ხალხის ხმა ცვლის

13
ამბავი შორეულ წარსულში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როცა ქრისტე დედამიწაზე დაბადებული არ იყო ანუ წინარე ისტორიულ ხანაში... მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაშინ ხალხი ხმას...

გილგამეში - „დიდია კაცზე“ , „რომელმან სიღრმე იხილა“... თუმცა, მოდი პირდაპირ ვთქვათ განა ჭირდებათ ღმერთ-კაცებს ეპითეტები?! გილგამეში კი სწორედ ასეთი იყო -  2/3 ღმერთი, 1/3 კი ადამიანი. მას
ჰქონდა ყველაფრის უფლება - მათ შორის მამასთან შვილის არ გაშვების, ქალებთან პირველი ღამით სარგებლობის და ა.შ. თუ სტრიქონებს კვალდაკვალ მივყვებით, ეს ამბავი ემოციურად უფრო ახლო გახდება -
„არ უშვებს გილგამეში ძეს მამასთან,
დღედაღამე მძვინვარებს მისი სიამაყე,
გალავნიანი ურუქის მწყემსია გილგამეში...
არ უშვებს გილგამეში ქალწულს დედასთან...“
მისი შეუზღუდავი უფლებებით დაღლილი საზოგადოება მიდის ქალღმერთ არურუსთან და თხოვს მას, შექმნას გილგამეშის საპირწონე ძალა, რომელიც მას დააბალნსებს. დასკვნა მარტივია, ძალა, რომელიც კოსმიურ წესრიგში არაა დამანგრეველია. „არურუ შესაძახეს ხმამაღლა - შენ შეჰქმენი კაცი; ახლა შეჰქმენ მისი ორეული...“... ამ ამბის გაგრძელება ძალიან საინტერესოა, თუმცა ამ სიამოვნებას სხვა დროისთვის გადავდებ. დღეს კი ეს ამბავი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, მოვყვევი რომ თქვენთვის მენახებინა - ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში შექმნილი კაცობრიობის პირველი ეპოსი გვაძლევს მაგალითს ხალხის ჩართულობისა და რატომაც არ შეიძლება მათი ეს გამბედაობა, ხმამაღალი შეძახილი, კატეგორიული მოთხოვნა თანამედროვეობის სამოქალაქო საზოგადოებას  შევადაროთ?! სინამდვილეში ხომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. რომ არა ხალხის მოთხოვნა, გილგამეშის ძალა გაუწონასწორებელი დარჩებოდა, რომ არა ხალხის ჩართულობა ალბათ არც ეს ეპოსი იარსებებდა ამ სახით და ვერც გილგამეში მიაგნებდა მოკვდავობაში ჩამალულ უკვდავებას.
და დღეს მე თქვენ გეკითხებით, ვინ შეიძლება იყოს ნახევრად ღმერთზე დიდი ? ვინ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც ჩვენი ხმის გადაფრვა ეპატიება? ვინ შეიძლება იყოს იმდენად ჭკვიანი ამ სამყაროში, რომ მთელი ძალა მას მივანდოთ, გულზე ხელები დავიკრიფოთ და მან გადაგვიწყვიტოს რა ვიფიქროთ, რა ჩავიცვათ, ვინ გვიყვარდეს, რა გვინდოდეს...? ჭეშმარიტად არავინ!
 
და თუ დღეს ძალა კოსმიურ წესრიგში არაა და თუ დღესაც ვიღაც ჩვენი უფლებების მოპარვას ცდილობს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი ჩვენი კუთვნილი ხმის უფლება გვაქვს! ეს ხმა მაღალია! ეს ხმა ცვლის! სამოქალაქო საზოგადოება ძალაა და ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ასეთ ძალებს სამყაროს შეცვლა და თავისუფლების იდეის გარადჩენა შეუძლია!
არ გაჩერდე!
იმოქმედე!

თავისუფლებისთვის!

მშვიდობისთვის!
ერთიანობისთვის!
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას!

დიდება გმირებს!


13