ხანდახან ძალიან მჭირდება ვკითხო - " ამაზე რას იფიქრებდი? "

13
პირველად, ფიდსის შესახებ 15 წლის ასაკში გავიგე, მგონი უფრო ადრეც იყო. 
ეს ის პერიოდი იყო, ოთახიდან რომ არ გამოვდიოდი და მთელ დღეს კოდის წერას რომ ვუთმობდი.
სქროლვისას გამომიჩნდა პოსტი სადაც მოკლედ იყო ახსნილი როგორ მუშაობდა ფიდსი. თვალები გამინათდა და მაშინვე გადმოვწერე.
"ქართული სოციალური ქსელი" - სწორედ ეს სიტყვები გახდა მიზეზი რისგამოც ძალიან ჩამითრია.
დავიწყე პოსტების დადება, აქტიურობა. მალევე აღმოვაჩინე ნიკო, რომელიც სულ ჩანდა პლატფორმაზე და მარტივი მისახვედრი იყო რომ მისი შექმნილი იყო.
ეს იყო და... ნიკოსთან პირველი შეტყობინება გავაგზავნე. დავუსქრინე რა ხარვეზიც ჰქონდა აპლიკაციას. როგორც მახსოვს მეორე დღესვე მომწერა და მადლობა მითხრა ინფორმაციისთვის.
ამ დროს ჩემი სახე და ემოციები უნდა დაგენახათ. შეტყობინებაზე მიპასუხა ნიკომ რომელიც ასეთ პლატფორმას ქმნიდა. თითქოს რაღაც მიუღწეველს მივწვდი და უკუკავშირიც მივიღე.
ეს იყო კიდევ ერთი ბიძგი იმის რომ უფრო გამეგრძელებინა ფიდსის გამოყენება. თან ეს უფრო მეტ შეტყობინებას უდრიდა ნიკოსთან.
არ ვიცი ჩემზე რას ფიქრობდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემგან როგორ ჩანდა, უფროსწორად გვიან გავიაზრე ეს - ყოველ დღე უამრავ შეტყობინებას ვუგზავნიდი ბაგების და კითხვების შესახებ. მეგონა საერთოდ წამშლიდა პლატფორმიდან, იმდენს ვწერდი. მაგრამ არა, კიარ მშლიდა - მადლობებს მიხდიდა და უფრო მეტს მწერდა. არ ვიცი ეს როგორ აღვწერო, მაგრამ იმ პერიოდში ჩემი ჩაკეტილობის მიუხედავად ბედნიერი ვიყავი და ამ ბედნიერების მიზეზი ნიკო იყო. თითქოს მისიას ვასრულებდი მიწერით და მისგან პასუხის მიღება დღის მიღწევა იყო.
მოკლედ, ასე "ვუჭამდი ტვინს". არც ერთხელ დავუტოვებივარ უპასუხოდ.
მახსოვს, შემომთავაზა რომ ოფისში მივსულიყავი და გუნდთან ერთად მეტი საკითხი გამევლო. ნეტა შემძლებოდა... მაშინ სოფელში ვცხოვრობდი... ოთახის გარეთ ვერსად გავდიოდი, ვერავინ მიგებდა ჩემივე გარემოში... ძალიან მჭირდებოდა სწორი ადამიანები.
ის დღე არასდროს დამავიწყდება, რომ მომწერა და მითხრა რომ შენთვის ვაკანსია მაქვსო. ჯერ მოწერა მიხაროდა, წარმოიდგინეთ შემოთავაზებაზე რა მომივიდა... Feedc Edu-ზე ლაივ ჩათი იყო რომელშიც ყოველდღიურად ათიათასობით შეტყობინება შემოდიოდა, მეც მანდ ვმუშაობდი. პირველი ხელფასიც მაშინ ავიღე.
ორი წლის წინ - ფიდსიში გაცნობილ მეგობართან ერთად სოციალური ქსელის შენება დავიწყე. ეს იყო ჩემი საუკეთესო გამოცდილება. პროცესშიც მივხვდი როგორი რთული ეტაპები ჰქონდა გავლილი ნიკოს.
ვაპირებდი მისვლას, კითხვების დასმას, უამრავ საუბარს. ეს რომ გავიაზრე, სწორედ იმ კვირას მოხდა ნიკოს ამბავი.
ნეტავ შემეძლოს ვკითხო, ამაზე რას იფიქრებდი? პირადად ნახვაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ დიდი გამოცდილება დამიტოვა.
მე თუ ოდესმე რამე გამომივა, ამ ყველაფრის საწყისი ნიკოა.
13