თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა

Tbilisi Daily

საქართველოში დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია „ბირდთან“ თანამშრომლობით შეიმუშავა. ეკომეგობრული ელექტროსკუტერის გაზიარების სერვისი თავდაპირველად, თბილისსა და ბათუმში იმოქმედებს. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს. ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი – www.scroll.eco, სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე აუცილებელია მომხმარებლისთვისაც. ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი. #ელექტროსკუტერები #თბილისისმერია #კახაკალაძე #tbilisidaily