ჩეჩნეთის უნივერსიტეტი 74 მლნ რუბლს დახარჯავს სტუდენტების სამხედრო მომზადებაზე

0
გროზნოში მდებარე ჩეჩნეთის ახმატ კადიროვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 74 მილიონი რუბლის (908 ათასი აშშ დოლარი) აღჭურვილობას შეისყიდის უნივერსიტეტის სამხედრო სასწავლო ცენტრისთვის. კერძოდ, საუბარია ცეცხლსასროლ იარაღზე, ახლო ბრძოლისათვის განკუთვნილ საშუალებებსა და ჯავშანტექნიკის სიმულატორზე. ამ ინფორმაციას გამოცემა Kavkaz.Realii ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა რამდენიმე სასწავლო კაბინეტი უნდა აღჭურვოს. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთ მათგანში განთავსდება БТР-82А ჯავშანტრანსპორტიორის კომპიუტერული სიმულატორი - „მაქიმალურად მსგავსი რეალური ვითარებისა“. ასევე მოეწყობა დრონების ოპერატორების მომზადების კაბინეტი და რადიაციული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დაცვის სასწავლო კომპლექსი. უნივერსიტეტი ასევე შეიძენს  კალაშნიკოვის ავტომატების, დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანების, იარიგინის და მაკაროვის პისტოლეტების, ხელყუმბარების (РПГ-7) სასწავლო მაკეტებს, სამხედრო ტოპოგრაფიის პროგრამულ-აპარატურულ კომპლექსსა და მულტიმედიურ სამიზნეებს. 2022 წლის დეკემბერში გროზნოს უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ აპირებს სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნას, სადაც უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად სტუდენტები სამხედრო სპეციალობებსაც შეისწავლიან. მთლიანობაში, რუსეთი უნივერსიტეტების ბაზაზე 120 ასეთი ცენტრის მოწყობას გეგმავს. რუსეთში სამხედრო მომზადების ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის არმიაში გაწვრთნილი სამხედროების მწვავე დეფიციტისა და უკრაინაში ცოცხალი ძალის მასტაბური დანაკარგების ფონზე.
0