაძის რეპეტიცია" – გვიყვება სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც მის გარშემო არსებული აპოკალიფსური რეალობაც კი ვერ ავიწყებს პირად განცდებსა და იმედებს, მრავალი მოზარდისთვის ნაცნობი პრობლემებით სავსე ცხოვრებას. მოთხრობაში მძაფრადაა აღწერილი თანამედროვე მოზარდების ყოფითი პრობლემები და ის მძიმე გარემო, რომელშიც მათ უხდებათ ცხოვრება.
მიხეილ ციხელაშვილს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს რომანით "მიბრუნება", რომელიც მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა. ავტორი ახალ კრებულში დამახასიათებელი, ერთდროულად მსუბუქი და ემოციური თხრობით გვიხატავს გურიის სოფლისა თუ დედაქალაქის უბრალო მცხოვრებლების ნაცნობ, დამთრგუნველ რეალობას.