ხის პირველი სატელიტი, რომელიც იაპონიამ შექმნა, წელს გაეშვება

6
ეკოლოგიურად სუფთა მასალები და ტრადიციული ტექნოლოგიები ამ ხელოვნურ თანამგზავრს მართლაც უნიკალურს ხდის 🛰️
✦ იაპონელი მეცნიერების წყალობით, 2024 წლის სექტემბერში, შეიძლება მსოფლიოში ხის პირველი სატელიტის კოსმოსში გაშვების მომსწრე გავხდეთ.
წარმატების შემთხვევაში, ეს დაგვეხმარება მეტად ეკოლოგიურად სუფთა ხელოვნური თანამგზავრები ვაწარმოოთ და განვათავსოთ ორბიტაზე.
IFLScience-ს ცნობით, ეს უკანასკნელი მისია ემსახურება ტრადიციული სატელიტების მიერ წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას - როდესაც ექსპლუატაციიდან გამოსული სატელიტები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან და იწვებიან, ლითონის მასალები გამოყოფენ მავნე ნაწილაკებს.
კუბის ფორმის პატარა სატელიტი, რომელიც დამზადებულია მაგნოლიის ტიპის ხისგან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მივა, საიდანაც შემდეგ განათავსებენ დედამიწის დაბალ ორბიტაზე.
მასალა შეარჩიეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ISS-ზე სხვადასხვა ტიპის ხის 240-დღიანი ტესტირება დასრულდა.
მიზანი გახლავთ ალუმინის ჩანაცვლება ხით, რაც ეკოლოგიურად სუფთა მიდგომაა, რადგან სატელიტები უფრო ადვილად დაიწვებიან დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას.
ბოლო წლების განმავლობაში, კოსმოსური ნაგვის რაოდენობა სულ უფრო გაიზარდა, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც კოსმოსში არსებული სტრატეგიული ობიექტებისთვის, ასევე დედამიწაზე ადამიანებისთვის.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ფლორიდაში, კერძო საკუთრებას "აი-ეს-ესიდან" მომავალი ტექნოლოგიური ნაგვის ნაწილი დაეცა, რამაც სახლის სახურავში გავლით იატაკი დააზიანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე, SpaceX-ის რაკეტის ნაწილი დაეცა კანადელი ფერმერის მინდორში. იხილეთ დეტალურად აქ.
სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება ხე, როგორც ძირითადი მასალა მომავლის ტექნოლოგიებში, რომლებიც კოსმოსისთვის დამზადდება.
IMAGE: KOJI MURATA / KYOTO UNIVERSITY
6