ჯეიმს ვებმა დედამიწიდან 6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კვაზარი გადაიღო

2
აინშტაინი ისევ მართალი აღმოჩნდა 🙂
✦ კვაზარები შორეული გალაქტიკების სუპერმნათობი და ენერგიული ცენტრები გახლავთ, რომლებიც საზრდოობენ სუპერმასიური შავი ხვრელებით.
ისინი სამყაროს ყველაზე მძლავრ ობიექტებს შორის არიან და ასობით მილიარდი ვარსკვლავის ექვივალენტურ ენერგიას ასხივებენ.
ამ კონკრეტულ სურათზე გამოსახული კვაზარი გახლავთ RX J1131-1231, რომელიც ფიალის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
სურათი ჯეიმს ვების ტელესკოპმა - ყველაზე მძლავრი ტელესკოპი, რომელიც ოდესმე გაგვიშვია კოსმოსში - გრავიტაციული ლინზირების გამოყენებით გადაიღო.
გრავიტაციული ლინზირება გახლავთ ფენომენი, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიით და სივრცე-დროის კონტინუუმით.
ეს ფენომენი ხსნის, თუ როგორ გარდატყდება და ძლიერდება შორეული ობიექტის სინათლე მასიური ობიექტის (როგორებიც არიან გალაქტიკათა გროვები ან შავი ხვრელები) გრავიტაციული ველით, როდესაც ის გადაადგილდება დამკვირვებლისკენ.
ეს ეფექტი საკმაოდ გამოსადეგია ასტრონომებისთვის, რადგან გვეხმარება შორეული ციური ობიექტების გადიდებაში, რომლებიც სხვაგვარად ზედმეტად ბუნდოვანი იქნებოდნენ დაკვირვებისთვის.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ეფექტი ასევე ამახინჯებს, აორმაგებს ან რგოლებს უქმნის ფონურ ობიექტებს.
მაგალითად, ამ ახალ სურათზე ვხედავთ სამ ძალიან ნათელ წერტილს, სინამდვილეში კი უნდა იყოს ერთი, რადგან კვაზარი ერთია, მაგრამ დუბლირებულია გრავიტაციული ლინზირებით.
კვაზარებიდან რენტგენული სხივების გამოსხივებაზე დაკვირვებამ შეიძლება გვითხრას მათი ცენტრალური შავი ხვრელების ბრუნვის სიჩქარე და მათ ისტორიაზეც გარკვეული წარმოდგენა მოგვცეს.
როდესაც შავი ხვრელები ძირითადად იზრდებიან გალაქტიკების შეჯახების და შერწყმის ხარჯზე, ისინი აგროვებენ მასალას თავიანთ დისკოზე, რაც იწვევს მათ სწრაფ ბრუნვას.
მეორეს მხრივ, როდესაც ისინი იზრდებიან მრავალი მცირე მოვლენის ხარჯზე, მასალა სხვადასხვა მიმართულებიდან შემოედინება და გროვდება დისკოზე, რაც იწვევს შავი ხვრელის უფრო ნელ ბრუნვას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შავი ხვრელი სინათლის სიჩქარის ნახევარზე მეტით ბრუნავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი გაიზარდა გალაქტიკების შერწყმის შედეგად და არა მასალის სხვადასხვა მიმართულებიდან შემოდინებით.
კვაზარების შესწავლა ასევე გვეხმარება ბნელი მატერიის, მატერიის გაუგებარი და უხილავი ფორმის - რომელიც სამყაროს მასის უმეტეს ნაწილს შეადგენს - შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.
 
მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.  | IMAGE: ESA/Webb, NASA & CSA, A. Nierenberg

2