ჯუბა ღებელი

5
   ჯუმბერ გოგრიჭიანი ზოგისათვის ცნობილი პოეტია, ზოგისათვის - არა. ის ღებში დაიბადა და საზოგადოება მას ფსევდონიმით, ჯუბა ღებელით იცნობს. ის პოეტობასთან ერთად თარგმნის წიგნებს (თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, გუმილიოვის პოეტური ნაწარმოებები). მიღებული აქვს სპეციალური სარეჟისორო განათლება და რამდენიმე წელი მუშაობდა საზოგადოებრივ არხზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურული გადაცემის შექმნაში.
         -პირველად როდის თქვით, მე ვარ პოეტი?
          -პოეზია უფრო დიდი საკრალური რამეა, ვიდრე ლექსის წერა... ლექსის წერა ყოველთვის არაა გარანტი იმისა, რომ მწერალი პოეტად მოვიხსენიოთ...პოეტი ცასა და მიწას შუა, ღრუბელივით მოფრიალე განწყობილებაა, ხან წვიმასავით, ხან თოვასავით, ხან ქარივით რომ დადის და დაბორიალობს... მე არასდროს მითქვამს ჩემს თავზე პოეტი ვართქო, ეს ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო სიტყვაა. ლექსი კი ჩემი ცხოვრების ანი და ჰოე, ჩემი სულის ვნება და ქარიზმაა!
          -თქვენც, სასიყვარულო ლექსებით დაიწყეთ წერა?
          -ბავშვობაში, ალბათ, ყველას დაუწერია ერთი სტრიქონი მაინც და ეს სტრიქონი სიყვარულზე ყოფილა. ჩემი პირველი ლექსი სამშობლოზე იყო, მეორე ლექსი სოფელზე დავწერე, რომელიც სულ მენატრებოდა და დღემდე მენატრება...შემდეგი, ბებია-ბაბუას მივუძღვენი...სიყვარულზე უკვე მერვე კლასში, პირდაპირ, პოემა დავწერე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი მომავალი მეუღლის განწყობილებაზე.
          -რა არის საჭირო თქვენთვის რომ დაწეროთ ლექსი?
-ყველაზე მთავარი შემოქმედისთვის დროა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალება. თუმცა, მე ლექსი დამიწერია ტრანსპორტში, მგზავრობისას, ღამით, დღისით და რაიმე სპეციალური გამომწვევი ფაქრტორები არ არსებობს. ხანდახან თავადაც გამკვირვებია იმ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილზე რატომ დავწერე?! ლექსი წინასწარ განსაზღვრულ იმპულსებს არ ექვემდებარება, ის სიყვარულივითაა, არ იცი სად, საიდან და როდის მოგადგება!
          -ხშირად ამბობენ, რომ პოეზიაში პატრიოტული თემები ძველმოდურია, რას ეტყოდით მათ ვინც ასე ფიქრობს და საუბრობს?
          -ეს გამოთქმა ასე ვთქვათ, მოდურ სლენგად იქცა. სხვათაშორის ევროპულ და ამერიკულ პოეზიაშიც იშვიათად შეხვდებით პატრიოტულ ლექსებს. მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ პირველი ლექსები სამშობლოზე დავწერე. თუ გადახედავთ ქართულ პოეზიას (რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო ლიტერატურის კვარცხლბეკზე დგას), მასში პატრიოტულ თემატიკას დღესაც წამყვანი პოზიცია უკავია. ლექსი რა არის - ხან წინაპართა სულის ქროლვაა, ხან სისხლით გაჟღენთილი მიწის ყივილია, ხან ცრემლად ქცეეული ზეციური წვიმაა და ასე შემდეგ. ცისა და მიწის გასაყარზე მშობლიური ნისლით „მთვრალმა“ თუ არ იარე, რაა სიცოცხლე? თუ საკვამურიდან ამოსულმა კვამლმა გული არ აგიჩქროლა, მარილი დააკლდება ლექსს. მე ისეთი პოეზია სადაც სამშობლოს სუნი არ მცემს, უმარილო მგონია!..
          -რომელ ეპოქაში ისურვებდით პოეტობას?
          -პოეტობა ჩემთვის რაღაცნაირად მაინც უფრო რაინდობასთან ასოცირდება. კონკრეტული ეპოქის თქმა ძნელია, რადგან თუ ტატოს (ნიკოლოზ ბარათაშვილის) დროს წარმოვიდგენთ, რომელიც ძალიან რომანტიული ჩანს დღევანდელი გადასახედიდან, სულაც არ იყო მე-19 საუკუნე ასეთი. არც ბესიკის და ალექსანდრე ჭავჭავაძის, „რომანტიკოსთა დრო“ იყო რომანტიული, სინამდვილეში. თუმცა, ახლანდელ დროს მაინც ძველს ვამჯობინებ და, ალბათ, მე-12 და მე-13 საუკუნეთა მიჯნას ავარჩევდი, რუსთაველისა და ქართული რენესანსის ეპოქას.
          -პოეტებად იბადებიან თუ შემდგომ ხდებიან?
          -ნიჭს ადამიანს თავიდანვე დააბერტყავს უფალი, თუმცა მისი გამოვლინების დრო ვის რა ასაკში ექნება, ისევ უფალმა იცის. „პოეტად დაბადება“ - ეს უფრო ეპატაჟური სიტყვაა. ჩვენ ბავშვებად ვიბადებით, მერე ვხდებით ვინ პოეტი, ვინ მხატვარი, ვინ მეცნიერი და ასე შემდეგ.
          -როგორია თქვენი გეგმები, ახალ კრებულთან დაკავშირებით?
          -სულ ახლახანს ჩატარდა კინოს სახლში ჩემი მე-7 წიგნის წარდგენა. ამჟამად ესპანეთში ვიმყოფები და ვმუშაობ ახალ წიგნზე. მოგეხსენებათ, 13 სექტემბერს 400 წელი სრულდება ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი დასასრულიდან და საცაა დავამთავრებ ამ ძვირფასი წმინდანისადმი მიძღვნილ პოემას.
-როგორც ჩემთვის ცნობილია, პროფესიით რეჟისორი ხართ, რას გადაიღებდით საქართველოში?
          -მე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ვიმუშავე თითქმის იმ დროს გამომავალი რესპუბლიკის ყველა პერიოდულ პრესაში და საინფორმაციო სააგენტოებში. რეჟისურა ჩემი მეორე პროფესიაა, რამდენიმე სატელევიზიო ფილმი მაქვს გადაღებული, მათ შორის „3 კბმ. მიწა“, რომელმაც იმ დროს დიდი ხმაური გამოიწვია. საქართველო მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანაა და სულ ვფიქრობ თურქული სერიალის,  XXI საუკუნის მსგავსი კინო გადავიღოთ ჩვენც, ეს არა მარტო კინო, არამედ მრავალსერიანი რეკლამაა, რომლითაც სხვანაირად გაიცნო საზოგადოებამ თურქეთი. აი, ზუსტად, ასეთ ფილმს გადავიღებდი!
          -და ბოლოს, ერთი რჩევა რომელსაც დამწყებ პოეტებსა და მწერლებს მისცემდით?
          -პოეზია არ მგონია ისეთი ფუფუნების საგანი იყოს, სადაც რაიმე რჩევის მიცემა შეიძლება. ყველაზე მთავარი - სიტყვაა.  და კიდევ, ხშირად ხდება როცა ავტორი რითმის გამო სრულიად შეუსაბამო სიტყვას ჩასვამს ხოლმე, ამას სჯობს რითმა დაირღვეს, ვიდრე შინაარსი დაზარალდეს. სიტყვისადმი და ენისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას ვურჩევდი.
5