ჩაის ისტორია საქართველოში 👇

14
ქართული ჩაის ისტორია XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში დაიწყო. ჩაის მიმართ ინტერესი გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა, ჯერ კიდევ 1809 წელს გამოხატა და პირველი ბუჩქები საკუთარ ბაღში დარგო. ჩაის ინდუსტრიული ისტორიის დასაწყისად 1847 წელი ითვლება, როდესაც პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში დაირგო. ჩაის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი გავრცელების არეალიც გაფართოვდა: გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, აჭარა – დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კლიმატი ჩაის მოსაშენებლად ხელსაყრელი აღმოჩნდა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში ჩინელი მეჩაიე ლაო ჯინ ჯაო ჩამოვიდა. 1900 წელს ლაო ჯინ ჯაოს მიერ საქართველოში მოყვანილმა ჩაიმ Paris World Expo-ს გამოფენაზე მოიპოვა ოქროს მედალი წარწერით – კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენაზე, ჩინეთის გარდა, ჩაის მწარმოებელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა.
1920-იან წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, საბჭოთა ხელისუფლება ქართული ჩაით დაინტერესდა. 50-იან წლებში საქართველო საბჭოთა კავშირის წამყვანი ჩაის მწარმოებელი იყო, რომელიც ჩაის 95%-ს აწარმოებდა. საქართველო მსოფლიო ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მე 5-6 ადგილს იკავებდა. ჩაის პლანტაციების მთლიანი ფართობი 66, 0 ათას ჰექტარს შეადგენდა, ყოველწლიურად მზადდებოდა 450-500 ათასი ტონა ნედლეული. პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი საბჭოთა კავშირი იყო, ასევე საექსპორტოდ გადიოდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ჩაის კულტურას საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში დიდი ეკოლოგიური დატვირთვაც გააჩნია. ჩაის პლანტაციები იცავენ ფერდობებს ეროზიული და მეწყერული მოვლენებისაგან, ამდიდრებენ და აკეთილშობილებენ ნიადაგს და მიკროკლიმატს.
უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი სტიქიურად განადგურდა, ახლო წარსულში ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდა იმპორტიორი, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავს ჩაის პროდუქციაზე საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
ამ ფონზე საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნილება ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ჩაის პროდუქციაზე, რისთვისაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ფერმერულ და გლეხურ მეურნეობაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციასთან ერთად, ახალი პლანტაციების გაშენება მაღალპროდუქტიული სელექციური ჯიშებითა და კლონებით.
#სოფლისმეურნეობა #ციფრულისოფელი #ჩაი #agriculture
14